Home » საზოგადოება » „ესკოს მოქმედება ეკონომიკის სამინისტროს აზიანებს“ – გიორგი კაპანაძე

„ესკოს მოქმედება ეკონომიკის სამინისტროს აზიანებს“ – გიორგი კაპანაძე

„ესკომ“ ერთგვარი აბსურდული ვითარება შექმნა, როცა გაასაიდუმლოა იმ სახის ინფორმაცია (საუბარია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების ჩაშლილი სახით გასაჯაროებაზე), რომლის გასაიდუმლოებაც მისთვის ამ ინფორმაციის მიმწოდებლებს არ მოუთხოვიათ. ამით თავი გაუგებარ და უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო და პასუხგაუცემელი კითხვები კიდევ უფრო გაამძაფრა“. – ამის შესახებ ახალგაზრდა ფინანსისტთა დ აბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ რადიო კომერსანტის გადაცემაში „კომერსატ LIVE“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, აფბამ ესკოს სთხოვა, მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა ტარიფებით ხდებოდა ელექტროენერგიის შესყიდვა 2016-2021 წლებში. ჩვენ ვითხოვთ ჩაშლილ ტარიფებს, ანუ დღის/ღამის და უქმეების ტარიფებს, რომ ანალიზის საშუალება მოგვეცეს და არა შეწონილ ფასს, რასაც ესკო აქვეყნებს. ესკომ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, – ამას იმიტომ ვამბობ, რომ პასუხიც კი დაგვიგვიანა, მოიწერა, რომ ვერ მოგვაწვდიდა ამ ინფორმაციას, რადგან, თურმე ეს ყოფილა კონფიდენციალური. და აი აქ არის ზუსტად აბსურდში შესული ესკო – კანონი განსაზღვრავს, რა შემთხვევაშია ეს ინფორმაცია კონფიდენციალური – კერძოდ – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოთხოვნით მას მიმართავს იმპორტიორი.

ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი ინფორმაციით მისთვის ამ წლებში არ მიუმართავთ არც ერთ იმპორტიორს, არც აზერბაიჯანიდან, არც თურქეთიდან, არც რუსეთიდან და არც სომხეთიდან. შესაბამისად, რა გამოდის – ესკო მალავს ინფორმაციას, რომლის გასაიდუმლოებასაც თავად იმპორტიორები არ სთხოვენ მას? – რატომ? – ეს აუხსნელი თუ არა, მინიმუმ გაუგებარია. უფრო მეტიც, – 2021 წლის თებერვალში შესყიდულ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით მოხდა საერთოდ, შეიძლება ითქვას, სასაცილო რამ. – თებერვლის თვეში ერთადერთმა იმპორტიორმა კომპანია „ელგრინმა“ თავად გაასაჯაროვა საკუთარი ტარიფები და განაცხადა, რომ მომავალშიც ასე მოიცევა. ესკომ ეს ინფორმაციაც კი არ მოგვაწოდა, რომელიც უკვე ისედაც საჯარო იყო. ამ ფაქტის შემდეგ, ძალიან, ძალიან რბილად მხოლოდ იმის აღნიშვნა შეგვიძლია, რომ ესკოს მეტი გამჭვირვალობა მოეთხოვება“, – აღნიშნა კაპანაძემ.

მისი თქმით, როგორც ბევრ სექტორში, ენერგეტიკაშიც მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის საზოგადოებასთან ანგარიშვალებულებისა და კომუნიკაციის ხარისხი. „ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ ესკო გადახედავს მის პოლიტიკას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და ჩვენს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას დაწვრილებით მოგვაწვდის. ამ იმედს გვიმყარებს, ეკონომიკის მინისტრის, ქალბატონ ნათია თურნავას ბოლოდროინდელი განცხადებები, როცა ის აღნიშნავდა, რომ იგივე “ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პრობლემა, მათ შორის, არასათანადო კომუნიკაციის დამსახურებაცაა. იმედია, სამინისტროს მიდგომა უახლოეს პერიოდში ესკოს გამჭვირვალობის პოლიტიკაზეც აისახება, რათა ესკოს მოქმედებებმა სამინისტროს ხელმძღვანელის გაცხადებული პოზიციები არ დააზიანოს,“ – განაცხადა აფბას პრეზიდენტმა.

წყარო: commersant.ge

Share