Home » საზოგადოება » „ესკოს“ მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების სრულად გამოქვეყნება, ბაზარზე გამჭვირვალობის პროცესს შეუწყობს ხელს“

„ესკოს“ მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების სრულად გამოქვეყნება, ბაზარზე გამჭვირვალობის პროცესს შეუწყობს ხელს“

„რაც უფრო ტრანსპარენტულია ინფორმაცია, მით უფრო ნაკლებია ბიუროკრატიული საფრთხე თუ კორუფციული რისკები“, – ამის შესახებ, ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ Pia.ge-სთან საუბარში განაცხადა.

არჩვაძემ აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტია პირველად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, მით უკეთესი პირობებია ანალიზისთვის.

მისი განმარტებით, ცხადია, რომ ჩვენ დაახლოებით, 3-ჯერ მეტი ელექტროენერგია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს.

„ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ იმპორტირებული კილოვატ/საათის ღირებულება გაცილებით ძვირია, ვიდრე ექსპორტირებულისა. ამის გამო ვზარალობთ. ამას დავამატოთ, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ნახევარი და ხშირად მასზე მეტი არაკონტროლირებად ტერიტორიას, დე ფაქტო აფხაზეთს მიეწოდება და 1993 წლის შემდეგ აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგიის ჯამური ღირებულება საბაზრო ფასებით რომ დავთვალოთ, თითქმის იმდენივეა, რაც მაგალითად სჭირდება ნამახვანჰესის აშენებას“, – აღნიშნა არჩვაძემ.

მისი თქმით, ზოგადად, ელექტროენერგიის იმპორტი კონკურენციის საფუძველზე ხდება და დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილმდებარეობას, წელიწადის თუ დღე-ღამის დროს, ელექტროენერგიის წარმომავლობას (თბოსადგურიდან არის, თუ ელექტროსადგურიდან) და სხვა ფაქტორებს.

„მთლიანობაში, როგორც აღვნიშნე, „ესკოს“ მიერ საანგარიშო პერიოდების მიხედვით იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასები დღის, ღამის და უქმე დღეების ჭრილში გასაჯაროება, ხელს შეუწყობს გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას ამ ბაზარზე“, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

Share