Home » საზოგადოება » „ესკოს“ მიერ გამოქვეყნებული იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფები რეალური სურათის დანახვის საშუალებას არ იძლევა“

„ესკოს“ მიერ გამოქვეყნებული იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფები რეალური სურათის დანახვის საშუალებას არ იძლევა“

“საზოგადოებაში, ექსპერტთა და ანალიტიკოსთ წრეებში, მედიაში, ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, თუ რომელი ქვეყნებიდან და რა ფასად ვყიდულობთ ენერგიას. ვიხდით თუ არა საუკეთესო ფასს ამ პროდუქტში დროის ამა თუ იმ კონკრეტულ პერიოდთან მიმართებით“, – ამის თაობაზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ „ბიზნეს მედიის“ ტელეპროგრამა „საქმიან დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

აფბამ რამდენიმე დღის წინ „ესკოს“ (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) იმპორტირებული ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციის იმ წესით გასაჯაროების მოთხოვნით, რა წესითაც „ესკო“ არჩევს  იმპორტიორ კომპანიას.

მისი თქმით, ეს კითხვები საერთოდ არ იარსებებდა, „ესკო“ მონაცემებს იმ პრინციპით რომ აქვეყნებდეს, რა პრინციპითაც ახდენს ელექტროენერგიის იმპორტიორი კომპანიის შერჩევას.

„საქმე ის არის, რომ „ესკო“ იმპორტიორ კომპანიას არჩევს საკონტრაქტო ფასის საუკეთესო შეთავაზების პრინციპით. საკონტრაქტო ფასი კი შედგება სამი კომპონენტისგან. ესაა დღის (პიკური 14 საათი), ღამის და უქმე დღეების ტარიფი. თვიურ ჭრილში მონაცემებს კი საშუალო შეწონილი ტარიფის მიხედვით აქვეყნებს და ამით პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პროცესზე სრულფასოვან დაკვირვებას და შემდგომ ანალიზს.

მიჩნდება ლეგიტიმური კითხვა – რეალურად „ესკო“ ხომ იმპორტიორ კომპანიას ირჩევს სწორედ იმ მონაცემების (დღის/ღამის/დასვენების დღეების ფასი) საფუძველზე ირჩევს, რომლის გასაჯაროებასაც ჩვენ ვითხოვთ და შემდეგ ამ მონაცემების გამოქვეყნების ნაცვლად რატომ ახდენს მის ტრანსფორმაციას და აქვეყნებს საშუალო შეწონილ ტარიფს, რომელიც საერთოდ არაფრის მომცემი ინფორმაციაა“,- აღნიშნა კაპანაძემ.

„ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია გასული რამდენიმე წლის ჭრილში შესყიდული ელექტროენერგიის შესახებ. რა თქმა უნდა, სწორედ ჩაშლილი პრინციპით. ამ წესით მოწოდებული ინფორმაციის გაანალიზება ჩვენ მოგვცემს საშუალებას, საზოგადოებას ვუთხრათ, ელექტროენერგიის იმპორტისას ჰქონდა თუ არა გასულ წლებში ადგილი რაიმე მანიპულაციას და გადასახადის გადამხდელთა ინტერესების საზინო გადაწყვეტილების მიღებას. იმედი გვაქვს, „ესკო“ კანონით დადგენილ ვადაში მოგვაწვდის გამოთხოვილ ინფორმაციას“, – აღნიშნა კაპანაძემ.

მისი თქმით,  ესკოს მიერ გამოქვეყნებულ საშუალო შეწონილ ტარიფს თუ ვნახავთ, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ  ერთი ქვეყნიდან უფრო იაფი იყო ელექტროენერგიის იმპორტი, ვიდრე მეორიდან, თუმცა თუ დღის/ღამის და უქმე დღეების ტარიფს ჩავხედავთ, გამოჩნდება, რომ რეალობა აბსოლუტურად განსხვავებულია.

„აფბაში“ მიგვაჩნია, რომ ჩაშლილი ტარიფის გამოქვეყნების წესად ქცევა ამ ერთგვარი უზუსტობებს გამოასწორებს. უზუსტობებისა, რაც, სხვათა შორის, არაერთხელ გამხდარა მანიპულირების საგანი სხვადასხვა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის  მხრიდან“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმედი აქვს, „ესკო“ თავს არ აარიდებს მოთხოვნილი ინფორმაციის გამოქვეყნებას და კანონით განსაზღვრულ ვადაში მიაწვდის ორგანიზაციას ამ მონაცემებს.

„სხვა შემთხვევაში, ჩვენ მოგვიხდება იგივე მოთხოვნით პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტისადმი მიმართვა (ამ უკანასკნელის მიმართ არის „ესკო“ სწორედ ანგარიშვალდებული) და ამ საკითხის გარშემო პარლამენტის შესაბამის კომიტეტში საჯარო მოსმენის ჩანიშვნის თხოვნა“, – განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა.

Share