Home » საზოგადოება » „ესკომ“ უნდა დაიწყოს, იმპორტირებული ელექტროენერგიის დღის, ღამის და უქმე დღეების ჩაშლილი მონაცემების გამოქვეყნება“

„ესკომ“ უნდა დაიწყოს, იმპორტირებული ელექტროენერგიის დღის, ღამის და უქმე დღეების ჩაშლილი მონაცემების გამოქვეყნება“

„უახლოეს პერსპექტივაში გარდაუვალია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა. შესაბამისად, რადგანაც ჩვენ გვიხდება და კიდევ კარგა ხანს მოგვიხდება ელექტროენერგიის დეფიციტის იმპორტით დაბალანსება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის, თუ წლის რომელ სეზონზე, დღე-ღამის რომელ მონაკვეთში, ასევე უქმე დღეებში, რომელი ქვეყნებიდან და რა ფასად ვყიდულობთ დენს“, – ამის თაობაზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ რადიო “კომერსანტის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ის მონაცემები, რასაც „ესკო“ (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) დღემდე აქვეყნებდა და აქვეყნებს, არის საშუალო შეწონილი ტარიფები და ანალიზისას ეს მონაცემი პრაქტიკულად არაფრისმთქმელია.

„ესკომ“ უნდა დაიწყოს რეალური მონაცემების გასაჯაროება – თუ რა ფასად და რომელი მომწოდებელი ქვეყნებიდან გვაქვს შეძენილი ელექტროენერგია სწორედ დღის (14 პიკური საათი), ღამის და უქმე დღეების მონაცემების ჩაშლით. სწორედ ამ მონაცემების შეჯერებით ხდება ე.წ. საკონტრაქტო ფასის დადგენა და დროის ამა თუ იმ მონაკვეთში საუკეთესო შეთავაზების მქონე იმპორტიორი ქვეყნის შერჩევა. ასე ყველა კითხვა მოიხსნება და არც მანიპულაციებისა და არასწორი დასკვნებისთვის დარჩება არეალი“, – მიაჩნია კაპანაძეს.

კაპანაძის განცხადებით, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ გასულ კვირას ოფიციალურად მიმართა „ესკოს“, იმპორტირებული ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციის აღნიშნული წესით გასაჯაროების მოთხოვნით.

„ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია გასული რამდენიმე წლის ჭრილში შესყიდული ელექტროენერგიის შესახებ. რა თქმა უნდა, სწორედ ჩაშლილი პრინციპით. ამ წესით მოწოდებული ინფორმაციის გაანალიზება ჩვენ მოგვცემს საშუალებას, საზოგადოებას ვუთხრათ, გასულ წლებში, ელექტროენერგიის იმპორტისას, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე მანიპულაციას და გადასახადის გადამხდელთა ინტერესების საზიანო გადაწყვეტილების მიღებას. იმედი გვაქვს, „ესკო“ კანონით დადგენილ ვადაში მოგვაწვდის გამოთხოვილ ინფორმაციას“, – აღნიშნა კაპანაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ თუ მოთხოვნილ ინფორმაციას „ესკოსგან“ დადგენილ ვადაში ვერ მიიღებენ, ამ  შემთხვევაში ორგანიზაცია უკვე აღნიშნული მოთხოვნით მიმართავს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს (რამდენადაც სწორედ პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული „ესკო“).

„მიგვაჩნია, რომ ჩვენი მოთხოვნა არის საქმიანი და პრინციპული. ელექტროენერგია არის სტრატეგიული რესურსი და საზოგადოება უფლებამოსილია იცოდეს ყველა დეტალი მის იმპორტთან დაკავშირებით. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ფული სწორად, რაციონალურად და სამართლიანად იხარჯება. აქ კიდევ ერთი საკითხია – დე ფაქტო აფხაზეთის საჭიროებისათვის რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საკითხი.

მართალია, ამ თანხას საქართველო არ იხდის და ის პირდაპირ სუფსიდირდება რუსეთიდან, მაგრამ ესკოს გაერთიანებულ მონაცემებში იგი მაინც რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ ელექტროენერგიად არის ასახული. ამ მონაცემის ჩაშლა და გამოყოფაც მოვითხოვეთ „ესკოსგან“.

პრინციპში, ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში, როგორც იმპორტის განმახორციელებელი სახელმწიფო უწყება, პირველ რიგში, სწორედ „ესკო“ უნდა იყოს დაინტერესებული. ჩემს გაკვირვებას იწვევს, საერთოდ, დღემდე რატომ არ ხდებოდა ასე ჩაშლილად ამ მონაცემების გასაჯაროება. თუმცა, ვფიქრობ. რომ ჩვენს მოთხოვნას „ესკო“ ადეკვატურად, ანუ დადებითად გამოეხმაურება“, – აღნიშნა „აფბას“ ხელმძღვანელმა რადიო „კომერსანტში“ სტუმრობისას.

Share