Home » ეკონომიკა » „ეს პირდაპირ სიღარიბისკენ მიმავალი გზაა, რომელიც უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს, ვიდრე პანდემიაა“

„ეს პირდაპირ სიღარიბისკენ მიმავალი გზაა, რომელიც უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს, ვიდრე პანდემიაა“

ეკატერინე ტიკარაძის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, ექსპერტები მსჯელობენ რა შედეგია მოსალოდნელი, თუკი საქართველოს მთავრობა ხელახლა დააწესებს შეზღუდვებს.

როგორც ეკონომისტი რამაზ გერლიანი აღნიშნავს, დიდი ალბათობით ეს იქნება ნახტომისებური უკუსვლა, საიდანაც გამოსვლას ეკონომიკა რეალურად ვეღარ შეძლებს.

ქვეყანა ახალ ლოქდაუნს ვერ გაუძლებს, მით უმეტეს, რომ უკვე კლებაა არათუ 2019 წლის მაჩვენებლებთან, რიგ შემთხვევაში, 2020 წლის მონაცემებთან შედარებითაც, როცა ეკონომიკა მთლიანად ჩაკეტილი იყო.

,,დამატებითი შეზღუდვები უაღრესად ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. ვერც კი შეიძლება აღვწეროთ რა პარამეტრებით დაიხევს უკან ეკონომიკა. წინა ლოქდაუნისას 300-400 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი, აქედან ბევრმა მოითხოვა და ვერ მიიღო კომპენსაცია. თუკი ისევ დაწესდება შეზღუდვები, ეს უკვე უმუშევრობის დამატებით 7-8%-ით ზრდას ნიშნავს. ცხადია, ვერ გავალთ დადებით ეკონომიკურ მაჩვენებელზე, იქნება რეცესია, მინიმუმ 5%-იანი კლება ელის ეკონომიკას.

შარშან, ამ პერიოდისთვის უკვე გაუარესებული ეკონომიკური მაჩვენებლები იყო. ახლა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეიძლება ზრდა დაფიქსირდეს, მაგრამ უკვე მეორე კვერტალში ეკონომიკა შემცირდება, შეზღუდვები უაღრესად რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს, თუ მთავრობა ასე გადაწყვეტს“, – განაცხადა ,,რეზონანსთან“ რამაზ გერლიანმა და იმედი გამოთქვა, რომ არ იქნება ისეთი მკაცრი აკრძალვები, როგორიც აქამდე იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეზღუდვით მთავრობა ადგილობრივ წარმოებას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს.

,,ლოქდაუნი ადგილობრივ წარმოებას ჩაკლავს. შარშან, როცა პირველად დაწესდა შეზღუდვები, გასაღების ბაზარი ჩაიკეტა და პროდუქტის რეალიზაცია ვერ მოხერხდა. ახლა კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ამიტომ მორიგი ლოქდაუნი ყოვლად დაუშვებელია. იმდენად გაოცებული ვარ ამ განცხადებით, რომ სხვა პერსპექტივას ვერც კი ვხედავ. კომენდანტის საათიც კი უნდა მოიხსნას, არათუ კიდევ უფრო გამკაცრდეს რეგულაციები, რომელიც საქონლისა და მომსახურების გაძვირებას და  შემოსავლების კლებას გამოიწვევს. ეს პირდაპირ სიღარიბისკენ მიმავალი გზაა, რომელიც უფრო მეტ პრობლემას გამოიწვევს, ვიდრე პანდემიაა.

ისედაც დანის პირზე გადის ეკონომიკა. საფუძველიც კი არ არსებობს მორიგი ჩაკეტვისთვის, მით უმეტეს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ვირუსი უკვე მოხდილი აქვს. არასწორია შეზღუდვებზე საუბარი მაშინ, როცა ეკონომიკა, წესით, განვითარების გზას უნდა დაადგეს“, – დასძინა ,,რეზონანსთან“ გერლიანმა.

Share