Home » საზოგადოება » ,,ეს იქნება წარმოუდგენელი პროექტი, მსგავსი რამ ქართული ფეხბურთისთვის 25 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა”
,,ეს იქნება წარმოუდგენელი საფეხბურთო პროექტი, მსგავსი რამ ქართული ფეხბურთისთვის 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა"

,,ეს იქნება წარმოუდგენელი პროექტი, მსგავსი რამ ქართული ფეხბურთისთვის 25 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა”

ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 265 მილიონი ლარი დაიხარჯება

საქართველოში ქალთა შორის საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდება

ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ გახდა. მან პრეზიდენტად არჩევისთანავე ფედერაციაში რეფორმების განხორციელება დაიწყო და საზოგადოებას საკუთარი ხედვებიც გააცნო. პრეზიდენტი კობიაშვილი ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან, კახა ცხადაძესთან, დაპირისპირებაში აღმოჩნდა. მიზეზი – ფინანსურ საკითხებზე შეუთანხმებლობა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიქმნებოდა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი. რამ გამოიწვია ცხადაძესთან დაპირისპირება, ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელი, რა ფინანსური რესურსი გააჩნია ამ ეტაპზე ფეხბურთის ფედერაციას, რას გულისხმობს საფეხბურთო კლუბების დაფინანსების ახალი მეთოდი და როგორ დაიხარჯება თანხები ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ,,ბანკები და ფინანსებს” ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესაუბრა.

– პირველ რიგში, უნდა გკითხოთ კახა ცხადაძესთან დაკავშირებით, რა იყო ამ კონფლიქტის მთავარი გამომწვევი მიზეზი, რატომ ვერ მოხერხდა სახელფასო საკითხის მოგვარება, რა იყო მთავარი პრობლემა ამ მიმართულებით და რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე?
– ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვისაუბრე და ძალიან სამწუხაროა ის შედეგი, რაც მივიღეთ. ყოველთვის ვაფიქსირებდი იმ აზრს, რომ მხარდაჭერას ვუცხადებდი კახა ცხადაძეს, მე მას გვერდში ვედექი და კარგი იქნებოდა, თუ ისიც ანალოგიური დამოკიდებულებით მიპასუხებდა.
როგორც ცნობილია, უმთავრესი პრობლემა წარმოიშვა ფინანსებთან დაკავშირებით. მე და ჩემი გუნდი ფედერაციაში მოვედით რეფორმებით. შევცვალეთ ის პრინციპები და მიდგომები, რაც არსებობდა. ბუნებრივია, ეს ცვლილებები შეეხო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელსაც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უფრო სამართლიანი და სწორია ხელშეკრულება, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული. სწორედ ეს იყო ჩვენი შეთავაზება, რაზეც, სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით. ამის გარდა, ჩვენთვის პრობლემატური იყო ის დამოკიდებულება, რომელიც მას ჰქონდა. კახა ცხადაძე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია და მისი ნეგატიური დამოკიდებულება ფეხბურთის ფედერაციის მიმართ არ არის სწორი. ყველა შეხვედრაზე მე მას ვთხოვდი, რომ ყოფილიყო თავშეკავებული, მაგრამ ესეც ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ხელფასთან დაკავშირებულ საკითხს, მე უკვე ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით. მომავალში, ვინც გახდება ნაკრების მწვრთნელი, მასთანაც ანალოგიური მოთხოვნა გვექნება. უმნიშვნელოვანესი იქნება შედეგი, რომელსაც იგი აჩვენებს და, შესაბამისად, ანაზღაურებაც ამ შედეგის ტოლფასი იქნება.

ჩვენ აღარ გვსურს მწვრთნელებს ჰქონდეთ ფიქსირებული მაღალი ანაზღაურება, ვინაიდან ამის გამოცდილება უკვე გვქონდა წინა წლებში და შედეგიც დავინახეთ. წლების განმავლობაში იხარჯებოდა უამრავი თანხა, საბოლოო ჯამში კი ნაკრები შედეგს მაინც ვერ აჩვენებდა. მიმაჩნია, რომ ის მინიმალური მოთხოვნები, რასაც ჩვენ ვაყენებთ მთავარი მწვრთნელის მიმართ, არ არის რთული შესასრულებელი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ არის მოთხოვნა, რომ ნაკრები მაინც და მაინც პირველ ადგილზე გავიდეს. ჩვენ ვაყენებთ მოთხოვნებს, არსებული რეალობიდან გამომდინარე. მიმაჩნია, რომ სწორია ეს დამოკიდებულება და თუ შედეგი იქნება, ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ შესაბამისი თანხა.

– როგორც ცნობილია, კახა ცხადაძე გადადგომას არ აპირებს, თქვენ კი განაცხადეთ, რომ იგი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვეღარ იქნება. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და ხომ არ გყავთ ამ ეტაპზე მთავარი მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატები?
– მწვრთნელი არ გადადგება, ეს არის არასწორი მიდგომა. ვინც ამას ამბობს, საერთოდ არ იცის რა ხდება ფეხბურთში. საფეხბურთო სამყაროში ხშირია შემთხვევა, როდესაც მწვრთნელს აქვს ხელშეკრულება, მაგრამ როცა წარმოიშობა უთანხმოება და მის პოზიციაზე სხვა ინიშნება. ხდება მოლაპარაკება წინა მწვრთნელთან, არსებულ კონტრაქტთან დაკავშირებით, რათა მხარეები შეთანხმდნენ და დროულად დაასრულონ ხელშეკრულება. იგივე მდგომარეობაა კახასთან დაკავშირებითაც. თუ მისი მხრიდან მზაობა არ იქნება, ეს საქმე სხვა მიმართულებით წავა. თუმცა, ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ კახასთან შეხვედრების შემდგომ, მოგვარდება სიტუაცია და მოხდება შეთანხმება.

ამ ეტაპზე ვმუშაობთ და ვეძებთ შესაბამის კანდიდატებს, რათა უახლოეს პერიოდში წარვადგინოთ ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი. კახა ცხადაძის ადგილას დაინიშნება სხვა მწვრთნელი, რომელიც შეასრულებს ამ მოვალეობას. ჯერ არ შემიძლია გითხრათ სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით. ერთადერთი, ვისთანაც მქონდა შეხვედრა, ეს იყო ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რომლისგანაც, ამ ეტაპზე, უარი მივიღე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სხვა კანდიდატთან დაკავშირებით საუბარი ჯერ არ ყოფილა.

– რა მდგომარეობა დაგხვდათ ფედერაციაში მოსვლის შემდგომ, რა ფინანსური რესურსი აქვს 2016 წლისთვის ფეხბურთის ფედერაციას, რამდენია მიმდინარე ვალი და ზოგადად, ფინანსების კუთხით, როგორი მდგომარეობაა ამ ეტაპზე ფეხბურთის ფედერაციაში?
ფეხბურთის ფედერაციაში მოსვლის დროს, ყველაზე დიდი პრობლემა რაც დაგხვდა, ეს იყო ფედერაციის სტრუქტურის გაუმართაობა. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სრულიად სხვა სტრუქტურა. წესდებაში შევიდა ცვლილებები, მოხდა ცვლილებები აღმასკომთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი მომავალშიც გაგრძელდება.

ამ ეტაპზე დავამატეთ რამდენიმე სამსახური, რომელიც აქამდე არ იყო. ფედერაციის საქმიანობა გახდება უფრო გამართული და მოქნილი. ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობენ ის ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული დავალებები და მიზნები აქვთ. აქამდე კი ეს ყველაფერი სრულიად სხვაგვარად იყო. დასაქმებულმა ხალხმა არ იცოდა რას აკეთებდა ან რატომ მუშაობდა, რაც ძალიან დიდი პრობლემა იყო.

რაც შეეხება ფინანსებს, დაგხვდა დავალიანებები. იყო პრობლემები, მშენებარე რუსთავის აკადემიასთან დაკავშირებით, თუმცა, სიტუაცია გამოსწორდა და ვიმედოვნებთ, რომ ეს მშენებლობა ზაფხულში დასრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

– უახლოეს პერიოდში ხომ არ იგეგმება ახალი სტადიონების მშენებლობა ან არსებული სტადიონებისა და საფეხბურთო ბაზების რესტავრაცია, რა მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით?
– ფეხბურთის ფედერაცია ყველა ქალაქში ვერ აშენებს სტადიონებს და ყველა კლუბს ვერ მოაწესრიგებს. შეუძლებელია საამისო რესურსის მოძიება. მსგავსი რამ არსად არ ხდება. ფეხბურთის ფედერაციის პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია ფონდის შექმნისა და დაფინანსების საკითხი. ჩვენია მიზანია, რომ საფეხბურთო კლუბები გაძლიერდეს. ეს ხელს შეუწყობს კლუბებს, რომ ჰქონდეთ გარანტირებული დაფინანსება. ეს არის ფეხბურთის ფედერაციის მიზანი. ჩვენი პოლიტიკა და მიმართულება მიდის იქით, რომ კლუბების მიერ სწორედ მოხდეს თანხების მოხმარება და ეს ფული არ მიდიოდეს მხლოდო სახელფასო ფონდში

– უფრო კონკრეტულად, რომ გვითხრათ, რას გულისხმობს კლუბების განვითარების და დაფინანსების ახალი სისტემა, რომლის დანერგვასაც თქვენ გეგმავთ და რა უპირატესობა ექნება მას არსებულთან შედარებით?
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფო 265 მილიონ ლარს გამოყოფს. ფეხბურთის ფედერაცია კი მონიტორინგს გაუწევს იმას, რომ კლუბებმა თანხები მიზანმიმართულად გამოიყენონ. თუ როგორ განაწილდება ეს თანხა, ამაზე განცხადებას უახლოეს პერიოდში გავაკეთებ. კლუბებს წინასწარ ეცოდინებათ, რომ მათ მომდევნო წლების განმავლობაში გარანტირებული ექნებათ გარკვეული თანხა. აქამდე ისე ხდებოდა, რომ კლუბები მთელი წლის განმავლობაში ელოდნენ რაღაც თანხას, რომელიც საბოლოო ჯამში ან დაუმტკიცდებოდათ ან არა. შედეგად, კლუბები გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ ვითარდებოდნენ, მათ არ იცოდნენ, რა იქნებოდა ერთი ან ორი წლის შემდეგ. ჩვენს მიერ შემუშავებული პროგრამის საშუალებით მათ ეცოდინებათ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, თუ რა თანხების მიღებას შეძლებენ. ეს კი კლუბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება, თავად საფეხბურთო კლუბებზე და მათ მენეჯერებზე. ვინც უკეთესი მენეჯერია და ვისაც უკეთესი მენეჯმენტი ეყოლება, ის მიიღებს უფრო მაღალ დაფინანსებას. ყველა კლუბის ინტერესი გახდება, რომ ბევრი თამაში მოიგოს, დააგროვოს ქულები და შესაბამისი დაფინანსებაც მიიღოს. ამავდროულად, თუ კლუბის წარმომადგენელი კერძო სექტორიდან დამატებით მოიძიებს თანხებს, ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს კლუბს. აქამდე დაფინანსებას იღებდნენ მხოლოდ მუნიციპალიტეტის გუნდები, ამ შემთხვევაში კი ეს სისტემა ეხება ყველას. ამ ფონდის მეშვეობით, უფრო საინტერესო გახდება მუშაობა.

საბოლოო ჯამში, როგორ შეიცვლება სიტუაცია მომდევნო წლებში, ამას დრო გვიჩვენებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ გაიზრდება დაინტერესება ფეხბურთის მიმართ და გაჩნდება უფრო მეტი კერძო გუნდი.

– რამდენად სწორია 16 გუნდიანი ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ხომ არ არის საჭირო მისი შეცვლა, რის შესახებაც ხშირად საუბრობენ და ასევე, რა მდგომარეობაა უფრო დაბალ ლიგებში და რეგიონალურ ჩემპიონატებში?
– ჩვენი მიზანი არის ის, რომ წინასწარ ვიცოდეთ, თუ რა იქნება მომდევნო წლების განმავლობაში. აქამდე, ყოველ წელს იცვლებოდა ჩემპიონატის დებულება. ხან იყო 12 გუნდიანი ჩემპიონატი, ხან კიდევ უფრო გაყოფილი, ყოველ წელს გვქონდა სხვადასხვა ფორმატი და, შესაბამისად, ჩემპიონატში იყო არასატაბილურობა. ეს კი ხელს უშლიდა ეროვნული ჩემპიონატის განვითარებას.

ამ ეტაპზე გვაქვს 16 გუნდიანი ჩემპიონატი და, ვფიქრობ, ასეც უნდა დარჩეს. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, რომ გუნდებს ჰქონდეთ შესაბამისი მომზადების დონე, თავიანთი საფეხბურთო ბაზა, რაც პრობლემატურია ამ ეტაპზე. ჩვენ აუცილებლად უნდა მივიდეთ აქამდე, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის თამაშის პროცესს. დღევანდელ სიტუაციაში კი მნიშვნელოვან შედეგზე რთულია საუბარი. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და იდეები, რომლის განხორციელების შემთხვევაში, მჯერა, რომ შედეგიც გვექნება. ჩვენი რეფორმები შეეხება არამარტო ეროვნული ჩემპიონატს, არამედ ქვედა ლიგებს, რეგიონალურ და ბავშვთა ჩემპიონატებს. ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვას დავიწყებთ ბავშვთა ფეხბურთიდან და მათ განვითარებას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს.

იგეგმება სკოლებისა და ფუტზალის ჩემპიონატების ჩატარება. და რაც ყველაზე მთავარია, წელს საქართველოში გაიმართება ქალთა შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. ქალთა ჩემპიონატის საბოლოო ფორმატი და გუნდების რაოდენობა დაახლოებით უკვე ვიცით. ამ საკითხთან დაკავშირებით, უეფას წარმომადგენლები ორჯერ იყვნენ ჩამოსული საქართველოში. მათთან ერთად გავიარეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ვვარაუდობთ, რომ მარტში ან აპრილში ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყება. პოზიტიური გაკვირვება გამოიწვია ჩემში იმ ფაქტმა, რომ მოთხოვნა ძალიან მაღალია. ბევრმა გუნდმა გამოთქვა ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების სურვილი და მათ სათანადო მოთამაშეების რესურსიც გააჩნიათ.

– რა მდგომარეობაა ბავშვთა ფეხბურთში და რა პრობლემები არსებობს ამ მიმართულებით. ბოლო პერიოდში, რატომ ხდება, რომ საქართველოს ასაკობრივი ნაკრები, როგორც წესი, აღწევენ წარმატებას, თუმცა შემდეგ, უკვე ამ ბავშვებს უჭირთ განვითარება და პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბება?
– პირველ რიგში, ძირითადად პრობლემა არის ის, რომ ეროვნული ჩემპიონატი არის სუსტი. ამავდროულად, ქართველი ფეხბურთელები ძლიერები არიან რაღაც კონკრეტულ ასაკამდე, შემდეგ კი უჭირთ განვითარება.

იმ პერიოდში, როდესაც მე წავედი უცხოეთში ფეხბურთის სათამაშოდ, ეს ყველაფერი უფრო მარტივი იყო. დღესდღეობით, უცხოეთში წასვლა ისე ადვილი აღარ არის. ადრე, ევროპის ქვეყნებში აქცენტი გაკეთებული იყო ახალგაზრდებზე, მათ შორის უცხოელებზეც. ახლა კი მათ დაიწყეს თავიანთი რესურსის გაძლიერება. ევროპული გუნდები ძირითადად ცდილობენ, რომ გუნდი თავიანთი ქვეყნის ახალგაზრდა ფეხბურთელებით დააკომპლექტონ და ისინი განავითარონ. ასევე, პრობლემა ისიც, რომ ბავშვები პატარა ასაკიდანვე არასწორად იზრდებან. ისინი 15-17 წლამდე თავიანთი ნიჭის ხარჯზე თამაშობენ და ახერხებენ კონკურენცია გაუწიონ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება უკვე პროფესიონალურ დონეზე, იქ თავს იჩენს პრობლემები. ისინი იქამდე მიდიან ნიჭის ხარჯზე, მაგრამ შემდგომ აღარ ჰყოფნით პროფესიონალიზმი.

– და ბოლოს, გარდა იმ საკითხებისა, რაზეც ვისაუბრეთ, რა უმთავრესი მიზნები და გეგმები გაქვთ უახლოეს პერიოდში?
– ჩვენი მთავარი მიზანია ფეხბურთის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე მზად გვაქვს. ველოდებით მის დამტკიცებას და უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ საზოგადოებას. მთლიანობაში, ფონდის განკარგულებაში იქნება 265 მილიონი ლარი, რომელიც 5 წლის განმავლობაში დაიხარჯება. ეს იქნება წარმოუდგენელი პროექტი, მსგავსი რამ ქართული ფეხბურთისთვის 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა. თუმცა, ბუნებრივია, არც მხოლოდ ამით არ დამთავრდება ყველაფერი.
ეს იქნება ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც შემდგომ მოჰყვება სხვადასხვა რეფორმები და პროექტები.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე

Share