Home » ფინანსები » ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის მოსახლეობა ორ ცეცხლს შუა მოაქცია – ფასების შემცირებას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ

ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის მოსახლეობა ორ ცეცხლს შუა მოაქცია – ფასების შემცირებას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ

საქართველოსთვისაც გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. ნოემბერში წლიური ინფლაცია მცირედით, 12.5 პროცენტამდე შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი ნოემბრის წლიურ ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტს უტოლდება.

ინფლაციის მოსათოკად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენს. ამ გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე 169 700 მომხმარებელს  საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება.

სების პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო თვეებში ისევ (დროებით) გაიზრდება, თუმცა გაზაფხულიდან დაიწყებს შემცირებას, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაზრდილი ფასები პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება.

„მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია, კომუნალური გადასახადების ზემოხსენებული საბაზო ეფექტის გამო, დროებით გაიზრდება, თუმცა გაზაფხულიდან ის შემცირებას დაიწყებს. ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას, ერთჯერადი ფაქტორების მილევასთან ერთად, დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეუწყობს ხელს. მომავალში პოლიტიკის განაკვეთის შემცირების წინაპირობა მნიშვნელოვნად შემცირებული ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინები იქნება“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას ანალიტიკოსი, ბაჩო ჯინჭარაძე სებ-ის ამ გადაწყვეტილებას მართებულად აფასებს, თუმცა როგორც ის აღნიშნავს, ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის მოსახლეობა ორ ცეცხლსშუა მოაქცია.

მისი თქმით, სებ-მა წინა სხდომაზე თავი შეიკავა განაკვეთის გამკაცრებისგან, მაგრამ მაინც ვერ გაექცა ამ გადაწყვეტილებას.

„ეროვნულმა ბანკმა წინა სხდომაზე თავი შეიკავა განაკვეთის გამკაცრებისგან, მაგრამ მაინც ვერ გაექცა ამ გადაწყვეტილებას. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ორ ცეცხლს შუა მოაქცია საქართველოს მოსახლეობა. მონეტალური პოლიტიკის არათანმიმდევრული მართვის სტილის შედეგია ის, რომ დღეს ერთის მხრივ, საკმაოდ მაღალი განაკვეთი გვაქვს რეფინანსირების სესხებზე, ხოლო მეორე მხრივ, ინფლაცია ორნიშნა ნიშნულზე გვაქვს. თუ გადავხედავთ რეგიონის ქვეყნებს, ამ კომპონენტში ჩვენ მხოლოდ თურქეთს ჩამოვრჩებით, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი არაერთხელ გამოიცვალა. სხვათაშორის, იქ საკმაოდ არაორდინალური სურათია – თან რბილი მონეტალური პოლიტიკის გატარება სურთ და თან ინფლაციის მოთოკვაც. ამ ეტაპზე კი ეს ორი რამ ერთდროულად არ გამოდის.

აქედან გამომდინარე, არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას განაკვეთის გაზრდის შესახებ, სწორია. ჩვენ სულ ვსაყვედურობთ ეროვნულ ბანკს, რომ ის პრევენციის რეჟიმით არ მუშაობს, რისი გამოვლინება იყო ის, რომ პანდემიას ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით შევხვდით. ცხადია, აქ პანდემიის წინასწარმეტყველება არ იგულისხმება რა თქმა უნდა. ჩვენ პანდემიას შევხვდით ინფლაციის მაჩვენებლით, რომელიც მიზნობრივს ორჯერ აღემატებოდა.

ახლა, ამ გადაწყვეტილებაში ჩანს გარკვეული გათვლები. მსოფლიო ბაზრებზე პროდუქტების კიდევ უფრო მეტად გაძვირებაა მოსალოდნელი. თურქეთში განვითარებულ მოვლენებს რომ თავი დავანებოთ, სადაც ლირა ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 35 პროცენტითაა გაუფასურებული, მარტივი მაგალითის მოყვანა რუსეთზე შეიძლება, საიდანაც ჩვენს ქვეყანაში ბევრი პროდუქტი შემოდის და სადაც დაგეგმილია სხვადასხვა პროდუქტზე, მაგალითად, ზეთზე, ხორბალზე და ა.შ. საგადასახადო განაკვეთის გაზრდა.

მართალია, ნავთობპროდუქტებზე ფასები ბოლო კვირის განმავლობაში დაღმავალი ტრენდით ხასიათდება, თუმცა ამ ბაზარზე რა დროს რა მოხდება, რთული საპროგნოზოა. პლუს, წინასაახალწლო პერიოდია და როგორც წესი, ამ დროს ფასები იზრდება.

მესმის რომ ამით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების მომსახურება ძვირდება, მაგრამ ამ ეტაპზე, რბილი მონეტალური პოლიტიკის განაკვეთის პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და გააძვირებს ისედაც საგრძნობლად გაძვირებულ პროდუქციას. ეგეც ჩვენ ჯიბეზე აისახება”, – აცხადებს აფბას ანალიტიკოსი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის  მაჩვენებელი ასევე 6.1 პროცენტით განისაზღვრა.

გიორგი არაბული

Share