Home » ფინანსები » ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.0 პროცენტამდე შეამცირა
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.0 პროცენტამდე შეამცირა

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.0 პროცენტამდე შეამცირა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 7.0 პროცენტამდე შეამცირა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით 7.0%-მდე შემცირების შესახებ.

”მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება მიღებულია მაკროეკონომიკური პროგნოზის გათვალისწინებით, რომლის მიხედვით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2015 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებითად აისახა ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე. მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, წლიური ინფლაცია შემდგომ კვარტალებში შემცირდება და დროებით მიმდინარე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება. ინფლაცია 4%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის პირველ ნახევარში დაუახლოვდება”, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, მაისში წლიური ინფლაცია 2.1%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის განმარტებით, ინფლაციის მაჩვენებლის კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა საბაზო ეფექტის ამოწურვასა და ინფლაციური მოლოდინების შემცირებას. ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ასევე მოქმედებს სუსტი ერთობლივი მოთხოვნა.

”ბოლო პერიოდში ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა ჰქონდა ინვესტიციების გააქტიურებასა და საგარეო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუმჯობესებას. მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია მომდევნო პერიოდებშიც გაგრძელდება. მეორე მხრივ, ლარით დენომინირებულ სესხებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდის შენელება ასუსტებს ერთობლივ მოთხოვნას. ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, 2016 წელს ეკონომიკური ზრდა პოტენციური დონის ქვემოთ იქნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს გააგრძელოს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი, რაც საშუალოვადიან პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას გულისხმობს. ამის გათვალისწინებით, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის შემდგომი ტემპი დამოკიდებული იქნება ინფლაციის განახლებულ საპროგნოზო მაჩვენებელზე და ზოგადად ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესის დინამიკაზე”, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 27 ივლისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 27 აპრილს გაიმართა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5%-მდე შეამცირა.

Share