Home » ფინანსები » ეროვნული ბანკის უშედეგო პოლიტიკა გრძელდება
ეროვნული ბანკის უშედეგო პოლიტიკა გრძელდება

ეროვნული ბანკის უშედეგო პოლიტიკა გრძელდება

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე საპროცენტო განაკვეთები კლებულობს

გაზრდილი ინფლაციური მოლოდინის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 7.5 %-მდე გაზარდა. ამას შედეგად უნდა მოჰყვეს ეროვნულ ვალუტაში – ლარში – საბანკო სესხების შემცირება და ლარის თვითღირებულების გაზრდა, რაც, ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, ერთი მხრივ, ეკონომიკურ ზრდას კი შეაფერხებს, მაგრამ ფასების ზრდის შეკავების უპირობო მექანიზმი იქნება.

მაგრამ, თეორია ყოველთვის და ყველგან ერთნაირად არ მოქმედებს. ექსპერტთა ნაწილი ხშირად საზოგადოებას “აშინებს”, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით გაძვირდება სესხები, შემცირდება დაკრედიტება და ეკონომიკური ზრდა შეფერხდება. ეს თეორიაა, რომელიც მოქმედებს მაგალითად აშშ-ში, მაგრამ ნაკლებად მოქმედებს საქართველოში.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ეროვნულმა ბანკმა თებერვლიდან დაიწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზნით. თებერვლამდე განაკვეთები 4 % იყო. როგორც ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ამბობს, სექტემბერში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა 6,5-დან 7 პროცენტამდე. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ნიშნავს სესხებზე მოთხოვნის შემცირებას, რადგან სესხებზე საპროცენტო განაკვეთი იზრდება. შესაბამისად, როგორც ბიზნესი, ასევე მოქალაქეები ნაკლებად იღებენ სესხს, რაც ამცირებს ფულის მასას. ეს, მართალია, არც ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს, მაგრამ აუცილებელი იყო, გიორგი კეპულაძის თქმით, ფასების ზრდიდან გამოდინარე, – “ფასების ზრდის ტემპი, რაც ამ ეტაპზეა, ეს რომ შეჩერდეს, და, მოგეხსენებათ, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, ოქტომბრის მონაცემებით, არის 5,8%, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს, 5%-ს, სცდება. ამით ეროვნული ბანკი ცდილობს ინფლაციის მაჩვენებელი დიდად არ გასცდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. სწორედ ამითაა გამოწვეული ძირითადად რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რადგან ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციაა ინფლაციის შეკავება, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნება”.

გიორგი კეპულაძის ინფორმაციით, 2015 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5 826 ადამიანს, ხოლო ბიზნესსესხი 2 761 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 8 587 ადამიანს გაუძვირდება. 2015 წლის 1-ელ სექტემბერთან შედარებით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის რაოდენობა 136-ით შემცირდა, ბიზნესსესხის რაოდენობა კი 179-ით გაიზარდა. ჯამში, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა, 2015 წლის 1 სექტემბერთან შედარებით, 43-ით არის გაზრდილი.

დავუბრუნდეთ ისევ თეორიის პრაქტიკაში მოქმედების საკითხს. აძვირებს თუ არა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სესხებს და აფერხებს თუ არა ეკონომიკურ ზრდას. ამისთვის საინტერესო იქნება შევადაროთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და საპროცენტო განაკვეთების ცვლილების ტენდენცია.

12208057_1078904078795185_650902707_n

დიაგრამა 1-ზე ასახულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის და კომერციულ ბანკებში საშუალო შეწონილი განეკვეთების ტენდენცია. როგორც ვხედავთ, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის, ანუ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე ბაზარზე არსებული განაკვეთები მცირდება. საუბარია საშუალო საპროცენტო განაკვეთზე და არა ცალკეულ პროდუქტებზე.

არადა, ჩვენ გვახსოვს ეროვნული ბანკის წარმომადგენლების არაერთი განცხადება, რომ მონეტარულ პოლიტიკას თავდაპირველად არ ამკაცრებდნენ იმიტომ, რომ არ მომხდარიყო ეკონომიკური ზრდის შეფერხება. ანუ ლარის დევალვაციას აფასებდნენ როგორც უფრო ნაკლებად პრობლემურს, ვიდრე ეკონომიკური ზრდის შენელებას. მოხდა პირიქით, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის გამო მონეტარული პოლიტიკის ასახვა ეკონომიკურ პროცესებზე მინიმალურია. ფაქტიც შესაბამისია, სესხები გაძვირების ნაცვლად გაიაფდა, არადა, შეიძლებოდა, რომ ეროვნულ ბანკს ლარზე დადებითი გავლენა მოეხდინა ისე, რომ ეკონომიკური ზრდა არ შეეფერხებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა.

სტატისტიკურად დაბალი ინფლაცია კი, არა ეროვნული ბანკის, არამედ ნავთობის და სურსათის მნიშვნელოვანი გაიაფების შედეგია.

როგორც ჩანს, ქვეყანაში არსებული ინფლაციური პროცესებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ამბობს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტი ირინა გურული:

“ლარის კურსის გაუფასურების გამო ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში პროდუქციის უმეტესობა იმპორტირებულია. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, 7,5 %-იანი. ანუ ამდენად მაღალი განაკვეთი 2011 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ამის უარყოფითი შედეგი იქნება ლარით დენომინირებული სესხების გაძვირება”.

ეროვნული ბანკის განმარტებით, გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების გაძვირება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდაა ინფლაციის გამომწვევი. ბანკის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელზე ასევე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ელექტროენერგიის გადასახადის ერთჯერად მატებას. ინფლაციის ზრდას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავს, თუმცა 5,8-იანი ინფლაციის მაჩვენებელი და არაკეთილსაიმედო პროგნოზი იყო მიზეზი რეფინანსირების განაკვეთის ზრდისა.

საბანკო სფეროს ექსპერტის ლია ელიავას განმარტებით კი, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ეროვნული ბანკის მხრიდან უფრო დეკლარაციული ხასიათი აქვს, ვიდრე რეალურად ვითარებაზე გავლენის მოხდენის ეფექტი. თუმცა, ლია ელიავასვე თქმით, ეროვნული ბანკი ხშირად დაუსაბუთებლად ცვლის განაკვეთებს. ეფექტიც ამ ცვლილებებს მყისიერი არ აქვს, ის 6 თვეზე ადრე არ შეიგრძნობა:

“ეს არის, უბრალოდ, დეკლარაციის დონე. ინფლაცია ეროვნულ ბანკს 2011 წელს გაექცა 14,5 პროცენტამდე, 2002 წელს იყო მინუს 3,3 %-მდე. ანუ რეფინანსირების განაკვეთი, როგორც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტი, საქართველოში არის არაეფექტიანი, მისი ეფექტი არის 0-ის ტოლი”.

ეროვნული ბანკის “მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2016 წლის დასაწყისში ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებლის მაღლა შენარჩუნდება, შემდეგ დაიწყებს შემცირებას და 5-პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს 2016 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს”.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 16 დეკემბერს გაიმართება და მაშინ გაირკვევა, გადახედავს თუ არა ბანკი რეფინანსირების განაკვეთს.

ამდენად, ეროვნულმა ბანკმა სხვადასხვა თეორიებით სცადა საკუთარი ქმედებების გამართლება. რეალობა კი თეორიისგან საკმაოდ შორს აღმოჩნდა. ეროვნული ბანკის პოლიტიკას ეკონომიკურ პროცესებზე გავლენა არ მოუხდენია, ლარს კი საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა.

Share