Home » ეკონომიკა » ეროვნული ბანკის მიერ, სავალუტო ინტერვენციები ქაოტურად ხორციელდება

ეროვნული ბანკის მიერ, სავალუტო ინტერვენციები ქაოტურად ხორციელდება

სავალუტო ინტერვენციები ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ინსტრუმენტია, რომელიც ცენტრალურ ბანკს გააჩნია და რომლითაც მყისიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია სავალუტო ბაზარზე.

მაგალითად, გასულ კვირას როდესაც ლარი გაუფასურების ტრენდით ხასიათდებოდა სებ-მა 20 მლნ დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, რითიც შეაჩერა ლარის გაუფასურება და თუ უკანასკნელ ტენდენციას შევხედავთ, ის გამყარების მიმართულებითაც დაიძრა.

თუმცა, საგულისხმოა ის გარემოება, რომ გასული კვირის 20 მლნ ინტერვენცია იმ იშვიათ გამონაკლისებს შორი მოხვდა, როდესაც სებ-მა მის ჩვეულ „ტრადიციას“ გადაუხვია და ბაზარზე ჩვეული 40 მლნ ტრანში არ განახორციელა.

მართლაც თუ დავაკვირდებით სებ-ის ინტერვენციების დავინახავთ, რომ ბოლო 2 წელიწადში გამართული 10 სავალუტო აუქციონიდან 7-ჯერ სებ-მა 40 მილიონიანი ტრანშები განახორციელა სავალუტო აბზარზე.

რატომ აქვს სებ-ს არჩეული ეს მოცულობა და რამდენად სწორია თითქმის მუდმივად ერთი და იმავე მოცულობის თანხის გამოტანა სავალუტო ბაზარზე ამ კითხვით ეკონომისტს, „აფბა“-ს ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მივმართეთ. როგორც ბაიხარტარი განმარტავს, ნებისმიერი ინტერვენცია კონკრეტულ გათვლაზე უნდა იყოს დაფუძვნებული და ბაზარს სწორედ ამ გათვლებზე დამყარებული თანხები უნდა მიეწოდოს.

„საკითხი ასე ნამდვილად არ დგას, რამდენად სწორია ან არასწორია 40 მილიონიანი ინტერვენცია. მოდით ცოტა შორიდან დავიწყებ საუბარს, ზოგადად როგორ ხდება ინტერვენციები ბაზარზე.

ცენტრალური ბანკი უყურებს ბაზარზე ვაჭრობას, თუ ხედავს რომ ვაჭრობის რომელიმე მონაწილემ დიდი რაოდენობის თანხა მოითხოვა, მაგალითად ხორციელდება ისეთი ტრანზაქცია, რომლის შემდეგაც დიდი რაოდენობის ვალუტის გადინება ხდება ბაზრიდან ცენტრალური ბანკი უყურებს ამ პროცესს და გააჩნია ეს ინფორმაცია.

შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას, რომ ბაზარს მიაწოდოს იმ რაოდენობის რესურსი, რომელის გადინებაც მოხდა ბაზრიდან და ამით იცავს სავალუტო ბაზარს ნახტომისებური გაუფასურებებისგან. ესაა ცენტრალური ბანკების ინტერვენციების მთავარი პრინციპი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რამდენად სწორია მუდმივად 40 მილიონის ინტრვენცია, მეეჭვება, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში პრაქტიკულად მუდმივად 40 მილიონის აუცილებლობა ყოფილიყო სავალუტო ბაზარზე“,- აღნიშნავს ბაირახტარი.

ბაირახტარმა იმ გარემოებებზეც გაამახვილა ყურადღება რომელიც ადასტურებს, რომ სებ-ის ინტერვენციები ხშირად ვერ პასუხობს სავალუტო ბაზრის მოთხოვნებს და ამის დასტურად ის მონაცემები მოჰყავს, რომელიც ოფიციალურადაც აქვს სებ-ს გამოქვეყნებული.

„ხშირად გვახსოვს ხომ სებ-ის ინტერვენცია, რომელსაც კურსის გაჯანსაღება არ მოჰყოლია. შემდეგ იყო სებ-ის განმარტება, რომ საგარეო შოკია და ამიტომ არ იმუშავა ინტერვენციამო. ასე ნამდვილად არ არის, აი მაგალითად, გავიხსენოთ გასული წლის აგვისტო. 1 აგვისტოს სებ-ი იძულებულია 40მლნ დოლარის ინტერვენცია გააკეთოს სავალუტო ბაზარზე, საიდანაც ბაზარი 38 მლნ ითვისებს. ჯერ ერთი გათვლა, რომ სწორი ყოფილიყო ბაზარი სრულად აითვსიებდა 40 მილიონს, მაგრა ამაზე მოგვიანებით. ეს ინტერვენცია საკმარისი აღმოჩნდა ლარისთვის, რათა პოზიციები 7 თეთრით გაემყარებინა.

თუმცა, ამის პარალელურად, სებ-ი ყოვლად გაუგონარ და ამოუხსნელ ნაბიჯს დგამს, ინტერვენციიდან მეორე დღესვე, ცენტრალური ბანკი რეფინანსირების სესხების სახით, ლარის მასის ზრდას იწყებს. უფრო კონკრეტულად კი, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე დოლარის გამოტანიდან ერთი კვირის განმავლობაში, ინტერვენციასთან შედარებით, 15-ჯერ მეტი ლარი გაუშვა მიმოქცევაში. კერძოდ, სებ-მა 1 აგვისტოდან 8 აგვისტომდე, რეფინანსირების სესხები 1.2 მლრდ- დან, 1.8 მლრდ-მდე გაზარდა, რითიც სრულიად დაუკარგა აზრი, თავისივე განხორციელებულ ინტერვენციას და კიდევ უფრო წაახალისა გაუფასურების ტრენდი.

ეროვნული ბანკის ქმედების პროპორციულად დაიწყო ლარმაც გაუფასურება, თუ ინტერვენციის შემდეგ ლარი 7 თეთრით გამყარდა, მომდევნო ერთ კვირაში (ანუ როდესაც რეფინასირების სესხები გაზრდა სებ-მა) ლარი 5 პუნქტით გაუფასურდა. ამით ორი რამ მტკიცდება – ერთი, სწორად მოზომილ ინტერვენცია მნიშვნელოვანი ძალა აქვს სავალუტო ბაზარზე, ხოლო, მეორე მხრივ, თუ უცხოურ ინტერვენციას ჭარბობს ლარის მასა, ამ ინტერვენციას აზრი ეკარგება.

კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ უახლოესი წარსულიდან. მაგალითად, გავიხსენოთ მიმდინარე თვის დასაწყისი, როდესაც 24 თეთრით გამყარებულმა ლარმა, ისევ გაუფასურება დაიწყო და 2.96 ნიშნულს ჩამოცდენილი ლარი, ისევ 3.06 ნიშნულს მიუახლოვდა. ეს პროცესი მთელი კვირა გრძელდებოდა ერთ კვირაში ლარი დაახლოებით 10 თეთრით დაეცა. ამ დროს გამოდის სებ-ი და 40 მილიონს ყიდის. საიდანაც ბაზარი მხოლოდ 29 მილიონს ისრუტავს.
აქედან კიდევ ერთი რამ შიძლება დავასკვნათ, პირველი სებ-ის გათვლა ინტერვენციაზე არ იყო მთლად ზუსტი.

ხოლო, მორე მხრივ რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ აღნიშნული ინტერვენცია ცენტრალურ ბანკს თავის დროზე, რომ განეხორციელებინა, ანუ მაშინ როდესაც ლარმა გამყარების ტრენდი შეიცვალა, შესაძლებელი იქნებოდა გაცილებით პატარა ინტერვენციით ბევრად უკეთესი ტრენდის შენარჩუნება“,- აცხადებს ბაირახტარი.

პეტრე ინაური

Share