Home » ფინანსები » „ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში“

„ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში“

სარეიტინგო კომპანია „Fitch“ საქართველოს სუვერენულ რეიტინგს უცვლელად, “BB”-ზე ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა სანდო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებასა და საგადასახდელო ბალანსის რისკების შემცირებაში როგორც წინა ეკონომიკური შოკების დროს, ასევე მიმდინარე გლობალური პანდემიის პირობებში.

“მაკროპრუდენციული ღონისძიებებისა და სავალუტო ბაზრის ინტერვენციების კომბინაციამ ხელი შეუწყო ფინანსურ სტაბილურობასა და გაცვლითი კურსის მერყეობის შერბილებას. საქართველოს ეკონომიკა არის მაღალი დოლარიზაციის მქონე, მცირე ზომის და საკმაოდ ღია (სავაჭრო გახსნილობაა მშპ-ს 60.9%, რომელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე 46.5%-იანი ‘BB’ ჯგუფის მედიანური მაჩვენებელი).

თუმცა სანდო პოლიტიკის ჩარჩომ 2012 წლიდან საქართველოს სამომხმარებლო ფასების ინდექსისა და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მერყეობის ინდიკატორები ‘BB’ ჯგუფის მედიანურ მერყეობაზე ქვემოთ შეუნარჩუნა. მაკროეკონომიკური პოლიტიკის გამო +1 ქულა ასახავს საქართველოს პოლიტიკის ჩარჩოს სიძლიერესა და თანმიმდევრობას, მათ შორის სანდო მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს, გონივრული ფისკალური პოლიტიკის სტრატეგიას და სსფ-ს რაოდენობრივი კრიტერიუმებისა და სტრუქტურული მაჩვენებლების კარგად შესრულების გამოცდილებას.

პოლიტიკის ასეთმა კომბინაციამ საგარეო შოკებისადმი მდგრადობა უზრუნველყო, მათ შორის ძირითად სავაჭრო პარტნიორებში უარყოფითი განვითარებების დროს და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები შეამცირა”,- წერს გვენეტაძე.

Share