Home » საზოგადოება » „ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები კარგა ხნის წინ უნდა გადამდგარიყვნენ, ნამუსი რომ ჰქონდეთ“

„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები კარგა ხნის წინ უნდა გადამდგარიყვნენ, ნამუსი რომ ჰქონდეთ“

საქართველოში ინფლაცია ორჯერ მაღალია, ვიდრე რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში

 

საქართველოში ინფლაციის ტემპი გამუდმებით მზარდია. ყველა დასახელების პროდუქცია საგრძნობლად გაძვირებულია. ფასების ზრდის მიხედვით, ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. თურქეთის შემდეგ, ფასები ყველაზე სწრაფად სწორედ საქართველოში მატულობს. 

ინფლაციის მაჩვენებელმა ორნიშნა მონაცემები უკვე გადალახა და აგვისტოში 12.8% შეადგინა, თუმცა მოცემულ ერთწლიან პერიოდში ფასები ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა. მეზობელ ქვეყნებს შორის, თურქეთის შემდეგ, ფასები ყველაზე სწრაფად საქართველოში იზრდება. 2021 წლის ივნისში თურქეთში ინფლაციის წლიურმა დონემ 19.25% შეადგინა; აზერბაიჯანში ფასების საერთო დონემ ყველაზე ნაკლებად მოიმატა, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა ქვეყანაში 6% შეადგინა; რუსეთში წლიური ინფლაცია 6.7%-ით განისაზღვრა; სომხეთში ფასების დონის ზრდა 8.8% იყო.

საქართველოში ინფლაციაზე პასუხისმგებელი ორგანო პრობლემას ვერაფრით აგვარებს და ქვეყანას უკვე კატასტროფული მაჩვენებელი აქვს. არსებულ ვითარებაზე მეტად საგანგაშოა მოლოდინი. როგორც საქართველოს ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენატაძე აცხადებს, ინფლაციის შემცირება მხოლოდ მომავალი წლის მარტიდან მოხერხდება, 2021-ში კი წლიური ინფლაცია 14-14.5% იქნება.

„ინფლაცია დეკემბერ-იანვარში იქნება უფრო მეტი, ვიდრე ახლაა. ეს გამოწვეულია საბაზო ეფექტით. შარშან ანალოგიურ პერიოდში სუბსიდირების ეფექტმა შეამცირა ინფლაციის მაჩვენებელი და წელს, რადგან გასული წლის ბაზა დაბალია და სუბსიდია უკვე მოხსნილია, გვაქვს ასეთი მოლოდინი, მარტიდან კი მაჩვენებელმა უნდა დაიწყოს შემცირება.

ჩვენ არ ველოდებით, რომ წლის ბოლოსთვის თვიური ინფლაცია იქნება მაღალი, მაგრამ წლიური ინფლაცია, დიდი ალბათობით, უფრო მაღალი იქნება დღევანდელზე. როცა ასეთი, უპრეცედენტო შოკური ეფექტია, პროგნოზის გაკეთებაც კი რთულია. ვფიქრობ, საშუალო ინფლაცია 9% იქნება, წლიური ინფლაცია – 14-14.5%. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: პანდემიაზე, ასევე, ნავთობის ფასზე მსოფლიო ბაზარზე“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ გადაცემა „საქმეში” და დასძინა, რომ ინფალციის მიზნობრივთან ახლოს ყოფნის ერთადერთი გზა რეფინანსირების კიდევ მეტად მომატებაა.

აშკარაა, რომ ქვეყანაში თვიდან თვემდე ვითარება სულ უფრო მეტად მძიმდება. სწორედ ამის გამო, სპეციალისტები ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკს ინფლაცია პანდემიამდეც გაქცეული ჰქონდა და ვეღარ თოკავდა.

„ძალიან ცდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა, თუ 14.5%-იანი ინფლაცია დაბალი ციფრი ჰგონია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ რაღაც კარგად ვერ არის და მონეტარულ პოლიტიკაში სერიოზული პრობლემებია. ინფლაციის პრობლემა წარმოიქმნა სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ არა ისეთი მაღალი, როგორიც ჩვენთან. სანამ პანდემია დაიწყებოდა, ჩვენთან ეს პრობლემა უკვე არსებობდა _ სებ-ი ინფლაციას უკვე ვეღარ თოკავდა.

ფასების უკონტროლო ზრდა უამრავ რამეს აზარალებს და ადამიანებს აღარიბებს. 2 წლის წინ დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. თუ ჩვენ საპენსიო დანაზოგებს 7% ერიცხება წლიური სარგებელი, 14%-იანი ინფლაციის პირბებში გამოდის, რომ 7% კი არ ერიცხება, არამედ 7%-ით მცირდება ეს საპენსიო დანაზოგები. ასე თუ გაგრძელდა, 30 წლის შემდეგ დანაზოგებს ჩალის ფასი ექნება და ამ პოლიტიკით სიტუაცია სწორედ აქეთკენ მიდის”, – განაცხადა „რეზონანსთან” მერაბ ჯანიაშვილმა და დასძინა, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს ასეთ მაღალ ინფლაციაზე.

„ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა უნდა გადამგდარიყო ამ წლის დასაწყისშივე, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყნის მმართველობის მთავარი ორგანო (პარლამენტი), რომელმაც სებ-ს ამის გამო პასუხი უნდა მოსთხოვოს, ყველა სულელური საკითხით არის დაკავებული, გარდა იმ პრობლემებისა, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს. დეპუტატებს შეუძლიათ იმაზე იჩხუბონ, ვინ უნდა იყოს პარლამენტში შესული, ვინ უნდა გამოვიდეს, თუ მათთვის რაიმე საჭიროა, ამაში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ ინფლაციაზე საუბრის არც დრო არ რჩებათ და ვერც პასუხს სთხოვენ შესაბამის ორგანოს. სებ-ის ხელმძღვანელები, თავისი პრეზიდენტითა და ვიცე-პრეზიდენტებით, კარგა ხნის წინ უნდა გადამდგარიყვნენ, ნამუსი რომ ჰქონდეთ”, – დასძინა „რეზონანთან” მერაბ ჯანიაშვილმა.

წყარო: resonancedaily.com

Share