Home » ფინანსები » ეროვნული ბანკის ანგარიში: საკითხი, რომელიც არავის აღელვებს
ეროვნული ბანკის ანგარიში: საკითხი, რომელიც არავის აღელვებს

ეროვნული ბანკის ანგარიში: საკითხი, რომელიც არავის აღელვებს

წარმატებული საბანკო სექტორის წარუმატებელი ცენტრალური ბანკირი, სამი საპარლამენტო კომიტეტის უარყოფითი დასკვნის კონტექსტში

ერთ თვეში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობას დატოვებს. საქართველოს პარლამენტს კი ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში ჯერ კიდევ არ განუხილავს. კეთდება განცხადებები, რომ ეროვნული ბანკის ანგარიში არასრულყოფილია, სებ-ის ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შენიშვნები. რეალობა კი ერთია, პარლამენტი ვალდებულია, რომ ეროვნული ბანკს მოუსმინოს, მისი ანგარიში დაიწუნოს, ან დადებითად შეაფასოს – გამოავლინოს პრობლემები და სებ-ს მათი გადაჭრა მოთხოვოს. საქართველოს პარლამენტი ერთადერთი ორგანოა, რომლის წინაშეც ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულია. შესაბამისად, თუკი ეროვნული ბანკი არასწორ პოლიტიკას ახორციელებს, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს თავს ვერ ართმევს, ამ ყველაფერზე მასთან ერთად პასუხისმგებელი პარლამენტიცაა.

ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში საკანონმდებლო ორგანოში მაისში შევიდა. დოკუმენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც ძირითადად, ერთმანეთში საპაექროდ ,,ქართული ოცნებისა’’ და ,,ნაციონალური მოძრაობის’’ დეპუტატები ესწრებოდნენ. ,,ნაციონალური მოძრაობა’’ გიორგი ქადაგიძეს ადვოკატირებდა და მის 7 წლიან საქმიანობას წარმატებულს უწოდებდა. ,,ქართული ოცნების’’ დეპუტატები ლარის გაუფასურებაზე, საფინანსო სექტორის (რომელიც მარტო ბანკები არ არის) სუსტ ზედამხედველობაზე, მაღალი დოლარიზაციის მაჩვენებლებზე ითხოვდნენ პასუხს. მაშინ, ქადაგიძეს ბადრი პატარკაციშვილის ,,სტანდარტბანკისა’’ და ბიძინა ივანიშვილის ,,ქართუ ბანკის’’ საქმეებიც გაუხსენეს. საბოლოოდ, დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა სებ-ს ანგარიშს მხარი არ დაუჭირეს. მას შემდეგ ეს დოკუმენტი აღარავის გახსენებია.

რამდენიმე დღის წინ, გიორგი ქადაგიძემ ,,მაესტროს’’ ეთერში ,,იმედი გამოთქვა’’რომ სები-ს ანგარიშს პარლამენტი თებერვალში მაინც განიხილავდა. ,,რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გასაკვირია ის, რომ რიგ დეპუტატებს არ აქვთ სურვილი, მოისმინონ ეროვნული ბანკის ანგარიში. მით უმეტეს, რომ ჩვენი ყველა პროგნოზი პრაქტიკულად გამართლდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოდიან საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად. ამიტომ ეს უნდა იყოს, ალბთ, მთავარი ტრიბუნა, სადაც განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხს. ამიტომ მე მაქვს კომუნიკაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან და იმედს გამოვთქვამ, რომ თებერვლის პირველივე კვირაში მოხდება ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიში აუცილებლად უნდა იხილებოდეს.

,,რეგლამენტსა და კონკრეტულ გვარ-სახელებზე ნაკლებად ვისაუბრებ, თუმცა აუცილებელია, რომ პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიში იხილებოდეს. ეს კანონით არის დადგენილი’’, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაურს არ აქვს ინფორმაცია, განიხილავს თუ არა პარლამენტი ეროვნული ბანკის ანგარიშს. იგი ამბობს, რომ ეს არა მისი, არამედ ბიუროს გადასაწყვეტია. მეჭიაურის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ ანგარიშის განხილვა ერთხელ ეროვნული ბანკის თხოვნით, ორჯერ კი კვორუმის არარსებობის გამო გადადო.

,,კომიტეტში ანგარიში განვიხილეთ, შევაფასეთ და რეგლამენტით დადგენილ ვადაში ბიუროს გადავუგზავნეთ. ასე რომ, ჩვენი მხრიდან ვადები არ დარღვეულა. კომიტეტმა მასზე დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულა”, – განმარტა მეჭიაურმა.

წარმატებული ეროვნული ბანკი?!

რეგიონში საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია და საკუთარ ანგარიშებში ეროვნული ბანკი სწორედ ამით იწონებს ხოლმე თავს. ,,საქართველოს საბანკო სისტემა 2014 წლის ბოლოსათვის ინარჩუნებს კაპიტალიზაციის მაღალ დონეს. ,,ბაზელ I~-ით დათვლილი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 13.6 პროცენტს აჭარბებს, ხოლო საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი 17.4 პროცენტს აღწევს. ასევე, პოზიტიურად არის შეფასებული კაპიტალის ზრდის რესურსები როგორც აქციონერთა სიძლიერის, ასევე მომგებიანობის კუთხით’’, – აღნიშნულია ანგარიშში.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სებ-ს ფუნქციებში მარტო კომერციულ ბანკებზე ზრუნვა არ შედის, მისი მოვალეობა მთლიანად ფინანსური ბაზრის განვითარებაა, რომელიც ფაქტობრივად, საბანკო სექტორმა გადაყლაპა. ასევე მის ფუნქციებში შედის მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ხოლო როდესაც ყოვლისმომცველი საფინანსო სექტორის ზედამხედველობა სუსტია მომხმარებლის უფლებების დაცვაზე საუბარი ზედმეტია. ლარის კურსის სტაბილურობაზე ზრუნვა კი კანონმდებლობით არც ერთი უწყების ფუნქციაში არ შედის, თუმცა მასზე მთავრობასა და პარლამენტთან ერთად ეროვნული ბანკიც არის პასუხისმგებელი, ვინაიდან მკვეთრად გაუფასურებული ლარი ფინანსურ სტაბილურობასაც საფრთხეს უქმნის. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის წარმატება, მხოლოდ კომერციული ბანკის წარმატებებს არ უკავშირდება. ამ შემთხვევაშიც, საბანკო სექტორში ჯანსაღი კონკურენციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მთელი საბანკო სისტემა ძირითადად 3-4 ბანკზე დგას.

ისევ ჩანასახის მდგომარეობაშია ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რომლის განვითარებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინვესტიციების მოზიდვისა და ვალუტის მდგრადობის თვალსაზრისით. ის, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარი მხოლოდ ბოლო პერიოდში გააქტიურდა ეროვნული ბანკის ანგარიშშიც ჩანს.

,,საანგარიშო წელს, 2010 წელთან შედარებით, 3-ჯერ გაიზარდა მიმოქცევაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნაშთი, 2013 წლის ბოლოსთან შედარებით კი ზრდამ 80 პროცენტი შეადგინა. პირველადი ბაზრის გაღრმავებასთან ერთად, ფინანსური ბაზრის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მეორადი ბაზრის გააქტიურება, რაც კიდევ უფრო გაზრდის ბაზრის ლიკვიდობას.

2014 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურდა რეპო ოპერაციებით დადებული გარიგებები. აღნიშნული სეგმენტის განვითარებას ხელი შეუწყო ფასიანი ქაღალდების მოცულობის ზრდამ. შედეგად, გაიზარდა კომერციული ბანკებისთვის ხელმისაწვდომი რესურსი გირაოთი უზრუნველყოფილი ოპერაციების განსახორციელებლად და აღნიშნულიბაზარი უფრო მიმზიდველი გახდა. 2013 წელს მხოლოდ 4 რეპო გარიგება დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 86-მდე გაიზარდა’’. – აღნიშნულია ანგარიშში.

ეკონომისტებს, ეროვნული ბანკის მიმართ ასევე პრეტენზია აქვთ იმ მიმართულებითაც, რომ დღემდე არ არის შექმნილი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, ასევე ეროვნულმა ბანკმა სწორედ მაშინ შეწყვიტა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშების გამოქვეყნება, როდესაც ეროვნული ვალუტა და ფინანსური სექტორი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა.

,,არაფორმალურ ფინანსურ ორგანიზაციებსა და ლომბარდებზე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ ამ სეგმენტს საბანკო სისტემის მსესხებლების ჯამური ვალის ტვირთზე მატერიალური გავლენა აქვს მაშინ, როცა ხშირად კლიენტის ამ დავალიანებებზე ინფორმაცია არ მიეწოდება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს. შედეგად, ბანკი ვერ ახერხებს კლიენტის რეალური გადახდისუნარიანობის შეფასებას. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რათა საკრედიტო საინფორმაციო ბიურომ მაქსიმალურად მოიცვას არასაბანკო სექტორი, მათ შორის, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არალიცენზირებული საკრედიტო ინსტიტუტები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში შეიქმნა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, რომლის მთავარი ამოცანაა ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. როგორც კომიტეტის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ფინანსური სტაბილურობის ძირითადი გამოწვევები განხილული იქნება ფინანსური სტაბილურობის ყოველწლიურ ანგარიშში, რომლის განახლებული ვერსიაც 2015 წლის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება’’, – აღნიშნულია ანგარიშში.

ეკონომისტი, მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ ეროვნულ ბანკმა პირობა არ შეასრულა არც ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი შექმნა და არც ფინანსური სტაბილურობის ანგარიშზე მუშაობა განაახლა. მმსაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე წარდგენილ ეროვნული ბანკის იმ არასრულ ანაგარიშში (არასრულში იმიტომ რომ მას ფინანსურის სატაბილურობის ანგარიში თან არ ახლდა ), ეროვნულმა ბანკმა და ქადაგიძემ პირობა დადო, რომ ნაკლს გამოასწორებდა და 2015 წლის მეორე ნახევარში ფინანსური სტაბილურობის ყოველწლიურ ანგარიშს შექმნიდა. ქადაგიძემ ეს პირობა დაარღვია. მან ფინანსურის სატბილურობის ანგარიში არ შექმნა. არადა, პარლამენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უცდიდა, როდის შეასრულებდა იგი დადებულ პირობას, რათა სრული საქმიანობის ანგარიში პლენარულ სხდომაზე მოესმინა’’,  – ამბობს მიხეილ დუნდუა.

ამასთანავე, ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა’’ ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ სავალუტო ფონდის რეკომენდაციების და მოთხოვნების მიუხედავად სებ-მა არ ჩამოაყალიბა კონტრაციკლური საკაპიტალო ბუფერების რეჟიმი საბანკო სისტემისათვის. გარდა ამისა, არ აამოქმედა მსესხებლებისათვის სესხისა და კაპიტალის გრძელვადიანი ღირებულების ადეკვატურობის პრინციპი და გადახდების და შემოსავლის პარიტეტის პრინციპი. შესაბამისად, საბანკო სექტორში იქნება უმძიმესი ვითარება. კერძოდ, კომერციული ბანკები, სებ-ის მოთხოვნების შესაბამისად, ხელმძღვანელობენ რა რისკების გათვლის არსებული მექანიზმით, სათანადოდ ვერ აფინანსებენ ეროვნულ წარმოებას.

აფბა-ს წარმომადგენლების განცხადებით, სებ-ის რეგულაციების შესაბამისად და სავალუტო ფონდის მოთხოვნების საპირისპიროდ, ხდება არაჰეჯირებული მოთხოვნების დაკრედიტება, მაგალითად, დოლარში სესხის გაცემა იმ მომხარებლებზე, რომელთაც შემოსავალი ლარში აქვთ. შესაბამისად ხდება სავალუტო რისკების მომხმარებელზე გადატანა.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ ეკონომისტების შეფასებები პრობლემებს ვერ მოაგვარებს. საქართველოში პარლამენტი ერთად ერთი ორგანოა, რომელსაც აქვს უფლება ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობას რამე მოსთხოვოს. სამწუხაროს, პარლამენტი ამ კუთხით ყველაზე პასიურია და მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერც ის ასრულებს.

მაკა ვარადაშვილი

Share