Home » ფინანსები » ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს კვლავ არ ასრულებს  

ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს კვლავ არ ასრულებს  

 

ეროვნული ბანკის უპასუხისმგებლობა და სავალუტო ფონდის 7 რეკომენდაცია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები თუ დასკვნები არაერთხელ გამხდარა აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი. ზოგი სსფ-ს დასკვნებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად იყენებს, ზოგი კი სახემლწიფო სტრუქტურების მუშაობის წარმატებულობის შესაფასებლად. მაგალითისთვის, აღსანიშნავია საქართველოს ეროვნული ბანკის ხემძღვანელობა და მისი მხარდამჭერი ექსპერტები, რომლებიც სებ-ის წარმატებული პოლიტიკის ხაზგასასმელად სსფ-ს შეფასებებს აქტიურად იყენებენ. ხშირად აპელირებდნენ სსფ-ს მიერ ეროვნული ბანკის პოლიტიკის დადებითად შეფასებაზე, თუმცა როგორც წესი, საზოგადოებისთვის ნათელი ხდება  მხოლოდ ერთი მხარე რეკომენდაციებისა, რომელიც სებ-ისთვის მისაღები იყო, ხოლო ის პუნქტები, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ბანკს რიგი რეფორმების გატარებაზე ეძლეოდა მითითება, საზოგადოებისთვის არ გამხდარა ცნობილი. 20/30-ის ეკონომისტი, ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა, სსფ-ს რეკომენადიცებზე აკეთებს აპელირებას და ეროვნულ ბანკს მათ შესრულებისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ სებ-ი სსფ-ს რეკომენდაციის მიუხედავად უკვე 3 წელია არ აქვეყნებს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს. მიხეილ დუნდუა აღნიშნავს:

„ისეთი დამაფიქრებელი მოცემულობის ფონზე, როცა მოსახლეობის საბანკო დავალიანება მოსახლეობის განკარგვად შემოსავლებს უკვე 65%-ით აჭარბებს, (2013 წლამდე ვალი შემოსავლებს არ აჭარბებდა) და ვალის მომსახურება განაკარგავდი შემოსავლების 20%-ზე მეტია (2013 წლამდე 16%-ის დონეზე იყო), საქართველოს ეროვნული ბანკი 2012 წლის შემდეგ არც ფინანსურის სტაბილურობის ანგარიშს ქმნის და არც სხვა რეკომენდაციებს ასრულებს, რომელსაც სავალუტო ფონდს პირდებოდა.

ლარს აუფასურებს არა ეროვნულ ეკონომიკაში დაბანდებული კრედიტი, არამედ ჭარბი ვალი, ანუ სესხი, რომელიც მოსახლეობის გაღატაკებას ემსახურება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 7 რეკომენდაცია, რომელსაც ეროვნული ბანკი არ ითვალისწინებს.

  1. ეროვნული ბანკი უნდა აქვეყნებდეს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს. რომელსაც სავალუტო ფონდის მოთხოვნის მიუხედავად უკვე 3 წელია არ ქმნის. სტანდარტული მაკროეკონომიკური ანალიზისგან განსხვავებით, ფინანსურის სტაბილურობის ანგარიში შეისწავლის მოვლენებს, რომელთა მოხდენის ალბათობის დადგენა რთულია, მაგრამ რისკის მატერიალიზაციის შემთხვევაში უარყოფითი ზეგავლენა – არსებითი.
  2. ეროვნულმა ბანკმა უნდა შექმნას პასუხისმგებელი ორგანო ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, რომელიც სულ მცირე კვარტალში ერთხელ უნდა იკრიბებოდეს და გადაწყვეტილებებს იღებდეს, რომელიც უნდ დაამტკიცოს სებ-ის პრეზიდენტმა და აცნობოს საზოგადებას. ასეთი კომიტეტის არსებობა არ დასტურდება ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე, რომ არაფერი ვთქვათ მის კვარტალურ შეკრებებზე და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. თუმცა სებ-ში აცხადებენ, რომ კომიტეტი შექმნილია და მას თავად ქადაგიძე ხელმძღვანელობს, რაც ღიმილისმომგვრელია.
  3. „ანგარიშვალდებულების ფარგლების გამყარება: საქართველოს ეროვნული ბანკის უფრო მეტი ფორმალიზებული და გამჭირვალე მაკროპრუდენციული უფლებამოსილება შესაბამისობაში უნდა იყოს ძლიერ ანგარიშვალდებულებასთან. ეს ანგარიშვალდებულება უნდა შეიცავდეს: (1) მაკროპრუდენციულ პოლიტიკასთან მიმართებით მთლიანი სტრატეგიის ექს-ანტე კომუნიკაციას; (2) იმ განხილვების დეტალურ კომუნიკაციას, რომლებმაც გამოიწვია კონკრეტული სტრატეგიული გადაწყვეტილებები; და (3) გატარებული ღონისძიებების ეფექტურობის ექს-პოსტ შეფასებას.“ -სტილი დაცულია. მსაგავი რამ არ ხდება.
  4. “საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა შექმნას ფინანსური სტაბილურობის განყოფილება. მაკროპრუდენციულ სისტემას ხელი უნდა შეუწყოს ეფექტურმა წინასწარმა გაფრთხილების სისტემამ, რათა მოხდეს მთლიანად საფინანსო სისტემის რისკების იდენტიფიცირება და მონიტორინგი. აზრი მდგომარეობს შემდეგში, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში შეიქმნას სპეციალური განყოფილება, რომელიც განსხვავებით თითოეული ბანკის საკითხებისგან, კონცენტრირებული იქნება ამ საკითხებზე. საერთაშორისო ერთიანი პრაქტიკისა და ქართულ კონტექსტში მათი სტაბილურობის შესაბამისად, ახალმა განყოფილებამ უნდა, როგორც მინიმუმ (i) რეგულარულად ჩაატაროს ქართული ბანკების სტრეს ტესტები; (ii) მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაანალიზებული მაკროეკონომიკური განვითარება და რისკები გაართიანოს, ფინანსური სტაბილურობის სფეციფიკური რისკების შეფასებასთან; (iii) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტისათვის მოამზადოს მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ ზომები; (iv) შეაფასოს არსებული და შემოთავაზებული მომავალი მაკროპრუდენციული ზომების გავლენა და ეფექტურობა; და (v) სტაბილურობის რისკებთან დაკავშირებით გაცვალოს შეხედულებები სხვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ბაზრის მონაწილეებთან, სარეიტინგო სააგენტოებთან, ანალიტიკოსებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან. გარეგანი დაუცველობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მან ასევე უნდა შეაფასოს საქართველოს საფინანსო სისტემაზე საერთაშორისო გარე ეფექტების რისკებთან. განყოფილება ადექვატურად უნდა დაკომპლექტდეს, რათა უზრუნველყოს განხილული ფუნქციების შესრულება.” ასეთი განყოფილება საერთოდ არ იძებნება სებ-ის სტრუქტურაში, მითუმეტეს რაიმე კვლევა მის მიერ მომზადებული.
  5. კონცენტრაციის ლიმიტების შემოღება უმსხვილეს მსესხებებლებზე (მაგ. თითო ბანკზე ლიმიტები პირველ 5 ან 10 გამოვლინებაზე) ხელს შეუწყობს ბანკების სესხის პორტფელებში გადაჭარბებული კონცენტრაციის თავიდან აცილებას. მეტიც, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა განიხილოს სესხის ღირებულებასთან მიმართებით (LTV) ან სესხის მომსახურება შემოსავალთან მიმართებით (DSTI) ლიმიტის გამოყენება, სავარაუდოდ დიფერენცირებული ვალუტისა და სეგმენტის მიხედვით ან გარდა ამისა, სექტორალური რისკის წონითი კოეფიციენტების გამოყენება, იმ შემთხვევაში თუ, ძალიან იმატებს ბანკების რისკი მაღალი რისკის ბაზრის სეგმენტებზე.
  6. “საცალო სესხების ლიმიტირება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა განიხილოს ლიმიტების შემოღება სესხის მომსახურება შემოსავალთან მიმართებით კოეფიციენტისათვის საცალო სესხებზე, გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში, საცალო მსესხებელთა ერთი მესამედი ხარჯავს შემოსავლის ნახევარზე მეტს ბანკის ვალებისათვის.”

და ამ დროს საქართველოში:

  • საცალო სესხის ამღები მოსახლეობის 60%-ი შემოსავლის 40%-ზე მეტს საბანკო ვალის მომსახურებისათვის იხდის;
  • სესხის ამღებთა მესამედი ვალის დასაფარად იხდის შემოსავლის ნახევარზე მეტს;
  • 20%-ი იხდის 60%-ზე მეტს;
  • 12%-ი იხდის შემოსავლის 70%-ზე მეტს;
  • 8%-ი იხდის 80%-ზე მეტს;
  • 6%-ი იხდის შემოსავლის 90%-ზე მეტს;
  • 5%-ი იხდის 100%-ზე მეტს.
  1. კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის (CCB) გეგმაზომიერი შემოღება. საქართველოს ეროვნული ბანკმა პირობა დადო, რომ ბაზელ III სტანდარტების (BCBS 2010a, 2010b) შესაბამისად კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის რეჟიმის გამოყენებას დაიწყებდა 2015 წლიდან. ეს ინსტრუმენტი საშუალებას მისცემს საქართველოს ეროვნულ ბანკს უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს ჭარბი კრედიტების ზრდის პერიოდს და გაზარდოს სისტემის მდგრადობა კრიზისულ პერიოდში. ბუმის პერიოდში კონტრციკლური კაპიტალის ბუფერი უნდა გაიზარდოს, რომელიც ერთის მხრივ ზრდის კაპიტალის ღირებულებას, რითაც ამცირებს კრედიტის მოთხოვნას და მეორეს მხრივ იწვევს ბანკების მიერ რისკის შემცველი აქტივების ზრდის შენელებას, რითაც მცირდება კრედიტის მიწოდება. შესაბამისად, ინსტრუმენტი ეფექტურად ანელებს ჭარბი კრედიტების ზრდას და ხელს უწყობს კაპიტალის ბუფერების ზრდას ნორმალურ პერიოდში. სტრესების პერიოდებში, კონტრციკლური კაპიტალის ბუფერი უნდა გათავისუფლდეს, რაც საშუალებას მისცემს ბანკებს გამოიყენონ დამატებითი ბუფერები, რათა აითვისონ დანაკარგები ეკონომიკაში კრედიტების გადინების შეჩერების გარეშე“.

Share