Home » ფინანსები » ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 6.0 პროცენტამდე ზრდის
ეროვნული ბანკი ლარის კრიზისს ამწვავებს

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 6.0 პროცენტამდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2015 წლის 12 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.0 პროცენტს შეადგენს.
 
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი გარე და შიდა რისკები. ერთობლივი მოთხოვნა კვლავ შეზღუდულია ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ნეგატიური ეკონომიკური მდგომარეობის გამო. შიდა ფაქტორებიდან აღსანიშნავია ეროვნული ბანკის პოლიტიკის დისკრედიტაციის მცდელობა, რაც ზრდის გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს, ასუსტებს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტიანობასა და ხელს უწყობს ინფლაციის მოლოდინის ზრდას. არსებული პროგნოზის შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს გააგრძელოს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია. თუ არ გამოიკვეთა დამატებითი შოკები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი წლის ბოლოს 6.5 პროცენტის ფარგლებში იქნება. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების ტემპი დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე.

მიმდინარე პროგნოზით, ერთჯერადი ფაქტორების გამო ინფლაცია 5 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს 2015 წლის ბოლოს შესაძლოა მცირედით გადააჭარბოს. ივლისში სამომხმარებლო  ფასების წლიურმა ზრდამ 4.9% შეადგინა და ეროვნული ბანკის 5% მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ინფლაციის ზრდის ძირითადი ფაქტორი გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული წარმოების შუალედური ხარჯების მატება და ცალკეულ იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა იყო. ინფლაციის ზრდას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავდა.

წინასწარი ინფორმაციით, რეალური მშპ-ს ზრდა მეორე კვარტალში პროგნოზირებულთან შესაბამისი იყო. ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორს საგარეო სექტორი წარმოადგენს, რომელიც რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე. შესუსტებულია ადგილობრივი მოთხოვნაც, რასაც ფულადი გზავნილების შემცირება და უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე მომსახურების ტვირთის ზრდა განაპირობებს.

პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა საგარეო დისბალანსის აღმოფხვრის მხრივ. შემცირებული სავალუტო შემოდინებების ფონზე, გაცვლითი კურსის ცვლილებამ მოახდინა იმპორტის კორექტირება. მეორე კვარტალში იმპორტის კლებამ 21 პროცენტი შეადგინა (გრანტით მიღებული C ჰეპატიტის წამლების იმპორტის გარეშე), შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებული საგარეო შოკის ეფექტი კურსზე ამოწურულია. სხვა თანაბარ პირობებში, არსებული საგარეო შოკიდან კურსზე დამატებითი ზეწოლა მოსალოდნელი არ არის.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 23 სექტემბერს გაიმართება.
Share