Home » მსოფლიო » ერდოღანი: თუ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, თურქეთი იმოქმედებს როგორც ნატოს წევრი ქვეყანა

ერდოღანი: თუ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, თურქეთი იმოქმედებს როგორც ნატოს წევრი ქვეყანა

“თურქეთი გააგრძელებს ნატოს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქულ ტელეარხ NTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

თურქეთის ლიდერმა არ დააკონკრეტა, რა ნაბიჯების გადადგმისთვის არის მზად თურქეთი და რა ვალდებულებებზეა საუბარი, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

“ახლა ჩვენ გვინდა ვიპოვოთ გამოსავალი არსებული კრიზისიდან დიალოგისა და დიპლომატიის გზით. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს და უკრაინას მოიქცნენ კონსტრუქციულად და თავშეკავებულად, მაგრამ თურქეთი შეასრულებს ნატოს წევრობის მოთხოვნებს”, – განაცხადა ერდოღანმა.

მან დასძინა, რომ თურქეთი თავიდანვე მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

“ჩვენ მკაფიო პოზიცია დავიკავეთ რუსეთის ნაბიჯების წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, განსაკუთრებით კი ყირიმის ანექსიის წინააღმდეგ”, – განაცხადა ერდოღანმა.

სანდრო პირველი

Share