Home » ბიზნესი » ეპიდემიოლოგებისთვის რთულია იმის აღქმა, რა მდგომარეობაშია ბიზნესი – რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი

ეპიდემიოლოგებისთვის რთულია იმის აღქმა, რა მდგომარეობაშია ბიზნესი – რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი

რესტორნების 24-საათიანი გაფიცვის აქციით გვინდა, სახელმწიფოს დავანახოთ, რა რეალობა იქნება ქვეყანაში, როდესაც რესტორნები ვერ შეძლებენ ოპერირებას, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აქციის მიზანია, ხელისუფლებამ დაინახოს, რომ აღნიშნული სექტორის განადგურების შემთხვევაში, ეს არა მხოლოდ მათი, არამედ სახელმწიფოს პრობლემაც იქნება.

„უმარტივესი მოთხოვნა გვაქვს ხელისუფლების მიმართ. ჩვენ არ გვინდა დახმარება, არ გვინდა სუბსიდირება, ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ იმ 250 000 ადამიანის დასაქმება, რომელიც დასაქმებული გვყავდა აქამდე და სახელმწიფოს მოვხსნათ ის წნეხი, როცა 200-ლარიანი დახმარებით ვალდებულია, ამ ხალხს დაეხმაროს.

ჩვენი ამ აქციით, რომელიც ითვალისწინებს 24-საათიან ბოიკოტირებას, გვინდა სახელმწიფოს დავანახოთ და გავუგზავნოთ მესიჯი, რა რეალობა იქნება ქვეყანაში, როდესაც რესტორნები უბრალოდ ლიკვიდირებული იქნებიან და ვერ შეძლებენ ოპერირებას. ჩვენ არავის არ ვემუქრებით, უბრალოდ სამწუხაროა, რომ ეპიდემიოლოგებს და ხელისუფლებას ვერ გავაგებინეთ, რა პრობლემის წინაშე დგას სტუმარ-მასპინძლობის სფერო და კვების ობიექტები. ამ კუთხით კი დავანახებთ, რომ მხოლოდ ჩვენი პრობლემა კი არ იქნება, სახელმწიფოს პრობლემაც იქნება, ეს გვინდა გავაგებინოთ. სხვა ლოგიკით ვერ შევაგნებინეთ ამ ხალხს, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ დღეს. ჩვენ გვესმის ალოგიკური ახსნა-განმარტება, რომ ეს სფერო ამ გამოწვევას გადაიტანს, ანუ იწილო-ბიწილოს თამაშობენ.

ჩვენ, სტუმარ-მასპინძლობის სფერო, 200 რესტორანი, თავისი თანამშრომლებით, ვიკრიბებით 14:30-ზე პუშკინის სკვერში, შემდეგ უკვე სვლით წავალთ კანცელარიისკენ და იქ შევუერთდებით უკვე ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების მიერ დაგეგმილ აქციას”, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

Share