Home » ბიზნესი » ეპიდემიოლოგები VS ბიზნესი

ეპიდემიოლოგები VS ბიზნესი

თამაშგარეში დარჩენილი ბიზნესსექტორები ეპიდემიოლოგებს ბიზნესის ლიკვიდირებაში ადანაშაულებენ

შეზღუდვების მოხსნის თაობაზე ეპიდემიოლოგებსა, მთავრობასა და ბიზნეს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ. მოლაპარაკების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია შესული. ხელისუფლება ეპიდემიოლოგების რჩევებზე დაყრდნობდით ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობის განახლებას არ ჩქარობს, ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით კი საზოგადოებას, ეპიდემიოლოგებსა და სახელმწიფოს შორის არის უფსკრული, რომელიც უფრო და უფრო ფართოვდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურდება. თუმცა, ხელისუფლება ბიზნეს სექტორების გახსნის ტემპებს არ აჩქარებს. შედეგად, ბიზნესის სხვადასხვა სექტორები დღემდე თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან. ამის ფონზე საინტერესოა თუ რას ითხოვენ ისინი და რა კონტრარგუმენტები არსებობს მათი მოთხოვნის საპირისპიროდ.

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძეს განცხადებით, ბიზნესის ლიკვიდირება ხდება ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით. მისივე თქმით, ისინი სპეკულირებენ ადამიანის სიცოცხლით

ბიზნესის ლიკვიდირება ხდება ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, ისინი სპეკულირებენ ადამიანის სიცოცხლით. დღევანდელ შეხვედრაზე შესვლის დროს ვთქვი, რომ ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი და სამწუხაროდ, ეს გამართლდა. დამოკიდებულება არის სრულიად გაუგებარი, საზოგადოებას და ეპიდემიოლოგებსა და სახელმწიფოს შორის არის უფსკრული, რომელიც დღესდღეობით წარმოიშვა და გაფართოვდა.

ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯს აქვს თავისი ახსნა, როცა გადაწყვეტილება არის მიღებული, ამას ლოგიკური ახსნა უნდა ჰქონდეს, როცა მიმღებლობა დიდია საზოგადოების და ბიზნესის მხრიდან, რომ გაიგოს ეს და ვერ იგებს, დასკვნა მარტივია, რომ გადაწყვეტილებები არასწორია. აქ საუბარი არ არის რომელიმე ბიზნეს წარმომადგენლის პრობლემაზე, ეს არის საზოგადოების პრობლემა, სადაც ბიზნესის ლიკვიდირება ხდება, ამ შემთხვევაში, ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, ისინი სპეკულირებენ ადამიანის სიცოცხლით, ეს არის ზუსტად ის არასწორი მიდგომა, რადგან ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე არის დამოკიდებული იმ გადაწყვეტილებებზე ბიზნესის ლიკვდაციიდან გამომდინარე და იმ სიტუაციიდან გამომდინარე, სადაც ჩვენ შეხების წერტილებს ვეღარ ვნახულობთ და საუბარი საუბრისთვის ხდება და ურთიერთკომუნიკაციაში ერთმანეთის დანახვა ხდება მხოლოდ. ვართ სოციალური აფეთქების წინაშე, ამას სიხარულით კი არ ვამბობ, ამას ვამბობ ძალიან დიდი გულდაწყვეტით, დღეს გარეთ არის აქცია და სიტუაცია კიდევ რთულდება.

ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ რეგულაციების ფორმატში მოხდეს ბიზნესის მუშაობა და არა ის, რომ ვიმუშაოთ რეგულირების გარეშე. სამწუხაროდ, მთავრობის წარმომადგენლები დღეს იყვნენ ადვოკატებად ეპიდემიოლოგების. ეს არის გაუგებარი რეალობა და ამ რეალობას ქვეყნის გაუბედურება მოჰყვება, მე მინდა ახლა რასაც ვამბობ, ამაში ვცდებოდე“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

„თბილისი ცენტრალის“ დირექტორის, ლევან ყარალაშვილის თქმით, თავიანთმა სექტორმა უკვე ანახა თუ როგორ შეიძლება იმუშაონ წარმატებულად პანდემიის პერიოდში. მისი თქმით, სექტორის მუშაობით არანაირი ეპიდაფეთქება არ მომხდარა.

„ჩვენმა სექტორმა ანახა, როგორ შეიძლება მართო პროცესი წარმატებულად პანდემიის პერიოდში. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში 6 სავაჭრო ცენტრი მოვემსახურეთ 1 მილიონ მომხმარებელს და არანაირი ეპიდაფეთქება არ მომხდარა ანუ ეს შესაძლებელია.

ჩვენი შეთავაზება იქნება, რომ შაბათ-კვირის შეზღუდვის გარეშე გავაგრძელოთ მუშაობა. ასევე, საერთო პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იმიტომ, რომ 17 ათასი ადამიანი ყოველ დღე სამსახურში როგორ უნდა წავიდეს კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ასევე, მნიშვნელოვანია იყოს ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც ასევე არაა დამუშავებული, ეს გულისხმობს შეღავათს ქონების გადასახადზე, ასევე ვისაუბრებთ „კომენტანტის საათზე“, რომ ერთი საათით მაინც გადაიწიოს. სავაჭრო ცენტრებმა და ბიზნესმა რომ იმუშავოს 8-დან 9 საათამდე, ცოტა დროა, რომ ეს ხალხი სახლში მივიდეს.

უკვე 9 თვეა პანდემიის პირობებში ვმუშაობთ და ბოლო ტესტმა, რაც ჩავაბარეთ, ანახა, რომ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი, შიდა დეზინფექციის სამუშაოები ეფექტიანია და მუშაობს. ხელისუფლებამ გაითვალიწინა ჩვენი მოთხოვნა და თებერვლის თვეში ჩატარებული ჩვენი თანამშრონლების ტესტი დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ”, – განაცხადა ყარალაშვილმა.

მიუხედავად ბიზნესის მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილებისა და არგუმენტებისა, საქართველოს მთავრობა ბიზნესსაქმიანობის აღდგენას არ ჩქარობს. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ყველაფრის ერთბაშად გახსნის ფუფუნება არ აქვს.

„გვინდა ვიყოთ მაქსიმალისტები, ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ, რადგან ფრთხილი ნაბიჯები არის გარანტია, რომ ერთი თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა“, – აღნიშნავს თურნავა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანაში ყველაფერი ერთბაშად გაიხსნება, იგივე ვითარება დადგება, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო.

სოლიდარული ვარ რესტორნების, სამთო კურორტების და ყველას მიმართ, მაგრამ ახლა, რომ ყველაფერი ქვეყანაში ერთბაშად გაიხსნას იგივე ვითარება დადგება, რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუჭერ იმას მხარს, რომ ისევ შევიდეთ იმ მასშტაბის ტალღაში, როგორიც გვქონდა. ამას არ ვისურვებდი და ვერავითარ შემთხვევაში დავუჭერ იმას მხარს, რომ ისევ შევიდეთ იმ მასშტაბის ტალღაში, როგორიც გვქონდა. ვირუსი არსად გამქრალა, აგერ, გვერდზე არის, ყველგან ტრიალებს. ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავაკვირდეთ ორკვირეულ მონაცემებს და გარკვეული რიგითობით უნდა გაიხსნას“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

გიორგი არაბული

Share