Home » საზოგადოება » „ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საფუძველი სექტორის გამჭვირვალობა უნდა გახდეს“

„ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საფუძველი სექტორის გამჭვირვალობა უნდა გახდეს“

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა განაგრძობს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას. ამ კონტექსტში, სულ ახლახანს აფბამ სსე-სგან (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) გამოითხოვა ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. ინფორმაციაში მითითებული უნდა ყოფილიყო განხორციელების ვადები, დეტალები თითოეული პროექტის საინვესტიციო მოცულობისა და ტექნიკური მაჩვენებლების თაობაზე და იმის შესახებ, თუ რომელი დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით ხორციელდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. აფბაში აცხადებენ, რომ სსე-სგან მიღებული პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი და პასუხისა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობადაც კი შეგვიძლია განვიხილოთ. გთავაზობთ ინტერვიუს აფბას ხელმძღვანელთან, – გიორგი კაპანაძესთან.

– გიორგი, რა სახის ინფორმაციას სთხოვდით სსე-ს და რა პასუხი მიიღეთ, რომელმაც თქვენი ინტერესი არ დააკმაყოფილა?

ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ დავიწყეთ ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის ირგვლივ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესწავლა. ამ კონტექსტში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისგან“ (სსე), მოვითხოვეთ ინფორმაცია, სადაც მითითებული უნდა ყოფილიყო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ვადები. ასევე დეტალები თითოეული პროექტის საინვესტიციო მოცულობისა და ტექნიკური მაჩვენებლების თაობაზე და იმის შესახებ, თუ რომელი დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით ხორციელდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. ამ ტიპის ინფრომაცია მოგვცემდა გარკვეული ანალიზის საფუძველს.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სსე-მ არ ჩათვალა თავი ვალდებულად, ორგანიზაციისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია დეტალურად მიეწოდებინა. მათი განცხადებით, სსე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ახორციელებს საჯარო მმართველობას და არ მოქმედებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების ფარგლებში. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დადგენილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა.

მათ მხოლოდ მოგვაწოდეს რამდენიმე ბმული, მათივე ვებგვერდიდან, რომელთა მეშვეობითაც, შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების მოძიება. ეს გზა, ორგანიზაციის მიერ, ცხადია, მათთვის კითხებით მიმართვამდეც გავლილი იყო და რამდენადაც არსებული ინფორმაცია არასრულ პასუხებს გვაძლევდა ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე, ამიტომ გამოვითხოვეთ დეტალური ინფორმაცია. სამწუხაროდ, სსე-ში, ისევე როგორც ეს ესკოს შემთხვევაში მოხდა, არ არიან მზად გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დასაცავად.

– რა იქნება თქვენი მომდევნო ნაბიჯი – განაგრძობთ კვლევას, თუ სსე-ს პასუხი, უფრო სწორად, უპასუხობა, ის ბარიერია, რომელიც კვლევის მიმდიანრეობას შეაფერხებს?

რა თქმა უნდა, ჩვენი საქმიანობა და საკუთრივ ენერგეტიკული სექტორზე დაკვირვება და მიმდინარე პროცესების ანალიზი, ვერც სსე-ს, ვერც ესკოს და ვერც ვერც ერთი სხვა უწყების გუნება-განწყობასა და ხასიათზე ვერ იქნება დამოკიდებული. ცხადია, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას. ჩევნი დღის წესრიგის ერთ-ერთი ამოცანა კი გახლავთ მაქსიმალური ხელშეწყობა საიმისოდ, რათა ენერგეტიკულ სექტორში რადიკალურად ამაღლდეს გამჭვირვალობის ხარისხი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტანდარტი. ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საფუძველი სწორედ სექტორის გამჭვირვალობა უნდა გახდეს. ადრე თუ გვიან, ამ მარტივი ჭეშმარიტების გააზრება და მასტან შეგუება მოუხდება სექტორში მოთამაშე ყველა აქტორს.

– კონკრეტულად რას აპირებთ ამ ეტაპზე?

ამ ეტაპზე, აფბა აფიქსირებს, რომ სსე-სშიც გამჭვირვალობის პრობლემა მწვავედ დგას. შესაბამისად, აფბა კიდევ ერთხელ მოუწოდებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ გამოიჩინოს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და მიაწოდოს ორგანიზაციას მათ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია. ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს, რატომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, მაგალითად, რა ვითარებაა KFW-სთან, მსოფლიო ბანკთან, იბიარდთან თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების თვალსაზრისით.

უახლოეს დღეებში, უქმეების გასრულების კვალდაკვალ, აფბა ასევე დაიწყებს ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის საიმედოობისა და ტექნიკური გამართულობის საკითხის შესწავლას. აღნიშნულის ფარგლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისგან“ გამოვითხოვთ ინფორმაციას – 2016-2021 წლებში მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელზე მომხდარი ავარიების რაოდენობის შესახებ. მათ შორის, მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელ მაღალი ძაბვის გადამცემ ქსელებზე მომხდარი ავარიების შესახებ. მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოწოდებულ ინფორმაციაში დეტალურად იყოს მითითებული ყოველი ავარიის კონკრეტული თარიღი (დღე, თვე, წელიწადი). ვნახოთ, ამჯერად რა დამოკიდებულებას გამოიჩენს სსე…

ავარიების სიხშირის, ხასიათის და სხვა მახასიათებლების განალიზება მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რამდენადაც ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კონტექსტში ტექნიკურად გამართულ გადამცემ ქსელს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს. ვფიქრობთ, დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის საიმედოობა, რადგან მნიშვნელოვანია, ელექტროენერგიის იმპორტ/ექსპორტის დროს მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ავარიები და შემცირდეს ამ ავარიების შედეგად გამოწვეული ელექტროენერგიის დანაკარგები.

Share