Home » ეკონომიკა » ენერგეტიკული ომი რუსეთთან – რუსეთი VS საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა (ჟურნალისტური მოკვლევა)

ენერგეტიკული ომი რუსეთთან – რუსეთი VS საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა (ჟურნალისტური მოკვლევა)

რუსეთის უახლესი გეგმები…

– როგორია რუსეთის მოქმედების შესაძლო სცენარები ენერგოდოქტრინის მიხედვით და რამდენად შეძლებს მის განხორციელებას?

 – ვინ ლობირებს რუსულ ენერგეტიკას, ვისი პირით ავრცელებენ დეზინფორმაციას ელექტროენერგიის იმპორტის ტარიფებზე და რა მეთოდებით ცდილობენ დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ 2+2=22

– როგორ ცდილობენ რუსეთის ეკონომიკური მოდელის შემოტანას საქართველოში და ვინ არიან ის ახალი ფიგურანტები, რომლებსაც ეს მისია დაეკისრათ.

რუსული ენერგეტიკული ლობი საქართველოში – დამკვეთები და შემსრულებლები (ჟურნალისტური მოკვლევა)

ამ ჟურნალისტურ მოკვლევაში შევეცდებით დეტალურად მივყვეთ მოვლენების განვითარებას:

საქართველოს ენერგეტიკასთან მიმართებაში რუსეთს, ტრადიციულად, გრანდიოზული და ამბიციური გეგმები აქვს. მისი შესრულება უკვე დაიგეგმა. „ინტერ რაო” 2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის 57,7%-ით გაზრდას გეგმავს და ამას პირდაპირ აცხადებს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

სააქციო საზოგადოება „ინტერ რაო” 2021 წელს გეგმავს საზღვარგარეთის ქვეყნებს 15 მლრ კვტ. სთ. ელექტოროენერგია მიაწოდოს, 28%-ით მეტი ვიდრე 2020 წელს.

კომპანია ვარაუდობს, რომ ძირითადი მყიდველები ბალტიის ქვეყნები (ლატვია და ლიტვა) იქნებიან და მათ წილად გაყიდვების 33% მოვა. ფინეთის წილი გაყიდვის მთლიან მოცულობაში 27% იქნება, ჩინეთის – 21%, ყაზახეთის – 8%, საქართველოსი – 6%, სხვა ქვეყნების კი – 5%.

ესკოს მონაცემების თანახმად, 2020 წელს საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებული იყო 570 მლნ კვტ სთ ელექტროენერგია, „ინტერ რაოს” მიერ პრეზენტაციაზე გაცხადებული 6%-იანი წილი საერთო ექსპორტში კი არის 900 მლნ კვტ სთ ანუ 57,7%-ით მეტი, ვიდრე წინა, 2020 წელს, 71,6%-ით მეტი, ვიდრე 2019 წელს და 335,8%-ით მეტია, ვიდრე 2018 წელს.

 რუსეთი VS  საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა

როდესაც რუსეთი რაღაცას გეგმავს, ის მიზამიმართულად და დაჟინებით ცდილობს მის სისრულეში მოყვანას და ამის მაგალითი სახეზე გვაქვს.

2014 წელს, რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე ახალი ენერგეტიკული დოქტრინა გამოქვეყნდა, რომელიც უახლოეს 2014-2020 წლებში რუსეთის მოქმედების სტრატეგიას გულისხმობდა.

6 წლიანი დოქტრინის მიხედვით, რუსეთმა ზედმიწევნით ზუსტად გათვალა, რომ  განვითარებულ ბაზრებზე მოთხოვნა რუსულ ენერგომატარებლებზე მოიკლებდა. დოქტრინაში პირდაპირ წერდნენ, რომ ძირითადი მომხმარებელი, ევროპა ეძებდა ალტერნატიულ წყაროებს, რადგან ევროპაში აქტუალურია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება, ის მიიჩნევა არასანდო პარტნიორად და მისი ენერგომატარებლების ფასი ხშირად პოლიტიკური ფაქტორებით არის განპირობებული.

დოქტრინის მიხედვით, შემცირებული გაყიდვების დაკმაყოფილება უნდა მომხდარიყო რეგიონის და განვითარებად ბაზრებზე ექსპანსიით, სადაც ეკონომიკა და მოთხოვნა შესაბამისად მზარდია.

ამ ფონზე, რუსეთი ცდილობს განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელი შეუშალოს ახალი პროექტების განხორციელებას, რომელიც მასზე დამოკიდებულებას ამცირებს. და თავის სამოქმედო გეგმაში პირდაპირ წერს:

Целями государственной региональной энергетической политики на федеральном уровне являются создание единого экономического пространства в энергетической сфере путем развития межрегиональных рынков энергоресурсов и транспортной инфраструктуры, оптимизация территориальной структуры производства и потребления топливноэнергетических ресурсов.

Для каждого из них должны разрабатываться индивидуальные программы обеспечения энергетическими ресурсами

ამ კონტექსტში ერთ-ერთი იყო და არის საქართველო, რომელიც აქტიურად განიხილებოდა როგორც სატრანზიტო ქვეყანა ევროპაში აზიური ენერგომატარებლებისთვის, გარდა ამისა, ის ცდილობს განავითაროს საკუთარი ჰიდროენერგეტიკა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, გარდა ბიზნეს ინტერესებისა, რუსეთი აქტიურად ცდილობს ენერგოდამოკიდებულება აქციოს პოლიტიკურ და გავლენის სფეროს გაძლიერების  ინსტრუმენტად, ამიტომ მისი ინტერესი, საქართველო არ გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი, დიდია. შესაბამისად, რუსეთის ინტერესებშია საქართველოში არ მოხდეს ჰიდრორესურსების ათვისება. რუსეთის სამოქმედო სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი დაუმორჩილებელი რეგიონების დასჯააცაა.

გიორგი ჩიქოვანი (საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი) ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ელექტრო ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების ზრდაზე და მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 2010 წლიდან 8-ჯერ, ხოლო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა.

„მაშინ როდესაც საქართველოს აქვს ის რესურსი, რასაც ენერგეტიკა ჰქვია, ჩვენ ამ რესურსის ათვისებას ვერ ვახერხებთ და მეზობელ სახელმწიფოებზე უფრო და უფრო დამოკიდებულები ვხდებით. ჩვენი ელექტრო სადგურებით დაახლოებით 12 მილიარდ კილოვატ საათს გამოვიმუშავებთ, აქედან 25% ისევ იმპორტირებულ საწვავზე, ანუ გაზზე მომუშავე სადგურებია, რეალურად ჩვენი ადგილობრივი გენერაცია დაახლოებით 65% პროცენტს შეადგენს.  ჩვენი სტრატეგიის რამდენიმე მთავარი ფუნდამენტი ჩვენი რესურსების ათვისებაა, რაც რეგიონულ ვაჭრობას, მომხმარებლის უფლებების დაცვას, ენერგო ეფექტურობასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას გულისხმობს“ – აცხადებს გიორგი ჩიქოვანი „კომერსანტთან“.

რუსეთის  ენერგოპოლიტიკა და „ინტერ რაოს“ „ფილიალი“ საქართველოში…

რამდენ ხანს გასტანს რუსეთის აგრესიული ენერგოპოლიტიკა და რა მეთოდებს მიმართავს მის სისრულეში მოსაყვანად?! ვინ არიან მისი მთავარი ლობისტები საქართველოში და როგორია მათი გეგმა?

2019 წელს, მას შემდეგ, რაც „ინტერ რაო საქართველო“ დაარსდა, ზუსტად 2 თვეში, დაიწყო რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა და 2018 წელს 1,5%-მდე შემცირებული რუსული დენის წილი 2 წელიწადში სამჯერ გაიზარდა.

საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში  განვითარებული მოვლენები რუსეთს და რუსული ენერგოდოქტრინის ქართველ ლობისტებს სიმშვიდის საშუალებას არ აძლევდა.

მათთვის, ანუ რუსული ლობისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მონაცემების მიხედვით, საქართველოს მიერ მოხმარებული ელექტროენერგია 2007 წელს 8 779 მლნ კვტსთ-დან 2018 წელს 13 644 მლნ კვტსთ-მდე ანუ 55%-ით გაიზარდა, თითქმის იგივე დონეზე დარჩა 2019 წელს და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული არასახარბიელო ეკონომიკური გარემოებების გამო მცირედით შემცირდა 2020 წელს.

მოხმარებულ ელექტრო ენერგიაში იმპორტირებულის მოცულობა 2007 წელს 433,3 მლნ კვტსთ-დან 2020 წელს გაიზარდა 1610,1 მლნ კვტსთ-მდე, ხოლო პროცენტული წილი 4,9%-დან 12.6%-მდე.

ამ დროს, მსოფლიო რუკაზე რუსეთიდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობის მკვეთრი შემცირება ხდება, რაც  „რაო ე-ესის“ – რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის ერთადერთი ოპერატორის ღია და აგრესიულ ქმედებებს იწვევს.

„ინტერ რაოს“ მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის თანახმად, რუსეთიდან ელექტროენერგიის ექსპორტი 39,5%-ით იყო შემცირებული

 (იხ. ცხრილი)

ზემოაღნიშნულმა ფაქტებმა და საქართველოს მიერ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის გადადგმულმა მნიშვნელოვანმა ნაბიჯებმა, რუსეთის მხრიდან საკმაოდ ღია და აგრესიული მოქმედება გამოიწვია.

ეკონომისტი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ესკოს მონაცემების თანახმად, 2019-2020 წლებში რუსეთიდან შემოტანილი ელექტო ენერგიის მეტობამ საქართველოდან რუსეთში გატანილთან შედარებით 1035.8 მლნ კვტსთ შეადგინა.

გიორგი კაპანაძე: „ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთიდან ექსპორტის მოცულობა პრაქტიკულად განულდა უკრაინასა და ბელარუსში, ძალზედ შემცირდა ტრადიციულად რუსეთის ელექტროენერგიის მომხმარებელ ლიტვაში და ფინეთში. არ შემცირებულა მოცულობა, მაგრამ ამონაგები ზამთრის პერიოდში ჩინეთში შორეული აღმოსავლეთის რეგიონების ძვირიანი ელექტროენერგიის ექსპორტიდან იმდენად შემცირდა, რომ „ინტერ რაომ“ შესაძლო ზარალის გამო ექსპორტის შეწყვეტა არ გამორიცხა და ამის შესახებ ჩინეთი წინასწარ გააფრთხილა.

შესაბამისად, რუსეთმა იგრძნო ბაზრის დაკარგვის საფრთხე და  დაიწყო დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება კონკურენტი იმპორტიორების მიმართ.

ამ მიზნით,  “ენერგეტიკულ ანექსიაში” შემოიყვანეს მათთან მჭიდრო ბმაში მყოფი პირები, რომლებიც ფაქტების გაყალბებით, მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს რუსული დენი გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე იმპორტი სხვა მეზობელი ქვეყნებიდან აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან ან სომხეთიდან. ოღონდ დენის ტარიფს ითვლიან იანვრის თვის ათდღიანი მონაკვეთის ფასით, როცა რუსეთში უქმეებია და დიფერენცირებული ტარიფი კილოვატზე გაცილებით დაბალია, ვიდრე პიკური მოხმარების დროს.“

 (იხ.: ჰისტოგრამა 3)

რუსული „ინტერ რაოს“ საბჭოს წევრი ალექსანდრა პანინა: პერსპექტიულ მიმართულებათა შორის  საქართველოა!

 2019-2020 წლებში რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიის მკვეთრი ზრდის დაწყების წინ, 2019 წლის 20 მაისს, „ინტერ რაოს“ საბჭოს წევრმა ალექსანდრა პანინამ რუსული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მეტად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

ინტერვიუში პანინა აცხადებდა, რომ საქართველოს ბაზრის პერსპექტივას განაპირობებდა მოხმარების ზრდის მაღალი ტემპი, აგრეთვე თურქეთში რეექსპორტის პოტენციური შესაძლებლობა.

ინტერვიუს პრესაში გამოქვეყნებამდე კარგა ხნით ადრე „ინტერ რაოს“ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი ჰქონდა, ინტერვიუში გახმაურებული მიზნების მისაღწევად, საქართველოში თავისი ფილიალის დაარსება, რაც 21 მაისს საქართველოს საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში შპს ინტერ რაო საქართველოს გატარების დროს წარდგენილი დოკუმენტაციითაც დასტურდება.

 “ინტერ რაო საქართველოს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და დირექტორად კი ესკოს ყოფილი თავმჯდომარე, ვახტანგ ამბოკაძე დანიშნეს.

აღსანიშნავია, რომ იმ ესკომ, რომლის თავმჯდომარეც თავის დროზე ამბოკაძე იყო, „ინტერ რაო საქართველოს” საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მეორე დღეს, 22 მაისს მისცა საბითუმო ვაჭრობაში როგორც იმპორტიორის, ისე ექსპორტიორის სახელით ვაჭრობის უფლება.

შპს „ინტერ რაოს“ დაარსებიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა და 2018 წლის 1,5%-მდე შემცირებული რუსული დენის წილი 2 წელიწადში სამჯერ გაიზარდა.

 ყოფილი მინისტრი – ლობირებდა თუ არა გიორგი ქობულია რუსეთის ეკონომიკურ მოდელის დამკვიდრებას საქართველოში

 რუსული „ინტერ რაოს“ საქართველოში შემოსვლის მოსამზადებელი პერიოდი გიორგი ქობულიას მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ საუბარია ეკონომიკის ყოფილ მინისტრზე, რომელსაც უკვე მინისტრად დანიშნულს, საქართველოში სამი თვე ველოდებოდით, რადგან მისი თქმით, მოსკოვში საქმეები ჰქონდა დასამთავრებელი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია  McKinsey-ის პარტნიორმა გიორგი ქობულიამ გადაცემა „დროებას“ განუცხადა, რომ თანამდებობა სწორედ ელექტროენერგიის შესყიდვისა და იმპორტის სისტემაში არსებული ხარვეზების გამო დატოვა. აღსანიშნავია, რომ მინისტრობამდე, ქობულია McKinsey-ის რუსეთის ოფისის პარტნიორი და ენერგეტიკული კომპანიების შერწყმისა და გაერთიანების საკითხებზე მუშაობდა.

გიორგი ქობულია: შუამავლის არსებობა თეორიულად ძნელი გასაგებია რისთვის არის საჭირო, როდესაც სახელმწიფოებს შორის მიდის გარიგება, ჩვენ შეგვეძლო ალბათ  უფრო იაფად გვეყიდა ელექტროენერგია პირდაპირ, იგივე ვთქვათ აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიისგან. თეორიულად ასეთი გამართლება შეიძლება არსებობდეს, როგორც უკვე ვთქვი. თუ მაგალითად  შუამავალი კომპანია არის ძალიან მსხვილი შემსყიდველი ელექტროენერგიის ზოგადად, ანუ ყიდულობს  ბევრად დიდი  მოცულობის ელექტროენერგიას და საქართველოს აწვდის. ასევე, აწვდის სხვა და სხვა მომხმარებელს სხვა ქვეყნებში მაგალითად და ამის შედეგად, ამ დიდი მოცულობების შესყიდვის შედეგად იღებს რაღაც განსაკუთრებულ ფასდაკლებას, რომელსაც ჩვენ ვერ მივიღებდით. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, მე ასეთი გამართლება ვერ დავინახე,“ – აცხადებდა ყოფილი მინისტრი.

საგულისხმოა, რომ გიორგი ქობულიას განცხადებები სცდება ეკონომიკური შეფასების კატეგორიებს და უფრო პოლიტიკური ელფერი აქვს. ისიც გასაკვირია, რატომ ამახვილებს ყურადღებას აზერბაიჯანული ენერგიის იმპორტიორის შუამავლობაზე, როდესაც ყველა მეზობელი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდანაც, იმპორტი კერძო კომპანიების მეშვეობით ხდება. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ეს მიღებული და დამკვიდრებული პრაქტიკაა მსოფლიოში და ევროპაშიც იმპორტს, როგორც წესი, კერძო კომპანიები ანხორციელებენ.

ყოფილი მინისტრის განცხადება ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანმა შეაფასა: “გაოცებული ვიყავი, როცა მოვისმინე ეკონომიკის ექსმინისტრის გიორგი ქობულიას მოსაზრება, რომ ბაზარზე იმპორტიორების შემოსვლა უნდა განისაზღვროს არა კონკურენციით, არამედ მოლაპარაკებებით. მისი მიდგომები გაუგებარია.

ვის ვის და, დარწმუნებული ვარ, გიორგი ქობულიას კვალიფიკაციისა და გამოცდილების ექსპერტსა და ანალიტიკოსს  არ ეშლება თავისუფალი ბაზრის პრინციპები და მიმაჩნია, რომ როდესაც საუბრობდა ელექტროენერგიის იმპორტის ბაზრის თაობაზე და იმპორტიორის შერჩევისას კონკურენციის როლს აკნინებდა,  რეალურად თავადვე არ ეთანხმებოდა ამას.  თუ რატომ აჟღერებდა იმას, რასაც უბრალოდ ვერ დაეთანხმება ადეკვატური აზროვნების მქონე ეკონომისტი, ეს უკვე საუბრის სხვა სიბრტყეა და ეს ანალიზი შორს წაგვიყვანს“.

გიორგი ქობულია 2009 წელს საკონსულტაციო კომპანია  McKinsey-ის რუსეთის ოფისის ოფიციალურ გვერდზე vestnikmckinsey.ru-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში რუსული ენერგეტიკული კომპანიების პოტენციალზე წერს – საქართველოს ეკონომიკის ექსმინისტრი აღნიშნავს,  რომ მათ განვითარების დიდი შანსი აქვთ და სხვა ქვეყნებში ექსპანსიის პოტენციალი ძალიან მნიშვნელოვანია. ექსმინისტრი წუხს, რომ ამ შანსს რუსული კომპანიები კარგად ვერ იყენებენ: „ცუდია, რომ კომპანიების ხელმძღვანელები, ახალი შესაძლებლობების ძიების დროს, სულ უფრო ხშირად ასკდებიან კედელს, რომელსაც მანამდე ვერ ამჩნევდნენ,“ – წერს გიორგი ქობულია.

ეკონომისტი ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ ენერგობალანსში, დღეისათვის არსებული მდგომარეობა და არასანდო პარტნიორის (ანუ რუსეთის)  ხვედრითი წილის ზრდა, რა თქმა უნდა არასახარბიელოა, თუმცა ცხადია, დასახული მიზნების განსახორციელებლად რუსეთსაც საკმაოდ რთული ამოცანები ექნება გადასაჭრელი. მისი აზრით, ძალიან საეჭვოა მედიაში გაჟღერებული მანიპულაციები იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობებით და ღირებულებით – ვის ჭირდება შეწონილი ფასის პიკური ენერგიის ფასთან შედარება ან ღამის მოხმარების ფასის გასაღება შეწონილ ტარიფად?

ანდრია გვიდიანი: ამ დიდ ენერგეტიკულ ორთაბრძოლაში ჩნდებიან „ახალი ფიგურები“, რომლებიც ძალიან ცუდი და რაც მთავარია, არაკეთილსინდისერი არითმეტიკით ცდილობენ ქართული საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ „ხსნა რუსეთშია“.

იგივე პირები ამტკიცებენ იმას, რომ აზერბაიჯანული დენის იმპორტიორი კომპანია შუამავალია და ამ დროს საერთოდ არ ახსენებენ რუსული „ინტერ რაოს“ ფილიალს საქართველოში „ინტერ რაო საქართველოს“…

ნებსით თუ უნებლიედ, ელექტროენერგიის ბაზარზე რუსეთის მონოპოლური მდგომარეობის აღდგენას ემსახურებიან ის პირები, რომლებიც  აზერბაიჯანიდან საქართველოში და აგრეთვე საქართველოს გავლით თურქეთსა და საბერძნეთში დენის მიწოდებით დაკავებული იმპორტიორი კომპანია „ელგრინის“ დისკრეტიდირების მიზნით წამოწყებულ კამპანიებში ერთვებიან. ისინი ძალიან არაკეთილსონდისიერად „თამაშობენ ტარიფებით“.

ანდრია გვიდიანის თქმით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი, ზოგადად, შედგება დღის, ღამის და უქმე დღეების ტარიფის შეწონვიდან.

„ამ პრინციპიდან გამომდინარე, მაგალითად 2021 წლის იანვრის თვეში რუსული ელექტროენერგიის ფასი (იმპორტიორი „ინტერრაო საქართველო“) კილოვატზე შეგვიძლია ასე გამოვხატოთ – 4.1/4.1/7.8 -ანუ ღამით და უქმეებზე 4.1. ცენტი, ხოლო დღისით (14 საათის განმავლობაში) – 7.8 ცენტი.  აზერბაიჯანიდან იმპორტიორის ფასები კი შეადგენდა 3.9/3.9/5.4 ცენტს ანუ -ანუ ღამით და უქმეებზე 3.9 ცენტი, ხოლო დღისით (14 საათის განმავლობაში) – 5.4 ცენტი.  ამ რიცხვების შედარებით, ფაქტია,რომ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი უფრო იაფია, ვიდრე რუსეთიდან.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ესკო იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი სახელმწიფო უწყება, მათ შორის ახლახანს ჩამოყალიბებული ენერგეტიკული ბირჟა, მათ უნდა უზრუნველყონ ელექტროენერგიის ყიდვა- გაყიდვის პროცესის სრული და მაქსიმალური გამჭვირვალობა. ეს იქნება სწორი განვითარება და ეს სჭირდება საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის მომავალს,“ – აცხადებს ანდრია გვიდიანი.

ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ ესკოს მონაცემებზე გადახედვით ჩანს, რომ „ელგრინის“ ბაზარზე შემოსვლის მომენტში, რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიის მოცულობის შემცირება უკვე დაწყებული იყო და წარმოქმნილი გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მოლოდინი საქართველოს აზერბაიჯანიდან შეიძლებოდა ჰქონოდა და არა თურქეთიდან და სომხეთიდან. აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ექსპორტის დაწყებამ ხელი შეუწყო კონკურენციას და ბაზარზე სამართლიანი ფასის დამკვიდრებას.

 ეკონომისტი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოყალიბებული კონკურენტული გარემოს გათვალისწინებით, გიორგი ქობულიას განცხადება გარკვეული ეჭვების საფუძველს აჩენს და უფრო მეტად ემსახურება რუსული ეკონომიკურ მოდელის შემოტანის მცდელობას საქართველოში.

გიორგი კაპანაძე: „ჩვენ  იმ ეკონომიკური მოდელით ვერ ვივლით, რასაც ყოფილი მინისტრი გვთავაზობს. ვფიქრობ, გიორგი ქობულიას საქმიანობა, დაკავშირებულია სწორედ აღნიშნული ეკონომიკური მოდელის ლობირებასთან საქართველოში – შეიძლება, არა კონკრეტული პროექტის ლობირებას, არამედ ეკონომიკური მოდელის, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური პროცესის ძირითადი მონაწილეები თურმე უნდა იყვნენ სახელმწიფო კომპანიები.

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ გზას არასოდეს არ დავუბრუნდებით. პირიქით, ის რამდენიმე სახელმწიფო კომპანია, მათ შორის რაც არის შემორჩენილი ელექტროენერგეტიკის სექტორში, რაც შეიძლება მალე უნდა იქნას პრივატიზირებული და საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დარჩეს მხოლოდ ის  ობიექტები, რომელთაც სახელმწიფო საკუთრების გარეშე ფუნქციონირება შეუძლებელია.“

გიორგი ქობულია: ამ კითხვებზე ვერ გიპასუხებთ…

ცხადია, კითხვებით მივმართეთ გიორგი ქობულიასაც, რომელმაც თავიდან მოგვწერა, რომ კითხვები გადაგვეგზავნა წერილობით. შინაარსის გაცნობის შემდეგ, გაგვიცხადა, რომ ამ კითხვებზე ვერ გვიპასუხებდა.  მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვების დიდი ნაწილი სწორედ იმ თემას ეხებოდა, რაზედაც მან ტელეკომპანია ფორმულასთან, გადაცემა “დროებაში” ისაუბრა.

კითხვებს, რომელიც მას მივწერეთ, სრულად გთავაზობთ:

ბატონო გიორგი, თქვენ ბოლო პერიოდში არაერთხელ გააკეთეთ საინტერესო მიმოხილვა საქართველოში ელეტროენერგიის შემოტანასა და ტარფებთან დაკავშირებით, ასევე მოდელზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს. ამიტომ რამდენიმე კითხვით მეც მოგმართავთ.

1.თქვენ ერთხელ ახსენეთ, რომ ელექტროენერგიაზე ფასები არა კონკურენციის გზით, არამედ მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს და ეს უნდა გვარდებოდეს სახელმწიფო კომპანიების მიერ. უფრო მეტიც, აღნიშნეთ, რომ თქვენი თანამდებობიდან წასვლა სწორედ ამ მოდელის „ვერ გატანას“ უკავშირდება. მაგალითისთვის, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რომელ ქვეყნებს შორის ხდება ამ ტიპის გარიგებები და რომელ ევროპულ სახელმწიფოში ხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი არა კერძო, არამედ სახელმწიფო კომპანიებით?

  1. თქვენ ასევე ახსენეთ საქართველოში ელექტროენერგიის შემომტანი შუამავალი კომპანიები. თუ შეგიძლიათ დაგვიზუსტოთ, რომელი ქვეყნიდან არიან შუამავალი კომპანიები და რომელი ქვეყნიდან -იმპორტიორი?

3.თქვენი მინისტრობის დროს რას ეფუძნებოდა თქვენი თქვენი კონკრეტული პრეტენზიები ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით და იყო თუ არა საკონტრაქტო ფასები კონკურენტული?

  1. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ საუბრობთ, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტრო ენერგია აზერბაიჯანიდან იმპორტირებულზე იაფია. იყო თუ არა თქვენი მინისტრობის პერიოდში ისეთი ფაქტი, როდესაც აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე რუსული და ესკომ მაინც აზერბაიჯანიდან განახორციელა შესყიდვა?
  2. ანალიტიკურ სტატიაში, რომელიც „მაკენზის“ ოფიციალურ ვებ გვერდზეა განთავსებული, თქვენ რუსულ კომპანიებს უწუნებთ პასიურობას ტრადიციულ ბაზრებზე. ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში თუ გქონდათ მათთან კომუნიკაცია და რამდენად გაითვალისწინეს მათ თქვენი რეკომენდაციები?

პირველი ნაწილის დასასრული.

გაგრძელება იქნება.

პ.ს. ამ სტატიაში, წესით, უნდა ყოფილიყო დეტალური მონაცემები ტარიფების შესახებ და ახსნა განმარტებები რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოითხოვს საჯაროობასა და გამჭვირვალობას. მიუხედავად იმისა, რომ უწყებას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მივმართეთ წერილით, პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს…

წყარო : ipress.ge

 

Share