Home » საზოგადოება » „ენერგეტიკული ბირჟის წარმატება პირდაპირ კავშირშია პროცესში ბაზრის მონაწილეების ჩართულობასა და ინფორმირებულობასთან“

„ენერგეტიკული ბირჟის წარმატება პირდაპირ კავშირშია პროცესში ბაზრის მონაწილეების ჩართულობასა და ინფორმირებულობასთან“

ენერგეტიკული ბირჟის წარმატება პირდაპირ კავშირშია პროცესში ბაზრის მონაწილეების ჩართულობასა და ინფორმირებულობასთან“ –  ირინა მილორავა

პირველი ივლისიდან მუშაობას შეუდგება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა. ეს არის სახელმწიფო სააქციო საზოგადოება, თანამედროვე ონლაინ პლატფორმა, სადაც ელექტროენერგიით მოვაჭრე სუბიექტები დადებენ მათთვის სასურველ გარიგებებს.

ენერგეტიკული ბირჟის როლსა და პერსპექტივაზე „ბანკები და ფინანსები“ ბირჟის გენერალურდირექტორს ქ-ნ ირინა მილორავას ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან. საუბრის სრულ ვერსიას BFM.GE 29 აპრილს შემოგთავაზებთ.

კითხვაზე, რა პოლიტიკა ექნება ენერგეტიკულ ბირჟას გამჭვირვალობისა და საჯაროობის კუთხით, ირინა მილორავამ „ბანკები და ფინანსებს“ ასე უპასუხა:

მიუხედავად იმისა, რომ იყო მოლოდინი, რომ პანდემიიის პირობებში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა გარდაუვალი იქნებოდა, ჩვენ ყველა შესაძლებლობა  გამოვიყენეთ, საიმისოდ, რომ  ასეთი თანამშრომლობის დეფიციტი არ ყოფილიყო. ძალიან ბევრი შეხვედრა ჩატარდა ბაზრის მონაწილეებთან ვირტუალურ სივრცეში, გვქონდა შეხვედრები როგორც ცალკეულ ჯგუფებთან (მწარმოებლებთან, მოხმარებლებთან, პოტენციურ მოვაჭრეებთან და მიმწოდებლებთან), ასევე ინდივიდუალურ საწარმოებთან.

პანდემიის პირობებში შევიმუშავეთ ბაზრის წესებიც, რისი ვალდებულებაც კანონით და ბაზრის ოპერატორის ლიცენზიით გვეკისრებოდა და შევძელით, რომ მარეგულირებელი კომისიისთვის პრაქტიკულად ყველა მონაწილესთან და დაინტერესებული მხარესთან გავლილი და შეჯერებული დოკუმენტი წარგვედგინა.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ენერგეტიკული ბირჟის იდეის, ანუ ამ რეფორმის წარმატება პირდაპირ კავშირშია პროცესში ბაზრის მონაწილეების ჩართულობასა და ინფორმირებულობაზე. შეუძლებელია, წარმატებული იყოს ენერგეტიკული ბირჟა, თუ ბირჟის მონაწილეები სრულყოფილად არ იცნობენ ბირჟის მარეგულირებელ კანონმდებლობას, არ ფლობენ სავაჭრო პლატფორმაზე ვაჭრობისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს ან სწორად ვერ აყალიბებენ სავაჭრო სტრატეგიას.

ამიტომ, ბირჟის დაფუძნებიდან დღემდე ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ მონაწილეების პროცესში აქტიურად ჩართვაა. ბაზრის წესების განხილვასთან ერთად, ჩვენ ჩავატარეთ არაერთი ტრენინგი ენერგეტიკული ბაზრების მოწყობასთან, ვაჭრობის სამართლებრივ რეგულირებასთან და ზოგად ეკონომიკურ საფუძვლებთან დაკავშირებთ.

ასევე, სავაჭრო პლატფორმის შექმნის შემდეგ, ჩავატარეთ არაერთი სატესტო ვაჭრობა, რომლის მიზანიც იყო მონაწილეებისათვის პლატფორმაზე ვაჭრობის ტექნიკური უნარების განვითარება.

ჩვენდა სასიხარულოდ, ძალიან მაღალი იყო დაინტერესება როგორც ბაზრის არსებული მონაწილეების, ასევე ენერგეტიკასთან კავშირში არმყოფი პირების მხრიდან, რომლებიც თავიანთ როლს და ადგილს ხედავენ მომავალი ბაზრის მოდელში.

ასეთი სავაჭრო სესიები დღესაც მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდან არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნა არ არსებობს – ნებისმიერი მსურველს შეუძლია ჩაერთოს ამ პროცესში, მით უმეტეს, რომ ჩვენ პერიოდულად ვიმეორებთ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სასწავლო კურსებს.

მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ ეს საკმარისია საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირებისათვის – ახლაც და მას შემდეგაც, რაც ბირჟა გაეშვება, ჩვენ ბევრი უნდა ვისაუბროთ ამ რეფორმაზე, მის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე.

 

Share