Home » ეკონომიკა » ემიგრანტების იმედად დარჩენილი ქართული ეკონომიკა

ემიგრანტების იმედად დარჩენილი ქართული ეკონომიკა

პანდემიისგან გამოწვეული ფინანსური პრობლემების მოგვარებაც ემიგრანტების იმედადაა

ტრანსფორმაციის ეტაპებში გაჭედილ საქართველოს ეკონომიკას კარგი დღე ნამდვილად არ უდგას. შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა, შემცირებული გადახდისუნარიანობა, გაზრდილი უმუშევრობა, დაკეტილი და შეზღუდული ბიზნესების აქტივობა და სხვა – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელშიც საქართველო კორონავირუსული პანდემიის შედეგად დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად აღმოჩნდა.

შედეგად, თუ გადავხედავთ ახლადდასრულებული 2020 წლის საგარეო ვაჭრობის მონაცემებს, დავინახავთ, რომ როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც მნიშვნელოვნადაა შემცირებული. კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8 005.6 მილიონი აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები) იყო.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა პანდემიის დაწყებამდეც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. პანდემიამ უბრალოდ კიდევ ერთხელ და ამჯერად უფრო მძაფრად დაგვანახა ის გამოწვევები და პრობლემები რაც საქართველოს ეკონომიკაშია.

2020 წელს პოზიტიური მაჩვენებელი თუ კი რომელიმე ეკონომიკურ პარამეტრში დაფიქსირდა, გასაკვირი არ არის რომ ეს ფულადი გზავნილებია. სამწუხაროდ, ემიგრაცია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მიმართულებად ჩამოყალიბდა იმ გაგებით, რომ მათ მიერ ქვეყანაში გადმორიცხული თანხებით უამრავი ქართული ოჯახი საზრდოობს. რა თქმა უნდა, იმ ინტელექტუალური და არამხოლოდ ინტელექტუალური რესურსით, რაც ქვეყნის გარეთაა გასული, ქართული რეალობის ფორმირება გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ანუ ეს ადამიანები საკუთარ ქვეყნაში რომ ახერხებდნენ თვითრეალიზაციას, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს, რაც ზემოთ უკვე აღინიშნა.

როგორც უკვე ითქვა, პრობლემები რომლის წინაშეც საქართველოს ეკონომიკაა, პანდემიურ წელს კიდევ უფრო მძიმედ გამოჩნდა. გამოჩნდა ისიც, რომ ქართული საზოგადოებისთვის ფულადი გზავნილები შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა და მეტიც, გაზრდილი უმუშევრობის და შეჩერებული ბიზნესაქტივობის ფონზე, უამრავი ქართული ოჯახის ერთადერთი შემოსავალიც.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 24-ე ადგილზეა. უკვე წლებია ემიგრანტები საქართველოს ეკონომიკის გენერირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და მათი წვლილი პანდემიურ წელს კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა.

კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199.7 მილიონი აშშ დოლარი (656.2 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 15.9%-ით (27.4 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95% მოდიოდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გზავნილების მოცულობით კვლავ რუსეთი ლიდერობს. ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი – 40.71 მილიონი აშშ დოლარი მიმდინარე წლის დეკემბერში საქართველოში სწორედ რუსეთიდან შემოვიდა.

მეორე ადგილზე 31.82 მილიონი აშშ დოლარით იტალიაა, შემდეგ მოდის საბერძნეთი – 22.42 მილიონი აშშ დოლარით, მეოთხე ადგილზე 22.31 მილიონი აშშ დოლარით აშშ-ია, ხოლო მეხუთეზე ისრაელი – 15.52 მილიონი აშშ დოლარით.

ამასთან, 2020 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.7 მილიონი აშშ დოლარი (81.1 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის დეკემბერის (25.5 მილიონი აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.

ცნობისთვის, 2012 წელს ქართველი ემიგრანტების ფინანსურმა გზავნილებმა 1.334 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 2013 წელს – 1.477 მილიარდი აშშ დოლარი, 2014 წელს – 1.440 მილიარდი აშშ დოლარი, 2015 წელს – 1.079 მილიარდი აშშ დოლარი, 2016 წელს – 1.153 მილიარდი აშშ დოლარი, 2017 წელს 1.387 მილიარდი აშშ დოლარი, 2018 წელს 1.579 მილიარდი დოლარი, 2019 წელს –  1.733 მილიარდი დოლარი.

მასშტაბი, როგორც მონაცემებიდან ჩანს, საკმაოდ დიდია. ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნება და მათი დასაქმება ადგილობრივ ბაზარზე, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყნის ეროვნულ ინტერესში შედის. რამდენად ახერხებენ თუ ვერ ახერხებენ ამას ესა თუ ის ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, ეს უკვე სხვა საკითხია. თუმცა, რომ არა ემიგრანტების ძალისხმევა და მათ მიერ გადმორიცხული მილიარდები, ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დადგებოდა ეკონომიკური პრობლემების წინაშე.

აქვე, ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის გზავნილებზეც გარკვეულწილად დამოკიდებულია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა დოლართან მიმართებით. ლარის გაუფასურება კი, როგორც წესი, მყისიერ ასახვას ჰპოვებს ქვეყანაში მიმდინარე ფასების სტაბილურობაზეც.

სანდრო პირველი

Share