Home » ეკონომიკა » „ელგრინისთვის“ „შუამავალი კომპანიის“ სახელის დამკვიდრების მცდელობა მიზნად ისახავდა კომპანიის დისკრედიტაციას”

„ელგრინისთვის“ „შუამავალი კომპანიის“ სახელის დამკვიდრების მცდელობა მიზნად ისახავდა კომპანიის დისკრედიტაციას”

მიმდინარე წელს საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 27%-ით შემცირდა. თებერვლის თვეში კი საქართველომ ელექტროენერგია სამი მეზობელი ქვეყნისგან შეისყიდა. რამ განაპირობა  გენერაციის შემცირება, სად და რა ფასად ყიდულობს საქართველო ელექტროენერგიას, საჭიროა თუ არა ამ პროცესში იმპორტიორი კომპანიების ჩართულობა. ამ და სხვა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ საკითხებზე კომპანია „ელგრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ზურაბ ნოღაიდელი გვესაუბრება. „ელგრინი“ ელექტროენერგიის ომპორტს საქართველოში აზერბაიჯანიდან  ახორციელებს.

– მას შემდეგ რაც საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია შემცირდა და იმპორტის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ელექტროენერგიის იმპორტის საკითხი კვლავ გააქტიურდა. სად ვყიდულობთ ელექტროენერგიას და რამდენად კონკურენტულ ფასად?

– პირველ რიგში მინდა შევეხო წელს საქართველოში ელექტროენერგიის გენერაციის 27%-ით შემცირებას. ეს ჩვეულებრივი ტენდენცია არ არის. მოგეხსენებათ, წელს „ენგურჰესი“ გაჩერებულია სარემონტო სამუშაოების გამო და ძირითადი მიზეზი საქართველოში ელექტროგენერაციის შემცირებისა „ენგურჰესის“ გაჩერებაა. მომავალ წელს ეს ტენდენცია შეიცვლება. ყოველ შემთხვევაში, ელექტროენერგიის გენერაცია ამდენით არ შემცირდება. სწორედ „ენგურჰესის“ შეჩერებამ და სხვა მიზეზებმაც გამოიწვია საქართველოში გენერაციის შემცირება. მინდა დეტალურად წარმოგიდგინოთ თებერვლის თვის მონაცემები. 2021 წლის თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა შეადგინა 413.7 მილიონი კილოვატი საათი – 258 მილიონი კილოვატი რუსეთიდან, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე შარშან თებერვალში. 148.8 მილიონი კილოვატი აზერბაიჯანიდან და 6.9 მილიონი კილოვატ საათი თურქეთიდან. რუსეთიდან იმპორტი, 258 მილიონი კილოვატი სრულად მოხმარდა აფხაზეთის მოხმარების დაბალანსებას, როდესაც „ენგურჰესი“ გამორთულია და ჩვენ, ამ შემთხვევაში იგულისხმება არც საქართველოს ბიუჯეტს და არც „ესკოს“ ამაში თანხა არ გადაგვიხდია.

ცხადია, აფხაზეთი ოკუპირებულია და ის საქართველოს შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ამ საკითხის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მხარე მინდა მიმოვიხილო. თებერვალში რუსეთიდან იმპორტის შემოთავაზებული ფასები იანვართან შედარებით შემცირდა. იანვარში იყო 4.1 4.1 და 7.8. თებერვალში კი „ინტერ-რაომ“ რუსეთიდან იმპორტის ფასი შეამცირა 3.5 3.7 და 7.8-მდე. თურქეთიდან იმპორტის საშუალო ფასი მოთხოვნილი გრაფიკებით შეადგენდა 4.85 ცენტს, ხოლო „ელგრინის“ წინადადება აზერბაიჯანიდან იმპორტისა შეადგენდა 4.4 ცენტს. როგორც ვხედავთ, ყველაზე უკეთესი ფასი ჩვენი იყო. ამას იმიტომ წარმოგიდგენთ, რომ „ესკო“ თავიდან იხილავდა რუსეთიდან და თურქეთიდან ერთდროულ იმპორტს, როგორც აზერბაიჯანიდან იმპორტის ალტერნატივას. ფაქტია, ჩვენი შეთავაზებული ფასი – 4.4 ცენტი, ბევრად სჯობდა რუსეთის შემოთავაზებულ ფასს და სჯობდა თურქეთიდან იმპორტის შემოთავაზებულ ფასსაც. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ამ ბოლო პერიოდში, იანვარ-თებერვალში, თებერვალში განსაკუთრებით, ძალიან მკაფიოა, რომ ჩვენი კონკურენტი საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე უკვე თურქეთია და არა რუსეთი. რუსეთის ფასი იმდენად ძვირია აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან იმპორტის ფასებთან შედარებით, რომ ის სერიოზულ ალტერნატივად, ფაქტობრივად, აღარც განიხილება.

– თქვენ ძალიან საინტერესო სტატისტიკა მოიყვანეთ. ეს სტატისტიკა აქვს რასაკვირველია „ესკოსაც“. ამ სტატისტიკას შეუძლია ყოველგვარ კითხვის ნიშანს დაუსვას წერტილი. ძალიან საინტერესოა, რატომ არ აქვეყნებს „ესკო“ მონაცემებს ამ სახით. ცნობილია, რომ მედიაც და არასამთავრობო სექტორიც მოითხოვს მისგან ტარიფების ჩაშლილად გამოქვეყნებას, მაგრამ დღემდე უშედეგოდ. „ესკოს“ მხოლოდ იმას ამბობს, რომ ჩაშლილი ტარიფები კონფიდენციალური ინფორმაციაა.

– ამაზე ვერაფერს გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, „ელგრინმა“, თავად მივიღეთ გადაწყვეტილება და გავასაჯაროვეთ ჩვენი ფასები. ეს გავაკეთეთ სწორედ იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად, არის თუ არა აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი კონკურენტული რუსეთთან შედარებით. არამარტო რუსეთიდან, თუნდაც თურქეთთან შედარებითაც. ფაქტია, აზერბაიჯანიდან იმპორტის ფასები არის უკეთესი და სწორედ ამიტომაც საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე აზერბაიჯანი დარჩა მთავარ იმპორტიორად თებერვალშიც. ხომ ცხადია, რომ 4.4 ცენტი ნაკლებია 4.595-ზე და ბევრად უფრო ნაკლებია 3.5 3.7 და 7.8 ცენტზე.

ზოგადად, საზოგადოებისთვის განმარტებების მიცემა ჩვენი, ბიზნესმენების საქმე არ არის, მაგრამ იმ დროს, როდესაც დაიწყო აზერბაიჯანიდან იმპორტის წინააღმდეგ კამპანია, ის   იმ აზრის დამკვიდრებას ცდილობდა, რომ აი, აზერბაიჯანიდან იმპორტი მართალია, უფრო ძვირია, მაგრამ მაინც აზერბაიჯანია, მეგობარი ქვეყანაა  და მთელ  ელექტროენერგიას რუსეთისგან ხომ არ ვიყიდით… ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საზოგადოებას უნდა სცოდნოდა სიმართლე  და ამიტომაც დავიწყეთ სტატისტიკის გამოქვეყნება – „ესკოსადმი“ შეთავაზებული ფასების ერთმანეთთან შედარება.

ვთვლი, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ აზერბაიჯანიდან შემოთავაზებული იმპორტის ფასი არის ბევრად უკეთესი. ჩვენ წარმოვადგინეთ სტატისტიკა და არ გაგვიგია ამ საკითხზე არავის მიერ უარყოფა. ვერც გავიგებდით, რადგან ეს ფასები ასახავს ზუსტ ვითარებას და შესაბამისად, ყველაფერი არის სიმართლე.

– ცნობილია, რომ წლების განმავლობაში რუსეთი ცდილობს სხვადასხვა  ქვეყნებზე ენერგო ექსპანსიას. ენერგეტიკულ ომებსაც კი აწარმოებს და პოლიტიკურ იარაღადაც იყენებს საკუთარ ენერგო რესურსებს. როდესაც ასეთი მიზანმიმართული კამპანიის წარმოება ხდება სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის შემოტანაზე, ხედავთ თუ არა ამ ყველაფრის მიღმა რუსული ენერგოკომპანიების ლობირების ინტერესებს?

– არ მინდა ამ საკითხზე პოლიტიკურ დისკუსიაში ჩავერთო. ვფიქრობ, რომ აქ მნიშვნელოვანია ის, თუ საქართველო რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. ჩვენ უნდა ვიყიდოთ ელექტროენერგია იქედან, სადაც უფრო იაფი იქნება. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იაფი ელექტროენერგია რუსეთიდან თუ იქნება, რუსეთისგან უნდა ვიყიდოთ. აზერბაიჯანიდან თუ იქნება, აზერბაიჯანისგან უნდა ვიყიდოთ. სომხეთიდან თუ იქნება, სომხეთისგან და თურქეთიდან თუ იქნება, თურქეთისგან. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. სწორედ ამის განმარტება გვინდოდა საზოგადოებისთვის, რომ ჩვენი წინადადება უკეთესია და ამიტომ ხდება აზერბაიჯანიდან იმპორტი.

ჩემთვის გაუგებარი იცით რა არის? – ვერ ამიხსნია, რატომ ცდილობდა გიორგი ქობულია, სწორედ აზერბაიჯანიდან იმპორტის წინააღმდეგ ბრძოლას თან იმ დროს, როდესაც საერთოდ არც კი განხილულა სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი.

ჩვენ ვფიქრობდით და ახლაც ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა ენერგეტიკული სექტორის ლაბირინთებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის იმის ცოდნა, მაგალითად, სომხეთიდან იმპორტს ვინ ახორციელებდა და  რა ფასად, თურქეთიდან ვინ ახორციელებდა და რა ფასად და მით უმეტეს, რუსეთიდან. მაგრამ ეს ყველაფერი ფერმკრთალდება იმის ფონზე, როცა ვიაზრებთ ყველაზე მთავარ და ფუნდამენტურ საკითხს, – განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ენგურჰესი რემონტზეა გაჩერებულია, საქართველოს სჭირდება ელექტროენერგიის იმპორტი. ამ დროს უნდა მიიღებოდეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ანუ იმპორტი უნდა ხორციელდებოდეს იმ ქვეყნიდან, საიდანაც მისი შემოტანა არის ყველაზე იაფი. ეს არის მარტივი ფორმულა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. ფაქტია, რომ სადღეისოდ, ელექტროენერგიის მინიმალურ ფასში იმპორტი სწორედ აზერბაიჯანიდან არის შესაძლებელი. ასე იყო იანვარში და ასე იყო თებერვლის თვეშიც.

ჩემთვის  ისიც მიუღებელია, რატომ ცდილობდა და ცდილობს გარკვეული ჯგუფები თუ პერსონები ერთი და იგივე კომერციული საქმიანობით დაკავებული სხვადასხვა კომპანიიდან ზოგს დაუმკვიდროს იმპორტიორის, ხოლო ზოგს, უფრო სწორედ კი მხოლოდ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტიორ კომპანია „ელგრინს“, შუამავალი კომპანიის სახელი.

მარტივია, ხო? – ან ყველა კომპანიას, ვინც ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს, უნდა ვუწოდოთ იმპორტიორი, ან ყველას დავარქვათ შუამავალი. სხვაგვარად არ გამოვა

გასაგებია, რომ ამ ნარატივით „ელგრინის“ ერთგვარი დისკრედიტაცია იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ამის მიზანი ჩემთვის გაუგებარია და სიმართლე გითხრათ, მასზე საფიქრალად დროის დახარჯვაც არ ღირს.

მაგრამ „ელგრინმა“ გადაწყვიტა ამ ერთგვარ დისკუსიაში ჩართვა, რადგან ვფიქრობთ, რომ დაინტერესებულმა საზოგადოებამ ზუსტად და მკაფიოდ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს ყველა მეზობელი ქვეყნიდან (ასეთი სულ ოთხია – აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი და სომხეთი) ახორციელებს კერძო კომპანია. შესაბამისად,  თუ ჩვენ, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტიორები, ვართ შუამავლები, ბუნებრივია, სხვა ქვეყნებიდან იმპორტიორებიც იგივე სტატუსის მატარებლები, ანუ შუამავლები იქნებიან. ფაქტია, ჩვენთვის ამ ერთგვარი დამამცირებელი იარლიყის, როგორც თითქოს დამაზიანებელი კომპონენტის მოკერება არცთუ ნიჭიერად სცადა ეკონომიკის ექსმინისტრმა გიორგი ქობულიამ, მაგრამ ეს, ბუნებრივია, ასე არ გამოვა, რადგან, სინამდვილეში, ყველა ეს კომპანია ეწევა იდენტურ საქმიანობას, საზღვარგარეთიდან ელექტროენერგიის იმპორტს, და შესაბამისად, ყველანი არიან იმპორტიორი კომპნიები.

არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ თუნდაც ოდნავ მაინც კითხვას გავურბივარ. რა თქმა უნდა,  რუსეთს აქვს თავისი ენერგეტიკული პოლიტიკა, თან ძალიან მკაფიოდ გაცხადებული. ის ცდილობს ელექტროენერგიის სექტორში გაზარდოს იმპორტი იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არის. ცხადია, მეზობელ ქვეყნებში თუ გაყიდი ელექტროენერგიას, თორემ ამერიკაში რუსეთი ელექტროენერგიის გაყიდვას ვერ შეძლებს. ჩვენი მიდგომა უნდა იყოს ასეთი, – მაგალითად, პრემიერ-მინისტრობის დროს მკითხა ჟურნალისტმა, თქვენ ბაქო-ჯეიჰანი იმიტომ გააკეთეთ, რომ რუსეთზე არ გასულიყო გაზსადენიო? არა მეთქი, იმიტომ გავაკეთეთ, რომ საქართველოზე გასულიყო გაზსადენი. ეს უნდ აიყოს ჩვენი მიდგომა. ჩვენი ინტერესი საქართველოა. საქართველოს ინტერესი ამ სეგმენტში არ არის  რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენი ინტერესია საქართველოს სასარგებლოდ ბრძოლა. ეს უნდა იყოს ამოსავალი. მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური და გნებავთ პოლიტიკური ინტერესი, სოციალური ინტერესია, რომ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდეს ყველაზე უფრო დაბალ ფასში. ყველაზე უფრო დაბალი ფასი, ამ შემთხვევაში არის აზერბაიჯანიდან იმპორტი. ჩვენ ეს გვინდოდა გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის და ამ საკითხზე მომავალშიც სისტემატურად და სისტემურად ძალიან დეტალურ განმარტებებს გავაკეთებთ.

– კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ხშირად ვხვდებით განსხვავებულ მიდგომებს, არის ის, თუ რა სჯობს – ელექტროენერგიის იმპორტისას მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან ითანამშრომლოს თავად სახელმწიფომ თუ ეს ბაზარი დარჩეს ისე როგორც არის, ანუ კერძო კომპანიების კონკურენციის სფეროდ. მოგეხსენებათ, არსებობს მოსაზრება, რომ სახელმწიფოს შეუძლია უფრო იაფად ივაჭროს მეორე სახელმწიფოსთან. ამ მოსაზრებას აქვს თუ არა არსებობის უფლება?

– პირდაპირ გეტყვით, ამ მოსაზრებას არ აქვს არსებობის უფლება. ფაქტია,  საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის სფერო არის ძალიან კონკურენტული სეგმენტი. ისიც ფაქტია, რომ  საქართველოს ელექტროენერგიის მიღება შეუძლია ერთდროულად ოთხი ქვეყნისგან. ამ მხრივ საკმაოდ აწყობილი ინფრასტრუქტურა გვაქვს. დღეს აქ ყველაფერს განსაზღვრავს კონკურენცია და არა ვთქვათ, ვიღაცის მოლაპარაკების უნარი.

რაც შეეხება მეორე ფაქტორს, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს, – იმედი მაქვს, ამ მოდელს, რასაც უკვე ჰქვია „რუსული ეკონომიკური მოდელი“, როდესაც სახელმწიფო კომპანიებს შორის მიდის ურთიერთობა, ამას აღარასოდეს მივუბრუნდებით. ჩვენ სხვა გზას ვადგავართ.

ივლისიდან საქართველოში უკვე ამოქმედდება ელექტროენერგეტიკული ბაზარი და ფაქტობრივად არა მარტო იმპორტი, არამედ საერთოდ, ზოგადად ელექტროენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოს როლი სულ უფრო და უფრო შემცირდება. ეს არის ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილება.

სახელმწიფო არის ყველაზე ცუდი ბიზნესმენი. სახელმწიფოს როლი არის მხოლოდ და მხოლოდ რეგულაცია, პირობების შექმნა. ბიზნესი უნდა იყოს კერძო. სახელმწიფოს და საზოგადოების როლია, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენ ყველანი ერთად დავაკვირდეთ ელექტროენერგიის იმპორტის უკეთეს ფასად შეძენას.

მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთი ნაწილი სტატისტიკიდან, – აზერბაიჯანიდან იმპორტის ნაწილი თებერვალში, თითქმის 23 მილიონი კილოვატ-საათი მიეწოდა პირდაპირ მომხმარებლებს და მოგეხსენებათ, პირდაპირი მომხმარებელი ელექტროენერგიას ძვირად არავითარ შემთხვევაში არ იყიდის. ესეც კიდევ ერთი ფაქტობრივი პასუხი თქვენს კითხვაზე.

energynews.ge

Share