Home » საზოგადოება » „ელგრინი“ ელექტროენერგიის იმპორტისას საქართველოს საიმედო პარტნიორია – ზურაბ ნოღაიდელი

„ელგრინი“ ელექტროენერგიის იმპორტისას საქართველოს საიმედო პარტნიორია – ზურაბ ნოღაიდელი

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ჰესების მშენებლობა ფერხდება, რაც ელექტროენერგიის იმპორტს ზრდის, კომპანია „ელგრინი“, რომელიც  ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან ახორციელებს, მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსული ელექტროენერგიის იმპორტი შეუძლია აზერბაიჯანით ჩაანაცვლოს. კომპანიის მოსაზრებით, თუკი „ესკო“ ელექტროენერგიის მაჩვენებლებს დეტალურად გამოაქვეყნებს, მათ შორის დღის და ღამის ტარიფებსაც,  ამ მოსაზრების  მართებულობა კიდევ უფრო ცხადი გახდება.

როგორც ირკვევა, თებერვალში აზერბაიჯანული ელექტროენერგია გაიაფდა და სტაბილურად 4.4 ცენტი შეადგინა, მაშინ როდესაც იანვარში ეს ფასი ღამე 4,1 ცენტამდე ჯდებოდა, ხოლო დღის განმავლობაში 5 ცენტსაც აჭარბებდა. ამ თემაზე დეტალურად, კომპანია „ელგრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენელი, ზურაბ ნოღაიდელი საუბრობს.

– როგორია თქვენი მოსაზრება იმპორტთან დაკავშირებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენი იმპორტდამოკიდებულება, როგორც ჩანს, მზარდია. რატომ  მიგაჩნიათ, რომ რუსეთის ჩანაცვლება შეუძლია აზერბაიჯანს?

– რუსეთის ჩანაცვლებაზე არც არის საუბარი. ისედაც, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი უფრო მეტია, ვიდრე რუსეთიდან. ეს გვინდოდა სცოდნოდა საქართველოს მოსახლეობასაც. ამიტომ, ჩვენი ამოცანა იყო, წარგვედგინა საზოგადოებისთვის ფასები და ძალიან ზუსტად აგვეხსნა, ელექტროენერგიის იმპორტის სტრუქტურაში, რომელი ფასი რომელს სჯობს.

მაგალითად, შეგვიძლია, განვიხილოთ 2021 წლის თებერვალი. ამ თვეში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა 414 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, აქედან თითქმის 258 მილიონი კილოვატსაათი რუსეთიდან, 148.8  მილიონი კილოვატსაათი აზერბაიჯანიდან და 7.05  მილიონი კილოვატსაათი თურქეთიდან მივიღეთ.  რუსეთიდან იმპორტი, 258 მილიონი კილოვატსაათი, თავიდან ბოლომდე მოხმარდა დე-ფაქტო აფხაზეთის მოხმარების დაბალანსებას და ამაში არც „ესკოს“ და არც საქართველოს ბიუჯეტს, თანხა არ გადაუხდია. რუსეთის იმპორტის შემოთავაზებული ფასები ღამის, უქმეებისა და დღის სეგმენტში 3.5  3.7 და 7.8 ცენტს შეადგენდა. თურქეთიდან იმპორტის საშუალო ფასი მოთხოვნილი გრაფიკით შეადგენდა  4.595 ცენტს. ხოლო, აზერბაიჯანიდან იმპორტიორი„ელგრინის“ წინადადება 4,4 ცენტი იყო.  სწორედ ამიტომ გადაწყვიტა „ესკომ“ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შესყიდვა თებერვლის თვეში. ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება იყო კიდევ ერთი მომენტიც: ზვავსაშიშროების პერიოდში სარისკოა რუსეთიდან კავკასიონის ხაზით ელექტროენერგიის მოწოდება. ფასთან ერთად, სწორედ ეს იყო დამატებითი განმსაზღვრელი ფაქტორი.

ის, რომ აზერბაიჯანი საიმედო პარტნიორია, ეს 16 მარტსაც კარგად გამოჩნდა, როდესაც საერთოეროვნული ავარიის გამო, ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუნარჩუნდა მხოლოდ იმ მოსახლეობას და რაიონებს, რომელიც აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე იყო მიბმული.

– თქვენ თებერვლის ფასები მოიყვანეთ მაგალითად.რუსეთიდან იმპორტი ღამის განმავლობაში 3,5 ცენტი, უქმე დღეებში – 3,7ცენტი და დღისით – 7,8 ცენტი ღირდა თებერვალში. სამნახევარი 4,4 ცენტზე ბევრად ნაკლებია. რუსეთი ისევ ინარჩუნებს კონკურენტუნარიანობას ჩვენ ბაზარზე?

– სამნახევარი კი არის 4.4 ცენტზე ნაკლები, მაგრამ საქართველოში იმპორტი მხოლოდ ღამის საათებში და უქმეებზე არ ხდება. გასაშუალოებული ფასით, რუსეთიდან იმპორტი ახლოც კი ვერ მოდის აზერბაიჯანის ფასთან. თებერვალში „ელგრინის“ მთავარი კონკურენტი უკვე რუსეთი კი არა, თურქეთი იყო.  „ენგურჰესის“გაჩერების გამო, საქართველოს დამატებითი ელექტროენერგიის იმპორტი დასჭირდა და ამიტომაც შევთვაზეთ „ესკოს“ სტაბილური 4,4 ცენტი, თურქეთთან კონკურენციის  გამო და არა რუსეთის  ფასების გამო.  რუსეთი, ამ ეტაპზე, როგორც ზევით აღვნიშნე, ფაქტობრივად, ჩვენს კონკურენტს არ წარმოადგენს. რუსეთიდან იმ რეჟიმით ელექტროენერგიის იმპორტი, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება5,5 ცენტს შეადგენს. ეს კი 1,1 ცენტით მეტია აზერბაიჯანულ ელექტროენერგიაზე.

განსხვავებული მდგომარეობა იყო იანვარში, როდესაც პირველიდან ათ რიცხვამდე ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში რუსეთიდან განხორციელდა, რადგან იქ ამ პერიოდში დასვენების დღეები ემთხვევა.იანვრის დარჩენილ პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი უკვე  აზერბაიჯანიდან განხორციელდა, იმიტომ რომ საშუალო ფასი  4.63 ცენტს შეადგენდა. იგივე მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტის ფასი რუსეთიდან, დაახლოებით ხუთნახევარი ცენტი იქნებოდა.

ჩვენ სხვადასხვა წყაროებიდან ელექტროენერგიის მოწოდებას, ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი: საქართველომ ელექტროენერგია იქ უნდა შეიძინოს, სადაც იაფი დაუჯდება.

ელექტროენერგიის იმპორტის მონაცემების გასაჯაროება მას შემდეგ დავიწყეთ, როდესაც გარკვეული ჯგუფები საზოგადოებაში მცდარ ინფორმაციას ავრცელებდნენ, თითქოს რუსეთის  ელექტროენერგიის ფასი უფრო იაფია, მაგრამ აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტი მაინც იმიტომ ხდება, რომ მტრულად განწყობილი ქვეყნიდან ხომ არ განვახორციელებთ იმპორტსო.

უკვე მეორე თვეა ვაქვეყნებთ მონაცემებს და არცერთი ოპონენტი არ გამოჩენილა და საპირისპირო არ უთქვამს. ან რა უნდა თქვან? აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის ფასი ყველაზე იაფია!

ეს საჯაროდ განვაცხადეთ და ამ პროცესს არ შევწყვეტთ. შესაბამისად, ვფიქრობ, ანგარიშვალდებულების ჯინი ბოთლიდან ამოსულია და უკან მის შებრუნებას ვერავინ შესძლებს.

ამასთან, ერთი გარემოება უნდა ყველამ გაითვალისწინოს: საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი წელს მკვეთრად არის გაზრდილი. ეს დროებითი მოვლენაა, რადგან „ენგურჰესი“ გაჩერებულია რეაბილიტაციის მიზეზით. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი, უკვე ამ მოცულობის აღარ იქნება.

– მაგრამ მხოლოდ ენგურჰესის გამომუშავება პრობლემას არ წყვეტს. ადგილობრივი გენერაციის მწირი რესურსების გამო, სავარაუდოდ კიდევ შეიქმნება დამატებითი წნეხი ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილზე. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

– ცხადია, ქვეყნის  მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი ენერგეტიკის მოთხოვნილება, საკუთარი გენერაციით დააბალანსოს.  ჩვენ ველოდებით დაახლოებით 5%-იან ეკონომიკურ ზრდას მომავალი წლიდან. წელს ჯერ კიდევ პანდემიაა და საკმაოდ რთული პერიოდია.  5%-იანი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ეკონომიკას ძალიან ნელა განავითარებს, სამწუხაროდ.  უნდა გვესმოდეს კარგად, რომ გენერაციის მსხვილი ობიექტების გარეშე, შენარჩუნდება მხოლოდ და მხოლოდ  ეკონომიკის დაახლოებით 5 %-იანი ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის მაქსიმუმ 40%-ის შემოსავალი გაიზრდება და მინიმუმ 60%-ის შემოსავალი შემცირდება.უფრო დიდი ალბათობით შემცირდება იმათი შემოსავლები, ვინც  ისედაც სიღარიბის ნიშნულს დაბლა არიან. ამას არც დიდი ეკონომისტობა ჭირდება და არც წინასწარმეტყველის უნარი. დიახ, მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდებიან და ღარიბები უფრო გაღარიბდებიან. შედეგად მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საქართველოს დატოვებას გადაწყვეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური, დემოგრაფიული და ეკონომიკური კატასტროფისკენ მიმავალი გზაა. ეს შედეგი  იქნება საქართველოში, თუ უარს ვიტყვით მსხვილი პროექტების, მათ შორის, ენერგეტიკული პროექტების  განხორციელებაზე.

კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, ქვეყნის მთავარი ამოცანაა, საკუთარი ენერგეტიკული  მოთხოვნა დაიკმაყოფილოს საკუთარი გენერაციის ობიექტებით და ეს შეუძლებელია მსხვილი ობიექტების მშენებლობისა და განვითარების გარეშე.

– წლების განმავლობაში, ჩვენ თავს მოვიაზრებდით ელექტროენერგიის ექსპორტიორად, ხოლო თურქეთი ერთ-ერთ მიმზიდველ ბაზრად წარმოგვედგინა, ახლა საპირისპირო ტენდენცია გვაქვს ცალსახად, განსაკუთრებით მიმდინარე წელს.როგორ ფიქრობთ, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, ბაზრის კიდევ უფრო მეტი ლიბერალიზაცია, მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორცილებისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რამდენად შეუწყობს ხელს ქვეყნისთვის ელექტროენერგიის ექსპორტიორის პერსპექტივის დაბრუნებას?

– მოდით, შევთანხმდეთ, რომ წლევანდელი წელი ტენდენციას ვერ ასახავს. „ენგურჰესი“  გაჩერებულია და შესაბამისად, ეს არის მთავარი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა იმპორტის ამ მასშტაბით ზრდა. მომავალ წელს ეს ყველაფერი სხვანაირად იქნება. „ენგურჰესი“ იმუშავებს მთელი წლის განმავლობაში და იმპორტიც  უფრო ნაკლები დაგვჭირდება, თითქმის მილიარდ კილოვატსაათით ნაკლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება თავისთავად.

ყველა დანარჩენი ფაქტორი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, აუცილებელ საქმეთა დღის წესრიგში რჩება და მათი გაერთიანებული ეფექტი, საბოლოო ჯამში, ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, საქართველო გადაიქცეს ელექტროენერგიის ექსპორტიორად. მაგრამ მანამდე უნდა ვიფიქრო ელექტროენერგიის საკუთარი მოთხოვნების საკუთარი გენერაციით დაბალანსებაზე.

წელს, მაგალითად,ქვეყანა დაახლოებით 2 მილიარდი კილოვატსაათის იმპორტს განახორციელებს და მომავალ წელსაც მილიარდ ორასი მილიონი კილოვატსაათის იმპორტს ველოდებით. შესაბამისად, ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ეს იმპორტი ჩანაცვლდეს ადგილობრივი გენერაციით და შემდეგ, ბუნებრივია, საქართველოს ელექტროენერგიის გენერაციის თავისებურებებიდან გამომდინარე, ის რომ ძირითადად ჰიდროელექტროსადგურები გვაქვს და ძირითადად ზაფხულში ბევრად უფრო მეტი იქნება გამომუშავება, ვიდრე ზამთარში, ჩვენ ამის არ უნდა შეგვეშინდეს. ზაფხულის ელექტროენერგია გაიყიდება თურქეთის ან სხვა ბაზრებზე და  შესაბამისად არაა პრობლემა თუ მცირე რაოდენობის ელექტროენერგიის იმპორტი ზამთარში ჩვენთან განხორციელდება.

მთავარია გვესმოდეს,რომ ორი მილიარდი კილოვატსაათის ელექტროენერგიის იმპორტი ნიშნავს იმას, რომ ეს თანხა თავიდან ბოლომდე ჩვენს ეკონომიკას დააკლდა და ნებისმიერი რაოდენობის ექსპორტი ნიშნავს, რომ ეს ფული საქართველოს ეკონომიკის ზრდას მოხმარდება.

– თუკი საქართველო საკუთარ მოთხოვნას ელექტროენერგიაზე დაიკმაყოფილებს და იმპორტზე მოთხოვნა შემცირდება, რით დაკავდება „ელგრინი“?

– თავიდანვე, როდესაც „ელგრინი“ დაფუძნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტი იყო და მართალი გითხრათ, ჩვენ არც გვიფიქრია საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტზე იმ მომენტში.

გასულ პერიოდში, ზოგიერთ თვეებში, იმდენად დიდი იყო საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროება, რომ ჩვენ ვერც კი შევძელით ტრანზიტის განხორციელება აზერბაიჯანიდან და მოგვიხდა აზერბაიჯანიდან თურქეთში   ექსპორტირებული ელექტროენერგიის საქართველოში დატოვება.  როდესაც საქართველო თავიდან ბოლომდე დაიკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნას საკუთარი გენერაციით, ჩვენ განვაახლებთ აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტს.

Share