Home » საზოგადოება » „ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა საკუთარი გენერაციით უნდა დაბალანსდეს“

„ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა საკუთარი გენერაციით უნდა დაბალანსდეს“

„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიის შემდგომი პერიოდისთვის დაგეგმილი 5,5%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 40%-ის შემოსავლები მოიმატებს. 60%-ისა კი, სავარაუდოდ, შემცირდება. ეს თავისთავად გამოიწვევს ამ 60 %-ის გარკვეული ნაწილის, არსებული გათვლებით, დაახლოებით 1%-ის შრომით მიგრაციას საზღვარგარეთ“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს.

მისი მოსაზრებით, განვითარების ზემოთ აღწერილი სცენარი ნიშნავს, რომ ქვეყანას დამატებით ექმნება და ეზრდება სოციალური და დემოგრაფიული პრობლემები.

„თუ ჩვენ უახლოესი 10 წლის განმავლობაში არ მივაღწევთ მინიმუმ 10%-იან ზრდას, სოციალური და დემოგრაფიული პრობლემების გამწვავება გარდუვალია. ეკონომიკური ზრდის საქმეში გადამწყვეტი როლი ენერგეტიკის განვითარებას ენიჭება. თუ სწორი გადაწყვეტილებები ჩამოყალიბდება და აღსრულდება, ენერგეტიკის განვითარება ქვეყნის განვითარებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს“, – მიაჩნია ნოღაიდელს.

მისი თქმით, სწორება უნდაიყოს იმაზე, რომ ენერგიის მოხმარების ზრდა საკუთარი გენერაციით დაბალანსდეს.

„ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში, არ უნდა მოვერიდოთ არც იმპორტს და ელექტროენერგიის სეზონურ და პიკურ პერიოდებში გაცვლის შესაძლებლობებს, როცა მივიღებთ ენერგიას ზამთარში და დავაბრუნებთ ზაფხულში, მაშინ როცა ჭარბი გენერაცია გვაქვს. ვფიქრობ ეს არის როგორც საქართველოს ენერგეტიკის, ისე ეკონომიკის განვითარების მთავარი მოდელი“, – განმარტა ზურაბ ნოღაიდელმა.

 

Share