Home » ბიზნესი » ეკონომიკური კრიზისები – ბიზნესმენის რჩევები ბიზნესს

ეკონომიკური კრიზისები – ბიზნესმენის რჩევები ბიზნესს

ბიზნესს საქართველოში არაერთი პრობლემა აქვს, რაც ეკონომიკური კრიზისის დროს კიდევ უფრო მწვავდება. ასე იყო 2008 წელსაც, როცა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს რუსეთ-საქართველოს ომიც დაემთხვა. თუ 2008 წლამდე საქართველოს ეკონომიკა 8-9%-ით იზრდებოდა, კრიზისის შემდეგ დაღმასვლა განიცადა. ეკონომიკის ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 2%-მდე ჩამოვიდა.

როგორ გადაურჩნენ კრიზისს მაშინ ადგილობრივი კომპანიები და რა უნდა გაითვალისწინონ მომავალში იმისთვის, რომ მძიმე პერიოდი ნაკლები დანაკარგებით გაიარონ? საკუთარ გამოცდილებას ბიზნესს კომპანია ზედაზენის დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი უზიარებს:

– თქვენმა ბიზნესმა, არსებობის მანძილზე, რამდენიმე ეკონომიკური კრიზისი გადაიტანა. თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, რას ურჩევდით ბიზნესს. როგორ უნდა გადარჩნენ ასეთ რთულ დროს?

– რთული დრო ბევრჯერ იყო. 1997 წელს, 2003-ში, შემდეგ 2008 წელს და ახლაც, პანდემიის გამო ძალიან რთული პერიოდი გვაქვს. ჯერ ხელისუფლების ზეწოლა გვიქმნიდა პრობლემებს. შემდეგ იყო 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი და ომი. საერთოდ, ყველა კრიზისს თავისი მახასიათებლები აქვს. 

2008 წლის ომის დროს ბიზნესისთვის სხვა გამოწვევები იყო, მაგრამ ის დიდხანს არ გაგრძელებულა, სულ 2-3 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა კრიზისი. სახელმწიფოს მიერ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება ეფექტიანად იყო გამოყენებული. ომი მიმდინარეობდა, ქვეყნის ბიუჯეტს დიდი ხარჯი ჰქონდა, იყო ზეწოლა, მაგრამ ლარის კურსი შენარჩუნებული იყო. იმ პერიოდში საბანკო-საპროცენტო განაკვეთებიც არ შეცვლილა. რადგან სავალუტო რყევებს ადგილი არ ჰქონია, ბიზნესი ნაკლებად დაზიანდა. მაშინაც იყო რისკი, ზარალიც, მაგრამ სწრაფი იყო რეაგირება და ბიზნესმა გაუძლო. კრიზისი მაშინ უფრო მეტად უძრავ ქონების ბიზნესს დაეტყო, ხოლო საოპერაციო ხარჯებზე ნაკლებად აისახა.

კრიზისის დროს ნებისმიერი წარმოებისთვის უმთავრესი მაინც არის ეფექტიანობის მაჩვენებლის გაზრდა. უნდა დაინერგოს თანამედროვე სისტემები, ეფექტიანი უნდა გახდეს მმართველობა და მართვა. ეს არის ბიზნესისთვის ნომერ პირველი ამოცანა.

– შეგიძლიათ თქვათ, უფრო კონკრეტულად, ეფექტიან მართვაში რას გულისხმობთ? რას ურჩევდით ბიზნესს, როგორ უნდა შეცვალონ მართვა კრიზისის დროს?

 ნებისმიერი კრიზისის დროს პირველი ამოცანა ბიზნესისთვის არის ხარჯების შემცირება. მაგრამ ხარჯების დაზოგვის მიზნით თანამშრომლების შემცირება საქართველოს პირობებში ხშირად არ გამოდის. საქართველოში ცოტა საწარმოა და ბევრი თანამშრომელი წლებია ჩვენთან მუშაობს. მათი სამსახურიდან გაშვება არ იქნება სწორი. ამიტომ ვამჯობინებთ, კრიზისის დროს სხვა საშუალებები გამოვიყენოთ და ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ, ამ დროს ბიზნესმა უნდა დათვალოს, რა აჯობებს  გარკვეული წილი ზარალი მიიღო თუ ხარჯები შეამცირო. ორივე მეთოდი სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება სხვადასხვაგვარად მუშაობდეს. კრიზისი რომ გადაივლის, მერე შეიძლება დანაკარგი ამოიღო. შესაძლოა, გაწეული ფინანსური რისკი ისეთი ძვირი დაჯდეს, რომ მერე, როცა კრიზისი დასრულდება, ბიზნესის ხელახლა წამოწყება ვეღარ შეძლო. ეს იმ კონკრეტულ მოდელზეა დამოკიდებული, რომელსაც ამ დროს ირჩევ.

 კრიზისის დროს თანამშრომლების შემცირებაზე უარის თქმა მართვის ქართული სტილი ხომ არ არის? ხარჯების დასაზოგად უფრო გამართლებული ალბათ, თანამშრომლების შემცირება იქნებოდა…

– კი, შეიძლება სხვა ქვეყნებში ასეც არის. მაგრამ იქ სახელმწიფო ეკონომიკური კრიზისის დროს უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს ფინანსურად ეხმარება, მიღებულ ზარალს უფარავს. მაგრამ ჩვენთან ასე არ არის. სახელმწიფომ კრიზისის დროს გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს.

ცეზარ ჩოჩელი

მაგალითად, ჩვენს წარმოებაში ათასამდე ადამიანი მუშაობს. შეკვეთების რაოდენობამ ძალიან იკლო, მაგრამ თანამშრომლები ვერ შევამცირეთ. ამ კრიზისის დროს მათი სამსახურის გარეშე დატოვება არ გამოდიოდა. ამ დროს წარმოება ისე უნდა გადავაწყოთ, რომ ხარჯების შემცირების სხვა ფორმა მოიძებნოს. მიმაჩნია, რომ ბიზნესი მეტად უნდა აზღვევდეს რისკებს, გაცილებით უფრო მეტად.

– პანდემიამ ბიზნესი მწვავე პრობლემების წინაშე დააყენა. ეს კრიზისი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ბიზნესისთვის მისი წინასწარ გათვლა შეუძლებელი იყო. როგორ უმკლავდება თქვენი წარმოება ამ რთულ გამოწვევას?

– ეს არის ყველაზე რთული კრიზისი, რაც ოდესმე მინახავს. ჩვენი ეკონომიკა ამ კრიზისისთვის ყველაზე მოუმზადებელი აღმოჩნდა. პანდემიით გამოწვეულ კრიზისს პოლიტიკური არასტაბილურობა დაემატა. ტურიზმის შემდეგ ყველაზე დიდი დარტყმა წარმოებამ განიცადა. საქართველოშიც არის მცირე კომპანიები, რომლებმაც კრიზისი თავის სასარგებლოდ გამოიყენეს და მოგებაც მიიღეს. მაგრამ წარმოება სხვა საქმეა. მასზე კრიზისი გაცილებით მტკივნეულად აისახება. მოსახლეობის მყიდველუნარიანობის შემცირების გამო გაყიდვებმა იკლო. ახლა ყველა ბიზნესის შენარჩუნებას და გადარჩენას ცდილობს, მოგების მიღებაზე აღარ არის საუბარი.

გაძვირდა ლოისტიკური მომსახურება. ზოგიერთი მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება 100 ან 200%-ით არის გაძვირებული. გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი. ნედლეული ფასიც გაორმაგებულია. მას გაძვირებულ უცხოურ ვალუტაში ვყიდულობთ, ხოლო პროდუქციას კატასტროფულად გაუფასურებულ ლარში ვყიდით. ლარის დევალვაციის გამო ბიზნესი გაკოტრების პირას არის. ასეთი რყევები ბოლოს უღებს ბიზნესს. ნებისმიერი კომპანიის ღირებულება 4-5 წლის წინანდელს რომ შევადაროთ, მისი საბაზრო ფასი განახევრებულია.

ეკონომიკური კრიზისი ყველა ქვეყანაში მძიმედ გადააქვს ბიზნესს, მაგრამ ბიზნესის გადასარჩენად ბრძოლა ჩვენ სულ მუდმივად გვიწევს. საქართველოს შიდა ბაზარი არის პატარა. ჩვენ გარშემო ყველა დიდ სახელმწიფოს – თურქეთს, რუსეთს, აზერბაიჯანს აქვს ჭარბი წარმოება და ცდილობენ, პროდუქცია საქართველოში შემოიტანონ. ადგილობრივ წარმოებას მათთან კონკურენცია ძალიან რთულ პირობებში უწევს. ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ექსპორტის გაზრდა. ახლა ჩვენი პროდუქციისთვის ჩინეთის ბაზარი გაიხსნა, იხსნება ინდოეთის ბაზარი. საუბარია აშშ-ში ექსპორტის დაწყებაზე. ბევრი უნდა ვიმუშაოთ საექსპორტო მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, წლევანდელი წელი წარმოებისთვის გადამწყვეტი იქნება.

Share