Home » საზოგადოება » ,,ეკონომიკური კატასტროფა“- ეკონომისტი მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროეტის წინააღმდეგ
,,ეკონომიკური კატასტროფა“- ეკონომისტი მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროეტის წინააღმდეგ

,,ეკონომიკური კატასტროფა“- ეკონომისტი მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროეტის წინააღმდეგ

ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი ლია ელიავა მარიხუანის კულტივირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგია. მისი თქმით, ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური კატასტროფა ემუქრება.

როგორც ელიავა აცხადებს,  გაუგებარია, საქართველოს ხელისუფლება რატომ ინტერესდება მარიხუანის ვაჭრობით მაშინ, როცა განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი ნარკოტიკების წარმოებას ებრძვის _აღნიშნულ საკითხზე ელიავა ,,გურია ნიუსთან“ საუბრობს.

,,კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერების არა მარტო ექსპორტის, არამედ მისი წარმოების. თავი რომ დავანებოთ, ერის სიჯანსაღეზე საუბარს ეკონომიკურად ქვეყნისთვის ეს იქნება კატასტროფა. ფაქტობრივად, საქართველოს არა მარტო ეკონომიკა, არამედ მუშახელიც დაკნინდება.

 მინდა, გაგახსენოთ ჩინეთის მაგალითი, სადაც ევროპამ შეიტანა დიდი ოდენობით ნარკოტიკი ოპიუმი, რის შემდეგ ჩინეთმა დაიწყო დეგრადირება, ქვეყანა ქვეყანას აღარ გავდა და იყო უღარიბესი გაუბედურებული სახელმწიფო მანამდე, სანამ არ აიკრძალა ყოველგვარი ნარკოტიკის მოხმარება.

ნარკოტიკი არის არა მარტო წმინდა სოციალური პრობლემა, არამედ ეს გახდება ეკონომიკური პრობლემაც. ადამიანი, რომელიც არის თრობაში, ის, როგორც მუშაკი, როგორც ეკონომიკური ერთეული არის უვარგისი, შესაბამისად, საქართველო დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ დაკარგოს არა მარტო ის მწირი წარმოება, რაც დღეს გვაქვს, არამედ მომავალშიც ვეღარ განავითაროს თავისი თავი.

რატომ კეთდება აქცენტი მარიხუანის ექსპორტზე? ერთადერთი მიზეზის გამო, ეს არის ეროვნული ბანკის ინტერესი, მას მიბმული აქვს ლარის მოცულობა უცხოური ვალუტის მოცულობასთან და გარდა ამისა, უცხოურ ვალუტას ის აკუმულირებს და შეუძლია გაიტანოს საზღვარგარეთ, დააბანდოს ფასიან ქაღალდებში, მეორე ინტერესი ეს არის კომერციული ტიპის ინტერესი.

მთავრობა უნდა ხედავდეს, რომ არასწორი ნაბიჯი დაღუპავს ქვეყანას ქართველ მოსახლეობას. უცხო ქვეყნის მაგალითები რომ მოჰყავთ, მათ გააჩნიათ ამ ნარკოტიკების მოხმარების შეზღუდვის მექანიზმები, საქართველოში კი ასეთი მექანიზმები არ არსებობს. ფული, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო, ის არ იქნება საინვესტიციო ფული, ის შეიჭმება.

საქართველო არის ერთი მართვადი ქვეყანა, რომელსაც იმას აკეთებინებენ, რაც უნდათ, ყველა ცივილიზებული ქვეყანა ებრძვის ნარკოტიკების მოყვანას.  არ ვიცი, რა მოსდის ამ ხელისუფლებას. ქვეყანა აშკარად იღუპება, გარდა იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, ფასები იზრდება და იმის მაგივრად, რომ ამ საკითხებს მიხედონ, სამარცხვინო ნარკოვაჭრობას ეწევიან“, _ გვითხრა ელიავამ.

კანონპროექტის განხილვა, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, მარიხუანის წარმოებას ითვალისწინებს, პარლამენტმა საერო და სასულიერო პირების პროტესტის გამო დროებით შეაჩერა. ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაუბრუნდება პარლამენტი კანონპროექტის განხილვას.

Share