Home » საზოგადოება » ,,ეკონომიკის სამინისტროს პოზიციები უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილის ინტერესებთან, ვიდრე მთავრობის სამართლიანობის აღდგენის პროცესთან”
„ახალგაზრდა ადვოკატები“ - ეკონომიკის სამინისტროს პოზიციები უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილის ინტერესებთან, ვიდრე მთავრობის სამართლიანობის აღდგენის პროცესთან

,,ეკონომიკის სამინისტროს პოზიციები უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილის ინტერესებთან, ვიდრე მთავრობის სამართლიანობის აღდგენის პროცესთან”

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან არსებულ სადავო ქონებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქმეზე საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს – ქონებაჩამორთმეულთა დავებზე სახელმწიფომ უზრუნველყოს სამართლიანობის აღდგენა, საქართველოს ეკონიმიკისა და იუსტიციის სამინისტროს პოზიციები, ძირეულად ეწინააღმდეგება.

„ახალგაზრდა ადოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს და საზოგადოების წინაშე საჯაროს ხდის ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სასამართლო ეტაპზე წარმოდგენილ სამართლებრივ პოზიციებს, რომლებიც მიზანმიმართულად ცდება მოსარჩელე როლანდ ბლადაძის საქმეზე არსებული მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას და ნებსით თუ უნებლიეთ, თანხვედრაშია გიორგი პაპუაშვილის შეხედულებებთან.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქმეზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოითხოვს, რომ ცნობილ იქნეს არასათანადო მოპასუხედ, ეკონომიკის სამინისტრო კი აღნიშნავს, რომ როლანდ ბლადაძეს ქონების დაბრუნებაზე უარი უნდა ეთქვას. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, გამაოგნებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული სამართლოებრივი პოზიცია. ყურადღებას იპყრობს ის გარემოებაც, რომ ეკონომიკის სამინისტროსა და გიორგი პაპუაშვილის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებები, ერთიდაიგივეა. ასევე, თანხვედრაშია მათი მსჯელობის ტექსტიც. გამაოგნებელია სამინისტროს პოზიციაც, რომლითაც მოთხოვნილ იქნა საქმის სამოქალაქო წესის ნაცვლად, ადმინისტრაციული წესით განხილვა. სადაოდ გამხდარი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, სამინისტროს მხრიდან შეფასებულია, როგორც ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

არჩილ კაიკაციშვილი განცხადებას აკეთებს თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებულ სამართალწარმოების პროცესზეც. მისი თქმით, სახეზეა მოსამართლე ტარიელ ტაბატაძის შერჩევითი მართლმსჯაულების განხორციელება. კერძოდ, სასამართლოს მხრიდან, მოსარჩელე როლანდ ბლადაძის მხარისთვის შეუტყობინებლად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და მოსამართლემ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო განჩინება ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. მოსამართლემ საქმე განსახილველად გადასცა სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას. არჩილ კაიკაციშვილი აღნიშნავს, რომ მოხდა საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევა, როდესაც სასამართლომ სამინისტროს შუამდგომლობაზე არ მოისმინა მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია, რაც მიღებული გადაწყვეტილების წინაპირობა უნდა ყოფილიყო. მოსარჩელეს, აგრეთვე ოფიციალური წესით არ ჩაბარებია სამინისტროს შესაგებელი სარჩელი. შესაბამისად, მხარე მოკლებული აღმოჩნდა გაცნობოდა სამინისტროს პოზიციას, მაშინ, როდესაც მოსამართლის მიერ მიღებული განჩინება საქმის განსჯადობის შესახებ, საბოლოოა და არ საჩივრდება. არჩილ კაიკაციშვილი მიუთითებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ერთმნიშვნელოვნად დაარღვია მხარეთა შეჯიბრითობა და თანასწორუფლებიანობა. მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ, უკვე მერამდენედ შეძლო მოსარჩელე როლანდ ბლადაძის მიმართ ფუნდამეტური – სამართლიანი სასამართლოს უფლება შეეზღუდა. სამწუხაროდ, აღნიშნულზე სდუმს სასამართლო.

არჩილ კაიკაციშვილი აღნიშნავს, რომ ყველა მცდელობა საქმეზე მიკერძოებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მკაცრად იქნება გაკონტროლებული და გასაჯაროებული. დავის პერსპექტიულობა არაერთი მტკიცებულებით არის დასაბუთებული. სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა ტენდენცია, როდესაც საქმის თავდაპირველი განმხილველი მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე ცდილობს სამოსამართლო უფლებამოსილება აირიდოს და საქმეს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს. ის ფაქტი, რომ საქმე დამისამართდა ადმინისტრაციულ კოლეგიაში, ხელოვნურად შექმნილი ბარიერია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით, ცალსახად იქნა დასაბუთებული, რომ საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვენლობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების სედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარს. მოცემულ შემთხვევაში, როლანდ ბლადაძე წარდგენილი სარჩელით მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი ცნობილი იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად და შესაბამისად, ბათილად იქნას ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სასარჩელო ორივე მოთხოვნა პირდაპირ სამოქალაქო წესით განსჯადი სასამართლოს უფლებამოსილებაშია.

არჩილ კაიკაციშვილი აღნიშნავს, რომ ამჟამად საქმეზე განსჯადობის საკითხს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე დიანა ფარქოსაძე. აღნიშნული მოსამართლე, იმავდროულად განიხილავს გიორგი პაპუაშვილის საჩივარს სადაო ქონებაზე წარმოშობილი ყადაღის უზრუნველყოფის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ როლანდ ბლადაძის საქმეზე სამართლიანობის აღდგეენის აუცილებლობასა და ეკონომიკის სამინისტროს პოზიციების გაუმართლებლობაზე ღიად ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან 2016 წლის 26 იანვარს შეხევდრაზე. პრემიერმა საქმის მიმართ პირადი დაინტერესება გამოთქვა. საქართველოს მთავრობის მეთაურის ღირსეული რეაგირების შედეგად, 2 თებერვალს არჩილ კაიკაციშვილი შეხვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ასევე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსს. არჩილ კაიკაციშვილმა მეტი სიცხადე შეიტანა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების თაობაზე. მოცემულ ეტაპზე, დიალოგის შინაარსზე, ორგანიზაციას დამატებითი განმარტებები, არაეთიკურად მიაჩნია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებასთან დაკავშირებით, საქმე უნდა განიხილოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და წნეხისგან თავისუფალმა სასამართლომ. ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ მოსამართლის ინდივიდიალურ როლზე, რომელიც სწორედ ასეთი რეზონანსული საქმეების მიმართ გაბედულ და სამართლიან გადაწყვეტილებებში უნდა გამოიხატოს. არჩილ კაიკაციშვილმა უკვე მიმართა საქართველოს უზანესს სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს და საქმეზე მოქალაქის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა მოითხოვა. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა უკვე მიმართა დიპლომატიურ კორპუსს და უფლებების დაცვაზე მიმართულ ინსტიტუციებს, განახორციელონ დავაზე სასამართლოს მოქმედებების მონიტორინგი. არჩილ კაიკაციშვილი ცალსახად აცხადებს, რომ დღეს სასამართლოზე ზემოქმედება, ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის გარდა, ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ყველას ინტერესშია, რაც პირდაპირ დარტყმას მიაყენებს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას ქვეყანაში.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 90-გვერდიან სარჩელში ყველაფერი ცალსახად მიუთითებს, რომ სახელმწიფომ, როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ასევე იუსტიციის სამინისტროს სახით, ბოროტად გამოიყენა უფლების მართლზომიერების პრინციპი და 2004-2007 წლებში უკანონოდ დაეუფლა კერძო საკუთრებას. სახელმწიფომ 2004 წელს საფუძვლიანად იცოდა, რომ როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონება შეძენილი გახლდათ 1999 წელს, ნოტარიულად კი დამოწმდა 2000 წელს. სახელმწიფომ ქონების ჩამორთმევა დააფუძნა სავარაუდო დანაშულის ნიშნებს, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი ქონება ისე, რომ არ მომხდარა საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევა. მეტიც, სახელმწიფო როლანდ ბლადაძეს ედავებოდა თანამდებობის პერიოდში, 2001-2004 წლებში უკანონო შემოსავლებს და ამ გზით ბათუმში, მაშინდელი ერას ქუჩა #37-ში ბინის შეძენას, როდესაც უძრავი ქონება შეძენილ იქნა როლანდ ბლადაძის თანამდებობაზე დანიშვნვამდე. ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ხელყო კერძო მესაკუთრის უფლებები და მოვალეობები, ქონების ჩამორთმევა განხორციელდა არამართლზომიერად, დანაშაული, რომელის ჩადენასაც ედავებოდნენ როლანდ ბლადაძეს, აჭარის ა/რ პროკურატურის 2013 წლის 12 აპრილის დადგენილებით, ცალსახად არ დადასტურდა.

Share