Home » საზოგადოება » ეკონომიკის სამინისტრო: სიცრუეა რომ „ენკას“, რომელიც ნამახვანის პროექტს ახორციელებს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა რიონის მთელი ხეობა

ეკონომიკის სამინისტრო: სიცრუეა რომ „ენკას“, რომელიც ნამახვანის პროექტს ახორციელებს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა რიონის მთელი ხეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომპანია „ენკას“, რომელიც ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტს ახორციელებს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა  რიონის მთელი ხეობა.

“გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომპანია „ენკას,“ რომელიც ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტს ახორციელებს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა  რიონის მთელი ხეობა.

ხაზგასმით განვმარტავთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება დაძაბულობის შექმნას – კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები, რაც ქვეყანაში ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა – როდესაც ინვესტორი ახორციელებს ინვესტიციას, მითუმეტეს, განსაკუთრებით დიდ ინვესტიციას (საუბარია 800 მილიონ დოლარზე), ცხადია, მიწა მას უნდა ჰქონდეს ან საკუთრებაში, ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, ჰესების მშენებლობის და ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულებასთან ერთად,  მოიცავს ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის, ნამოხვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობას კომპანიის ხარჯებით და შემდგომში მის უსასყიდლოდ გადაცემას სახელმწიფოსთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია,  რომ კომპანიას არ აქვს   უფლება, მისთვის გადაცემული კონკრეტული მიწები გამოიყენოს სხვა მიზნებისათვის ან გაასხვისოს მესამე პირებზე”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

Share