Home » ფინანსები » „ეკონომიკის მუხრუჭს განაპირობებს კრედიტებზე მაღალი დამოკიდებულება, როდესაც ბიზნესის განვითარება ვერ ხდება“
„ეკონომიკის მუხრუჭს განაპირობებს კრედიტებზე მაღალი დამოკიდებულება, როდესაც ბიზნესის განვითარება ვერ ხდება“

„ეკონომიკის მუხრუჭს განაპირობებს კრედიტებზე მაღალი დამოკიდებულება, როდესაც ბიზნესის განვითარება ვერ ხდება“

საბანკო და არასაბანკო საკრედიტო სეგმენტში დაწყებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ჭარბვალიანობის ზეგავლენაზე ეკონომიკაზე, ახალ სამთავრობო ინიციატივებზე, გთავაზობთ  “ბანკები და ფინანსების” ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან, რომელიც მიიჩნევს, რომ ეკონომიკის „მუხრუჭს“ განაპირობებს კრედიტებზე მაღალი დამოკიდებულება, როდესაც ბიზნესის გაფართოება ვერ ხდება“.

-საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებითკომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაშიცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც იზღუდება მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-.

სესხების ზღვრის კაპიტალის 25 %-მდე  ლიმიტის დაწესება საერთაშორისო  საბანკო პრაქტიკისათვის მიღებული ნორმატივია, და იგი პირველ რიგში კაპიტალის რისკის შემცირებას ემსახურება.  თუ გსურს გაზარდო დაკრედიტება, მაშინ მოგიწევს კაპიტალის გაზრდაც, გარდა ამისა ამ ლიმიტის შემოღება ხელს შეუწყობს კაპიტალზე უკუგების მაღალი ნორმის დაწევასაც ანუ შეამცირებს რა კაპიტალის მულტიპლიკატორს კიდევ უფრო სტაბილურს გახდის სისტემის ფუნქციონირებას.

ამასთან, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი. გარდა ამ  სიახლისა, ახალი რეგულაციების შედეგად, რომელთა ნაწილიც განხილვის პროცესშია, მსესხებლის ყოველთვიურ წმინდა შემოსავლებს და გადასახდელებს შორის სხვაობა უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს, ამასთან იზღუდება ისეთი სესხის გაცემა, როდესაც მსესხებელი იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს (ნახევარზე მეტს) ვადის ბოლოს. ძირის გადახდა სასურველია ხდებოდეს მსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით, რაც დამახასიათებელია ევროპის ქვეყნებისათვის და დღეს თუ არ ჩავთვლით ბიზნეს სესხებს, ისიც ნაწილობრივ,  ნაკლებად არის ქართულ საბანკო პრაქტიკაში მიღებული.

რაც შეეხება გამოწვევებს, აქ მთავარი გამოწვევა არის საკრედიტო პორთფელის დივერსიფიკაცის გაზრდა. 2012 წლიდან დღემდე თვალშისაცემია ბანკების საკრედიტო პორთფელის სტრუქტურაში იპოთეკური დაკრედიტების და ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ხვედრითი წილის ზრდა. თუ 2012 წელს ბიზნეს სესხები საკრედიტო პორთფელის 56 %-ს შეადგენდა, 2017 წლის ბოლოს მისი ფარდობითი მაჩვენებელი 45 %-მდე შემცირდა, სამაგიეროდ გაიზარდა ფიზიკურ პირებზე  გაცემული სესხების და იპოთეკური სესხების ფარდობითი მაჩვენებლები 2012 წელთან შედარებით, საშუალოდ 5-6 %-ით და დღეს ფიზიკური პირების დაკრდიტების ხევედრითი წილი უკვე 55 %-ს შეადგენს. სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, სწორედ საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ და ვადიანობის დაგრძელებამ გამოიწვია. რაც შეეხება ბიზნეს სესხებს, აქ პრობლემა არა მსხვილ ბიზნესთან მიმართებაში, არამედ პირველ რიგში მიკრო და მცირე ბიზნესთან არის დაკავშირებული. ცნობისათვის მეწარმე ფიზიკური პირების ხვედრითი წილი შინამეურნეობების დაკრედიტებაში, სადაც იპოთეკური სესხები და სამომხმარებლო სესხებიც შედის, მხოლოდ 6 %-ს  შეადგენს. საკრედიტო პორთფელის სტრუქტურა ასახავს ეკონომიკის დივერსიფიკაციის დონესაც, როდესაც ეკონომიკის ზრდაში მსხვილი ბიზნესის ხვედრითი წილი საშუალოდ 80 %-ს შეადგენს. თუ ჩვენ გვსურს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ახალი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, განვითარებული ეკონომიკის ქვეყანაების მსგავსად,  მცირე და საშუალო ბიზნესის წილი  ეკონომიკის გამოშვებაში 60-65 % უნდა იყოს.

სწორედ ეს ფაქტორებია ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი, რადგან თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და საცალო დაკრედიტების სეგმენტის ხვედრითი წილი კიდევ უფრო გაიზარდა თუნდაც 60 %-მდე, ის წარმოქმნის სერიოზულ წინაპირობებს, როგორც ლიკვიდობის რისკის, ასევე მთლიანად სისტემური რისკების თვალსაზრისით, რაც ეკონომიკური ზრდის შენელების ინდიკატორიც შეიძლება გახდეს, თუ ეკონომიკური ზრდის პროცესში, ეკონომიკური და ფინანსური სარგებელი ნაკლებად აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე და დასაქმებაზე.

-სხვადასხვა კვლევების  მიხედვით, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას აფერხებს არაფორმალური სექტორი და თვითდასაქმება, რომელიც ძირითადად, საკუთარი თავის ფიზიკური კვლავწარმოების პროცესშია ჩართული და არა კაპიტალის დაგროვების და საწარმოო კვლავწარმოების პროცესში, რამდენად დგას ეს პრობლემა ჩვენთანაც?

სამწუხაროდ, ეს საკითხი ჩვენთანაც  მთავარ საკითხად უნდა განვიხილოთ. პრობლემა ისაა, რომ სამუშაო ძალის დიდი ნაწილი, მათ შორის მცირე ბიზნესი საკუთარი თვითგადარჩენის ზღვარზე ფუნქციონირებს და ეკონომიკურ ზრდაზე ზეგავლენას ვერ ახდენს. ეს თანაბრად ეხებათ როგორც მეწარმე ფიზიკურ პირების კატეგორიას, რომლებიც  მოქმედი კანონმდებლობით რეგისტრირებული არიან ინდ. მეწარმების სახით და მეორეს მხრივ, ფიზიკურ პირებს, რომლებიც დაკავებულები არიან დამოუკიდებელი პრაქტიკით და არაფორმალურ სექტორს წარმოადგენენ. თუ პირველი კატეგორიის მსესხებლებისათვის შემოსავლების დადასტურება ძნელად, მაგრამ მაინც ხდება, თვითდასაქმებულების შემთხვევაში, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელ პირებად, მაგრამ რეალურად მიკრობიზნესის სეგმენტს წარმოადგენენ, შემოსავლების დადასტურება სერიოზულ სირთულეებთან და დროსთან არის დაკავშირებული. იმისათვის, რომ ბანკმა დაადგინოს მათი წმინდა შემოსავლები, მხოლოდ საკრედიტო ბიუროს მონაცემები არ არის საკმარისი.

ამიტომაც არის ახალი საგადასახადო რეფორმა მნიშვნელოვანი, რაც მათი ბიზნესის ლეგალიზაციის შუწყობს ხელს და შესაბამისად, გაჩნდება რა წვდომა შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაზე, კომერციული ბანკებისათვის წმინდა შემოსავლების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. დღეს ეს არის ერთადერთი გზა კლიენტურის ბაზის გასაზრდელად. ბანკებს დღეს როგორც ჟანგბადი ისე სჭირდებათ კლიენტურის ბაზის  გაფართოება. ერთი და იგივე კლასის კლიენტურაზე მაღალი საკრედიტო დამოკიდებულება ზრდის როგორც გადახდისუნარიანობის(ვალების ჭაობის ეფექტი), ასევე კონცენტრაციის რისკსაც.

ქვეყანაში ბოლო წლებში იყო არასაბანკო დაწესებულებების ზრდის ნამდვილი ბუმი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ონლაინ გამსესხებელი კომპანიები თუ ლობრადები ლამის სოკოებივით იზრდებოდა, მათი ზეგავლენა როგორი იყო ეკონომიკაზე?

ეკონომიკაში ცნობილია, წარმოების მასშტაბის ეფექტის მინიმუმი, რომლის ქვემოთაც ნებისმიერი კომპანიის ფუნქციონირება შეუძლებელი ხდება. სამწუხაროდ, ბოლო წლებში მისო-ების და ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების მზარდი ექსპანსია, რაც ვერ დაბალანსდა საბანკო კრედიტის მიწოდებით, ისეთი სახის მიკროსაწარმოების გამრავლებას უწყობს ხელს, რომლებიც ამ ზღვართან ახლოს არიან,  ანუ ვერ ახდენს მცირე ბიზნესის თუნდაც საშუალო სეგმენტში გადასვლას სესხების მცირე მოცულობის და სიძვირის გამო. ამ ტიპის ბიზნეს მოდელი თავის მხრივ აბრკოლებს უფრო ეფექტური მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას.

სხვა განვითარებადი ქვეყნების მაგალითები და ამ მიმართულებით წარმოებული კვლევებიც ადასტურებს, რომ საბანკო სექტორის მიერ მცირე ბიზნესის დაკრედიტების პრობლემების და სამაგიეროდ, მიკროსაფინანსო დაწესებულებების საკრედიტო ექსპანსიისას,  ბაზრის დიდ ნაწილს იკავებენ სწორედ ამ ტიპის მიკროსაწარმოები, რომლებსაც გრძელვადიან პერსპექტივაში, ხარჯების შემცირება და პროდუქტიულობის ზრდა არ შეუძლიათ.

დიდწილად სწორედ ამის შედეგია, რომ ძირითადად ხდება საბრუნავი კაპიტალის  დაფინანსება და არ ხდება ძირითადი საშუალებების დაფინანსება, რაც ბიზნესის გასაფართოებლად და დასაქმების ზრდის მთავარი პირობაა. თავის მხრივ ეს ფაქტორი ნეგატიური ეფექტის მომტანი ხდება მთლიანად ეკონომიკისათვის, რადგან საბოლოო ჯამში  ვერ ხდება კაპიტალის გადადინება მცირედან საშუალო და საშუალოდან მსხვილ ბიზნესში და რაც მთავარია, ამ ტიპის ბიზნესი იკავებს რა ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილს ამცირებს სწორედ განვითარებაზე ორიენტირებული მცირე და საშუალო სექტორის განვითარებას, რომელიც ფორმალური დასაქმების მთავარი წყაროა განვითარებულ ქვეყნებში.

ამასთან, როდესაც არ ხდება მსესხებლის შემოსავლებისა და გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი, წარმოიქმნება არა მხოლოდ ვალების მომსახურების პრობლემა, არამედ როგორც სებ-ის განცხადებაში სამართლიანად არის აღნიშნული ვალაუვალ მსესხებელს  ეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშზე და უკვე პოტენციური სამართლებრივი აღსრულების და ქონების დაკარგვის შიშით, უმცირდება ფორმალური დასაქმების მოტივაცია, რაც ასევე პრობლემას წარმოადგენს მთლიანად ეკონომიკისთვის. ეკონომიკურ ზრდაზე ამ ტიპის დაკრედიტების ზეგავლენა პრაქტიკულად ნულოვანი, ხოლო თუ ჭარვალიანობის ფაქტორს გავითვალიწინებთ სულაც უარყოფითია. ეს ფაქტორები მთელი სიმწვავით აყეენებს საფინანსო სექტორის რეფორმირების აუცილებლობას.

-თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ სებ-ის ახალი მოთხოვნები აუცილებლად უნდა ადგენდეს სესხის გაცემის კრიტერიუმებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულო იქნება არა მხოლოდ კომერციული ბანკებისათვის, არამედ  საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოექცეს სესხის გამცემი ყველა ორგანიზაცია, იქნება ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები თუ ცალკეული პირები.

დღეს საფინანსო სექტორში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის ანალოგიც წარსულში ძნელად თუ მოიძებნება. ამ ტიპის რეფორმები თავის დროზე პრატიკულად ყველა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში განხორციელდა იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროკავშირის ქვეყნები. მიზანი არაფორმალური სექტორის, სოცალური და სისტემური რისკების მნიშვნელოვნად შემცირება იყო. მხოლოდ მისასალმებელია, რომ რეფორმა სესხის გაცემისას შემოსავლის დადასტურების სავალდებულო მოთხოვნაზე გადასვლას მხოლოდ საბანკო დაწესებულებებისათვის არ მოიცავს და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებებზეც გავრცელდება. ეს თავის მხრივ ამცირებს რისკებს, შემცირდეს საბანკო დაკრედიტება და სამაგიეროდ, ფიზიკური პირები გადავიდნენ ლომბარდებში და კერძო მევახშეებთან. ამასთან მიმაჩნია, რომ დებულება ლომბარდებს საერთოდ უნდა უკრძალავდეს უძრავი ქონების გირაოთი ბიზნეს სესხების გაცემასაც, რაც მათი საქმიანობის სფერო საერთოდ არ არის.

-ახალ სამთავრობო ინიციატივებზე უნდა გკითხოთ, რამდენად მზად არის საბანკო სექტორი ამ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და როგორ გესმით ფინანსტთა მინისტრის ცნობილი ფრთიანი ფრაზა ეკონომიკის „მუხრუჭთან“ დაკავშირებით?

როგორც უვე ავღნიშნე, მცირე  ბიზნესის განვითარების მთავარი პრობლემა პროდუქტიულობის ზრდაა, რადგან მიკროსაწარმოების დიდი ნაწილი ვერ ახდენს მოგების გენერირებას კაპიტალში და შესაბამისად გაფართოებას.  მაგრამ მეორეს მხრივ,  კაპიტალზე მაღალი მოთხოვნის გამო, ისინი იძულებული არიან გადაიხადონ მაღალი საპროცენტო განაკვეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და ლომბარდებში. თავის მხრივ კრედიტზე მაღალი დამოკიდებულება და ასევე მაღალი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი არა თუ სიღარიბის დაძლევის და დასაქმების ზრდის, არამედ სწორედ ჭარბვალიანობის და მიკროსეგმენტში მაღალი კონკურენციის გამო, მათი გაღატაკების მიზეზი ხდება.

შედეგად კი ვიღებთ რეალობას როდესაც  მიკრო და მცირე ბიზნესის ეკონომიკური განვითარებაზე, და შესაბამისად ეკონომიკურ ზრდაზეც ნეგატიურად არაფორმალური სექტორი ზემოქმედებს და ეს ეროვნული ბანკის კვლევამაც დაადასტურა. ეკონომიკის „მუხრუჭს“ განაპირობებს სწორედ კრედიტებზე მაღალი დამოკიდებულება, რაც ბიზნესის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება.

ბუნებრივია, კომერციულ ბანკებს ისევე რიგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოუწევთ ახალ ბიზნეს მოდელებზე გადასვლა, სადაც პრიორიტეტი არა უზრუნველყოფას, არამედ ფულადი ნაკადების ანალიზს მიენიჭება. ეს არის თანამედროვე საბანკო პრაქტიკის აქსიომა, რაც შეამცირებს საპროცენტო განაკვეთებსაც და გაზრდის ხელმისაწვდომობას საკრედიტო რესურსებზე. ეს არის მთავარი გამოწვევა და დარწმუნებული ვარ საბანკო სექტორი ამ გამოწვევას მიიღებს.

მიმაჩნია, რომ დღეს შექმნილ სიტუაციაში, საფინანსო სექტორის რეფორმირებასთან ერთად, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ მიკროსაფინანსო პოლიტიკას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციის და დასაქმების ზრდაზე, სტაბილურ მაკროეკონომიკურ განვითარებაზე. საკრედიტო პორთფელის დივერსიფიკაციის ზრდაც დიდწილად არა მსხვილ ბიზნესზე, რომლის დაფინანსებაც ისედაც ხორციელდება ბანკების მიერ, არამედ სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე გადის. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ არც ერთ განვითარებული ეკონომიკის ქვეყანაში მიკრო და მცირე ბიზნესის, მით უმეტეს დამწყები ბიზნესის განვითარება, მაღალი რისკების გამო, სპეციალიზირებული ფონდების და სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების გარეშე არ მომხდარა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მთავრობის მიერ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე აქცენტების გადატანა, ეკონომიკის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განვითარება და ფინანსური სექტორის რფორმირება არის გზა რეინდუსტრიალიზაციისაკენ და საბოლოოდ ამ პრობლემის გადაჭრისაკენ

 სწორედ ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა ერთის მხრივ საფინანსო სექტორში დაწყებულ რეფორმებს და მეორეს მხრივ, ახალ საგადასახადო ინიციატივებს და სამთავრობო პროგრამებს, „ახალგაზრდა მეწარმეს“ რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ეგიდით, საგრანტო ფორმით ხორციელდება და რეგიონებში ბიზნეს იდეების დაფინანსებას ითვალისწინებს და სტარტ აპების ახალ სამთავრობო სტრატეგიას, რომელიც თავისი პრიორიტეტებით და მოცულობით მართლა მაშტაბური და უნიკალურია.

Share