Home » ეკონომიკა » „ეკონომიკას ძალიან უჭირს და თუ ამ ფაზიდან არ გამოვა, ქვეყნის განვითარებაზე არანაირ საუბარი არ იქნება“

„ეკონომიკას ძალიან უჭირს და თუ ამ ფაზიდან არ გამოვა, ქვეყნის განვითარებაზე არანაირ საუბარი არ იქნება“

„ეკონომიკას ძალიან უჭირს და თუ ამ ფაზიდან არ გამოვა ქვეყნის განვითარებაზე არანაირ საუბარი არ იქნება“, – ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განუცხადა.

ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან საუბრისას პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნეს დაპირდა, რომ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მას უკუკავშირი ექნება.

„პრემიერთან ძალიან მნიშვნელოვანი 10 ფუნდამენტური საკითხი დავაყენეთ, თითოეული საკითხი მოითხოვს ღრმა ანალიზს და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. უახლოეს მომავალში ველით უკუკავშირს. ერთი შეხვედრით საკითხები ვერ გადაწყდება, მაგრამ მთავარი მზაობაა.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს მოჰყვეს კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან. თუ ძალიან გადაჭარბებული არ გამოვა, ეს ქვეყანა ჩვენი საზოგადოების ასაშენებელი და შესაქმნელი, ამიტომ ყველამ ჩვენს ადგილზე ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, რათა ქვეყანა წინ წავიდეს“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

კომერსანტის კითხვაზე ჰქონდა თუ არა პრემიერს ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ რომელიც ბიზნეს აწუხებს, უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტი გვპასუხობს, რომ არსებული პრობლემური საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია  ხელისუფლების მეთაურს არ ჰქონია.

„პრემიერმა გულდასმით მოგვისმინა, ადეკვატურად გაიგო ყველა ის პრობლემა რომელიც დავაყენეთ. მას ჰქონდა ინფორმაცია მაგრამ მთელი სიგრძე-სიგანით ვერ ჰქონდა. ჩვენ პრაქტიკოსი ბიზნესმენები ვართ და გავშალეთ ის თემები, რომელთანაც მას ყოველდღიური შეხება არ ჰქონია, რასაკვირველია ამ საკითხებში გათვითცნობიერებული იყო, მაგრამ ჩვენ პრობლემური საკითხები უფრო სიღრმისეულად გავაცანით.

ეს მნიშვნელოვანი ხასიათის პრობლემებია, მაგრამ თითოეული მათგანი მზაობის შემთხვევაში ექვემდებარება გადაწყვეტას. როგორც პრემიერი შეგვპირდა მისგან უკუკავშირი ამ დღეებში იქნება და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ტიპის შეხვედრისთვის.

ყველას ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მაგრამ იმ მიზნისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე დადგეს ყოველთვის მზად ვართ ჩვენი დრო და ენერგია დავიხარჯოთ. პრემიერსაც ვუთხარით, რომ ზედმეტი დრო არავის გაქვს, თუმცა მოვალეობად მიგვაჩნია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს.

commersant.ge

Share