Home » ეკონომიკა » გამყარდება თუ გაუფასურდება? – როგორ იმოქმედებს ეკონომიკის გახსნა ლარის კურსზე

გამყარდება თუ გაუფასურდება? – როგორ იმოქმედებს ეკონომიკის გახსნა ლარის კურსზე

ლარს ჯერჯერობით ვერაფერი ამყარებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებები უკვე მხოლოდ “ბიმაჩ” პლატფორმაზე დადებულ გარიგებებს ეფუძნება, კურსზე ეს ფაქტორი ვერ იმოქმედებს, თუმცა ვაჭრობის მიმდინარეობისას კომერციული ბანკების მიმართ გაჩენილ სპეკულაციურ ეჭვებს გააქრობს. ფინანსისტები პროგნოზირებენ, რა ელოდება ეროვნულ ვალუტას უახლოეს პერიოდში.

ჯერჯერობით, სანამ ეკონომიკა ჯერ კიდევ მკაცრად შეზღუდულია და ბიზნესი პასიურია, ლარის გაუფასურების რისკი ნაკლებია. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს განაგრძობს, სულ ახლახან  მან 40 000 დოლარი გაიყიდა, თუმცა ამას ლარის გამყარება არ მოჰყოლია და კურსი არსებულ დონეზე დარჩა.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ანალიტიკოსმა ნიკა შენგელია ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ “ბიმაჩ” პლატფორმის ფუნქციონირება შეაფასა  და განაცხადა, რომ ამით სავალუტო ბაზარზე მოთამაშე სუბიექტების გარიგებები გამჭვირვალე ხდება, თუმცა კურსზე ვერანაირად იმოქმედებს.

,,ახალი პლატფორმა არ არის იმის გარანტი, რომ მან კურსის გაუფასურება შეაჩეროს. მაინც მოუწევს სებ-ს  ინტერვენციები, ჩვენი ბაზარი არ არის ლიკვიდური, არ არის ბევრი ტრეიდერი, თანაც  დაშვებულია მხოლოდ ისეთი კომპანიები, რომლებიც 10 000 დოლარიდან იწყებენ ვაჭრობს.  კომპანია, რომელსაც თუნდაც 5 000  ან 6 000 დოლარის ყიდვა უნდა, კომერციულ ბანკზეა დამოკიდებული. ამდენად, კურსის განსაზღვრასთან დაკავშირებით სებ-ს  მექანიზმი  არ დაუხვეწავს. დარჩა გაცვლითი კურსის დადგენის მარტივი მეთოდოლოგია, რაიმე კარგი ნაბიჯი თუ გადაიდგა, მხოლოდ იმისთვის,  რომ კურსი თუ გაუფასურდება,  სებ-მა თავი დაიზღვიოს და პასუხისმგებლობა მოიხსნას.

“ბიმაჩ” პლატფორმაც ამას ემსახურება. მსხვილი კლიენტები ერთმანეთთან თვითონ ვაჭრობენ და სებ-ის პასუხისმგებლობა არ გამოიკვეთება. ასე თუ ისე, კლიენტები თვითონ გააკეთებენ განაცხადს, ანუ თეორიული შენიღვბვა მოხდა. ეს არის პასუხისმგებლობის არიდება გაუფასურებისას, საბოლოოდ იქაც მაინც კომერციული ბანკები იაქტიურებენ“, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ნიკა შენგელიამ.

რაც შეეხება ინტერვენციებს, მისი შეფასებით, 40 000 დოლარი სებ-მა გაყიდა იმიტომ, რომ  . არასაკმარისი თანხა იყო, მოთხოვნა დოლარზე ჭარბობდა და ცენტრალური ბანკის  ჩარევა გახდა საჭირო.

,,ვინმეს თუ ჰგონია, რომ ახალი ტერმინალი მუშაობს და ეს კურსს დაასტაბილურებს, ასე არ იქნება.  ჩვენ გვქონდა პროგნოზი, რომ ლარი თებერვლიდან გაუფასურებას დაიწყებს, რაც ძალაში რჩება. ჩაკეტვები როგორც კი მოიხსნება,  ეკონომიკა ამოძრავდება, მოთხოვნა აუცილებლად გაიზრდება იმპორტზე, შესაბამისად, კურსი გაუფასურებას გააგრძელებს. ტენდენცია უფრო 1 კვარტლის ბოლოსკენ გამოჩნდება, თუმცა შეზღუდვები თუკი  გაგრძელდება, კურსი შესაძლოა, არსებულ მაჩვენებელზე შენარჩუნდეს.

ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რეზერვი, რომ კურსი არეგულიროს, თუ მოინდომა, 3,0-იან ნიშნულამდეც დაიყვანს. მით უმეტეს, ვაჭრობა შემცირებულია, შესაბამისად,  იმპორტიც  იკლო. 2019 წელს მეტი დოლარი გადიოდა და სწორი პოლიტიკით 3,15-იან ნინულზე კურსი თავისუფლად ჩამოვა, მაგრამ ამას ეროვნული ბანკი არ აკეთებს. როგორც კი ეკონომიკა გააქტიურდება, კურსი არსებულ მაჩვენებელზე არ შეჩერდება და  ლარი გაუფასურდება“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

“ბიმაჩ” პლატფორმის ამოქმედებას და მის საფუძველზე კურსის დადგენის ახალ შესაძლებლობას, გამყარების საფუძვლად არც საბანკო სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ. ექსპერტ გოჩა თუთბერიძის აზრით, თუ რომელ პლატფორმაზე წარიმართება სავალუტო ვაჭრობა, კურსის სტაბილურობისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, რაიმე ცვლილება ამ მხრივ მსოალოდნელი არ არის.

,,ბიმაჩ” სისტემა წინგადადგმული ნაბიჯია, ლარის გამყარებაზე გავლენას ვერ მოახდენს. კურსი განისაზღვრება სხვა ფაქტორებით.  პირველ რიგში, ესაა ეკონომიკის მდგომარეობა და არ მგონია, რამე დადებითი ცვლილება იყოს ამ კუთხით. კარგია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, მაგრამ ნურავის ექნება იმედი, რომ ამით კურსზე გავლენა იქნება.

პანდემიური კრიზისი თუ მოიხსნა, თავისთავად კურსიც უნდა გამოსწორდეს, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში დასტაბილურდეს. სავალუტო პროცესები დიდწილად დამოკიდებული იმაზე, როგორი იქნება სებ-ის ფულად-საკრედიტო და მთავრობის ფისკალური პოლიტიკა, როგორ დახარჯავს ფულს, რომელსაც მთავრობა იღებს გადასახადების საშუალებით,  რამდენად სწორად განაწილდება ხარჯი. ცხადია, ახალი პლატფორმა გარკვეულწილად მოხსნის ეჭვებს, რომელზეც ხშირად საუბრობდნენ და წერდნენ პრესაში, რომ გარიგებებს აქვს ადგილი და ბანკები ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე აკეთებენ ფულს. ამ ეჭვს ნამდვილად გააქარწყლებს, თუმცა სხვა ეფექტი ამას არ ექნება“, – განაცხადა “ბიზნეს-რეზონანსთან” თუთბერიძემ.

ექსპერტის აზრით, მონეტარული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და მოხდეს საპროცენტო  განაკვეთების მინიმუმამდე დაყვანა. 8%-იანი რეფინანსირების განაკვეთი ის ნიშნულია, რითაც ეკონომიკის ამოძრავება რთული და იმავდროულად წარმოუდგენელიცაა.

,,მნიშვნელოვანია, ეროვნულ ბანკში  შეიცვალოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ჩადგეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამსახურში. სამწუხაროდ, ამის სურვილი არ ჩანს”, – აღნიშნა ფინანსისტმა.

შეგახსენებთ, რომ  “ბიმაჩ” პლატფორმა ბლუმბერგის სისტემაში 2020 წლის მარტიდან ამოქმედდა. განვლილი პერიოდის ანალიზმა ცხადყო, რომ პლატფორმაზე შექმნილია ვაჭრობის კონკურენტული გარემო. გარიგებები არ ხასიათდება დიდი სმპლიტუდით და, რაც მთავარია, სრულად შეესაბამება გარიგების დადების დროს ბაზარზე არსებულ რეალობას.

წყარო: resonancedaily.com

 

Share