Home » მსოფლიო » EBA: ბანკებმა გადაუხდელი სესხები რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოწერონ

EBA: ბანკებმა გადაუხდელი სესხები რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოწერონ

ევროკავშირის მთავარი საბანკო მარეგულირებელი გამსესხებლებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩამოწერონ სესხები, რომელთა გადახდა პანდემიის შემდეგ ვერ ხერხდება და აფრთხილებს, რომ მოქმედების გარეშე, “ზომბი” ფირმები ეკონომიკის აღდგენას დააზიანებენ.

როგორც ევროპის მთავარი საბანკო მარეგულირებლის თავმჯდომარემ, ხოსე მანუელ კამპამ, ინტერვიუში განაცხადა, მარეგულირებელი ორგანოები მომდევნო კვარტლებში უმოქმედო სესხების  მნიშვნელოვან ზრდას ელიან. როგორც კამპა ამბობს, ამ სიტუაციაში ზარალის რაც შეიძლება ადრეული აღიარება უნდა მოხდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბანკებმა უმოქმედო სესხების დასაფარად მილიარდობით ევრო გამოყვეს, გასული წლის ბოლოს ასეთი სესხების რეალური თანაფარდობა 2.6%-მდე შემცირდა, რასაც კამპა პარადოქსულს უწოდებს, მაშინ, როდესაც Covid-19-ის პანდემიამ ეკონომიკა რეცესიაში ჩააგდო.

”თქვენ უნდა შეაფასოთ ყველა რისკი და სცადოთ მათი სათანადოდ უზრუნველყოფა. სავარაუდოდ, იქნებიან ფირმები, რომლებსაც უბრალოდ არ აქვთ სიცოცხლისუნარიანი ბიზნეს მოდელები და მათ ბაზრიდან გასვლის და ლიკვიდაციის საჭიროება დაუდგებათ”,- აცხადებს კამპა.

თავად ბანკებს, დანაკარგებთან გამკლავებისთვის უფრო მეტი კაპიტალი აქვთ, ვიდრე ფინანსურ კრიზისის დროს ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, კამპა ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებებს და ინდუსტრიას კვლავ სჭირდებათ დაცვა “ზომბი ბანკების” წინააღმდეგ, რომლებიც სესხებზე ზარალის აღიარებას აფერხებენ, მაგრამ ასევე ზღუდავენ ახალი სესხების გაცემასაც.

კამპას პოზიცია და “ევროპის ცენტრალური ბანკის” ბოლოდროინდელი გაფრთხილებები აჩვენებს, რომ ევროპული ხელისუფლებები პანდემიის სრული ეფექტისთვის ემზადებიან, რომელიც დროებითი ზომების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ეკონომიკაზე აისახება. “ევროპის ცენტრალური ბანკი” წელს ბანკებისთვის სტრეს ტესტების განახლებასაც აპირებს.

წყარო: businessformula.ge

Share