Home » ბიზნესი » ძუღური – ბაზარზე ახალი მინერალური წყალი გამოჩნდა
ძუღური - ბაზარზე ახალი მინერალური წყალი გამოჩნდა

ძუღური – ბაზარზე ახალი მინერალური წყალი გამოჩნდა

მინერალური წყლების ბაზარზე ახალი მინერალური წყალი ძუღური გამოჩნდა. დასახელებამ ადამიანთა ნაწილში ირონია გამოიწვია, თუმცა, წყალი ძუღური მართლა არსებობს და მას ლეჩხუმში ასხამენ.

როგორც ძუღურის მწარმოებლები აცხადებენ, ამ მინერალური წყლის არსებობის შესახებ მოსახლეობის ფართო მასებისათვის მე-19 საუკუნის დასაწყისიდან გახდა ცნობილი, თუმცა ადგილობრივები მის სამკურნალო თვისებებზე გაცილებით ადრე იყვნენ ინფორმირებულნი. დღეისათვის მინერალური წყალი ძუღური საფუძვლიანად არის შესწავლილი. ის დაბალ მინერალიზებული წყალია, ამიტომ მისი მიღება სხვა მინერალურ წყლებთან შედარებით ჩვეულებრივ სასმელი წყლის მაგივრადაც არის შესაძლებელი.

შპს ძუღური 2015-ის ინფორმაციით, კვლევების საფუძველზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ (ბრძანება 310/ნ ) მინერალურ წყალ ძუღურსმიენიჭა სამკურნალო წყლის კატეგორია. ამავე ბრძანებაში მითითებულია, რომ მინერალური წყალი ძუღური ეფექტიანია დიაბეტის, ნევროზის, ჭარბი წონის, რკინა დეფიციტური ანემიისა და პოდაგრის დროს. აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციებს, ასევე ძუღური კარგია ბავშვებისთვისაც.

როგორც მწარმოებლები ამბობენ, ძუღური მცირე რაოდენობით იწარმოება, მის მიმართ კომერციული ინტერესი დაბალია. წყალს იმდენად მცირე დებეტი აქვს, რომ ექსპორტზე მისი გატანა უაზრობაა, უფრო მეტიც, შიდა ბაზრის სრულიად უზრუნველყოფისთვის არ არის საკმარისი. ამას ისიც ემატება რომ წყლის სათავე ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზეა და საკმაოდ მიუწვდომელ ადგილზეა განთავსებული.

“მიუხედავად ამისა, წყალი იმდენად ეფექტიანია, რომ ადამიანები წყლის სათავემდე ცხენებით ან სპეციალური მანქანებით ადიან, კარვებს შლიან და კვირაობით რჩებიან რათა ძუღური დალიონ და იმკურნალონ”, – წერს წყლის მწარმოებელი კომპანია ფეისბუკზე. მათი თქმით, წყალი ცაგერამდე რამდენიმეკილომეტრიანი მილებით ჩამოაქვთ, სადაც ბოთლებში ასხამენ.ძუღური ამ დროისათვის ფარმადეპოს აფთიაქებში იყიდება და 1 ბოთლის ღირებულება 1 ლარია.

წყარო: On.ge

Share