Home » საზოგადოება » დუშეთის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია იწყება
დუშეთის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია იწყება

დუშეთის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია იწყება

ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობის მქონე ქალაქ დუშეთში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სარესტავრაციო აღდგენითი სამუშაოები ქალაქის ძველი უბნების, დანგრევის პირას მისული სახლების რესტავრაციასა და მათთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას გულისხმობს და რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

სამუშაოების საწყის ეტაპზე, სპეციალისტები ქალაქის შუაგულში, ისტორიული სკვერის ე.წ. ბულვარის რეაბილიტაციაზე მუშაობენ. პროექტის ფარგლებში, ქალაქში ისტორიული უბნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული ნაგებობებიც აღდგება.

ამ ეტაპზე, უკვე არსებობს თითოეული შენობის აღდგენის კონკრეტული გეგმა და პროექტი. პირველ ეტაპზე, 42 ნაგებობის აღდგენაა დაგეგმილი.

დუშეთის ცენტრალური სკვერისა და შენობების სრული რეაბილიტაციისთვის მსოფლიო ბანკმა რამდენიმე მილიონი დოლარი გამოყო, აქედან ორი მილიონი უშუალოდ ბულვარის აღდგენას მოხმარდება.

დუშეთის ისტორიულ უბანში 100-მდე სარესტავრაციო სახლია, მათი მდგომარეობა კი სხვადასხვაგვარია.

პირველ ეტაპზე, მუშაობა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის მქონე ნაგებობებზე დაიწყება და პირვანდელ იერსახეს არქივში შემონახული ფოტოდოკუმენტების წყალობით დაიბრუნებს.

დუშეთი 2015 წელს მცირე და საშუალო ზომის ქალაქების მსოფლიო ასოციაციის წევრიც გახდა. აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ვარაუდობენ, რომ ქალაქი, რომელშიც 7 ათასზე მეტი მოსახლეა, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

პროექტზე მუშაობის დასრულებას 2017 წლის ბოლოს ვარაუდობენ.

Share