Home » ფინანსები » „დროებითი შოკების ამოწურვის და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2022 წლიდან შემცირებას დაიწყებს“

„დროებითი შოკების ამოწურვის და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2022 წლიდან შემცირებას დაიწყებს“

ინფლაციის ასეთი ზრდის მიზეზი არის კორონავირუსის გამო შექმნილი არაორდინალური ვითარება არამარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამ ფაქტორების გამო, ინფლაციის ზრდაზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

გვენეტაძემ ლარის გაუფასურების რამდენიმე ფაქტორი განიხილა.

„საქართველო, მოგეხსენებათ, არის ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანა და კორონავირუსის პანდემიამ ზუსტად ეს სექტორი დააზარალა ყველაზე მეტად. სხვათა შორის ცალკე შეფასება გაკეთდა მომსახურებაზე დამოკიდებული ქვეყნებისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რომელიც აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის შოკი, რომელიც მობილობის შეზღუდვას გულისხმობს, გაცილებით უფრო რთული გადასატანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დამოკიდებულები არიან ასეთ მომსახურებაზე და საქართველოც ამ შემთხვევაში ასეთი ქვეყნების სიაშია.

აქედან გამომდინარე, ქვეყანამ ძალიან დიდი რაოდენობით, დაახლოებით სამ მლრდ-მდე უცხოური ვალუტის შემოსავალი დაკარგა, რამაც, რა თქმა უნდა, გააუარესა მიმდინარე დეფიციტი და ამან შექმნა ზეწოლა გაცვლით კურსზე. რა თქმა უნდა, ამან ასახვა ფასებზეც ჰპოვა, როგორც იმპორტული ინფლაციის გავლით, ასევე უცხოური კომპანიების სესხების მომსახურების არხით.

ამავე დროს, მოგეხსენებათ, რომ პარალელურად მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაძვირდა ფართო მოხმარების ისეთი პროდუქტები, როგორიც არის ხორბალი, მზესუმზირა, ზეთი, შაქარი. ამავე დროს, გამომდინარე იქედან, რომ წელს შარშანდელისგან განსხვავებით დადებითი ზრდა არის მსოფლიოში მოსალოდნელი, ამან გამოიწვია ნავთობის ფასების გაზრდა და ესეც ერთ-ერთი მიწოდების ფაქტორი არის ქვეყნისათვის და აქედან გამომდინარე შეუძლებელია ასეთ ფაქტორებთან გამკლავება.

გარდა ამისა, პანდემიის შესაკავებლად არსებული შეზღუდვების გამო, კომპანიებმა საოპერაციო ხარჯები გაზარდეს, რაც გარკვეულწილად საბოლოოდ ფასებზეც აისახება. ასე რომ, ერთობლიობა ყველა ამ ფაქტორისა განაპირობებს იმას, რომ ინფლაცია ბოლო წლების განმავლობაში არის ყველაზე მაღალი. იმის გამო, რომ გრძელვადიან ინფლაციასთან დაკავშირებით მოლოდინები არ შეიქმნას, ამის თავიდან ასაცილებლად მკაცრდება მონეტარული პოლიტიკა. მონეტარული პოლიტიკა არის ინფლაციის მართვის ძირითადი და საშუალოვადიან პერიოდში ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი.

რაც შეეხება პროგნოზებს, განახლებული პროგნოზების მიხედვით, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 6.5 პროცენტის ფარგლებში იქნება. ამდენად, დროებითი შოკების ამოწურვის და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2022 წლიდან დაიწყებს შემცირებას და საშუალოვადიან პერიოდში თავის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება“, – განაცხადა გვენეტაძემ.

Share