Home » საზოგადოება » დრო და ჟამის შესაფერად, ხან „ნაცი“ და ხანაც „ქოცი“ – იოსებ მაკრახიძის საბიუჯეტო ოცნებები
დრო და ჟამის შესაფერად, ხან „ნაცი“ და ხანაც „ქოცი“ – იოსებ მაკრახიძის საბიუჯეტო ოცნებები

დრო და ჟამის შესაფერად, ხან „ნაცი“ და ხანაც „ქოცი“ – იოსებ მაკრახიძის საბიუჯეტო ოცნებები

გორში 18.8 მილიონის 33–ვე ტენდერი მაჟორიტართან დაკავშირებულმა კომპანიებმა მოიგეს

ბიზნესი და პოლიტიკა საქართველოში რომ ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული, ეს არახალი ამბავია. საქართველოს პარლამენტში მუდმივად გვხვდებოდნენ ისეთი ბიზნესმენები, რომელებიც ან საკუთარი ბიზნესის “დასაკრიშად” იბრძოდნენ დეპუტატის მანდატისთვის, ანაც პარტიისთვის მაღალი შემომწირველობის გამო პარლამენტში მოხვედრილები საკუთარი ბიზნესის გაფართოებას “ჩალიჩობდნენ” – ხშირად საბიუჯეტო სახსრების ხარჯზეც. ასეთი ბიზნესმენები ხშირ შემთხვევაში საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებსაც უმარტივესად იცვლიან და ხან ერთ პარტიაში არიან, ხანაც მეორეში. გააჩნია იმას, მოცემულ დროში თუ რომელი მათგანია სახელისუფლებო შტოში.

სწორედ ასეთი დეპუტატია იოსებ მაკრახიძე, რომელზეც, შესაძლოა, საზოგადოებას ბევრი არაფერიც სმენია, ვინაიდან პარლამენტში ფაქტობრივად არასდროს ჩანს, არადა იგი პარლამენტში გორის ერთობ სიმბოლური და “საოცნებო” 41–ე მაჟორიტარული ოლქიდანაა შესული. გორის მაჟორიტარს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცნობს და პარლამენტში მის გამოსვლასაც იშვიათად თუ გაიხსენებს ვინმე, ეს კიდევ ცალკე ამბავია. მაშინ, როდესაც ქვეყანაში მცოცავი ოკუპაცია მუდმივად სახიფათო სახეს იღებს, სულ უფრო მეტი ქართული სოფელი ეხვევა მავთულხლართებში, გორის მაჟორიტარი დეპუტატი, ძირითადად, საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ზრუნავს და მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ ტენდერებს ერთმანეთის მიყოლებით ისაკუთრებს.

ამას ცხადყოფს სახელმწიფო აუდიტის ახალი ანგარიში, საიდანაც ვიგებთ, რომ 2017-2018 წლებში გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 33 საგზაო ტენდერიდან 33-ვე შემთხვევაში გორის მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, “საგზაო სამმართველო #1-მა”, “შარამ” და “იბოლიამ” გაიმარჯვეს. უმეტეს შემთხვევაში, უკონკურენტოდ, ამ ტენდერების საერთო სახელშეკრულებო ღირებულება კი 18.8 მლნ ლარი იყო.

აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ

იოსებ მაკრახიძე რომ ყველა ხელისუფლებასთან ადვილად პოულობს საერთო ენას, ეს გასაკვირი სულაც არ არის, ვინაიდან დეპუტატის მანდატის მოპოვებამდე, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იგი ამ პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი იყო. ამას “ნაციონალებიც” უფასებდნენ და, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს მაკრახიძის შპს “იბოლიამ” 29 ტენდერში გაიმარჯვა, ასევე, გამარტივებული შესყიდვის წესით 21 კონტრაქტი გააფორმა.

თუმცა, რეალობა შეიცვალა და ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა. მაკრახიძემაც შეცვალა ნოტები და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გორში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი გახდა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის სალომე ზურაბიშვილის მსხვილი შემომწირველიც იყო, თუმცა აცხადებდა, რომ შეწირული 50 000 ლარი შვილსა და მეგობრებს გამოართვა.

მაკრახიძის კრახი

აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2017-2018 წლებში გორის მუნიციპალიტეტმა 33 ტენდერი გამოაცხადა გზების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისთვის. სატენდერო პროცესის შესწავლით კი გამოვლინდა, რომ “სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნებს, რის გამოც ტენდერები ტარდებოდა ერთი და იგივე მიმწოდებლების მონაწილეობით, ხოლო კონკურენციის შემთხვევაში ხდებოდა დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია”.

აუდიტის თანახმადვე, ამ წლებში მუნიციპალიტეტმა ტენდერის გზით 33 ხელშეკრულება გააფორმა ზემოაღნიშნული სამუშაოების შესყიდვისთვის, სახელშეკრულებო ღირებულებით 18 785 200 ლარი. აუდიტის ცნობით, 33 ტენდერიდან 21 შემთხვევაში შპს “საგზაო სამმართველო #1- მა”, 8 შემთხვევაში – შპს “იბოლიამ” და 4 შემთხვევაში შპს “შარამ”გაიმარჯვა.

“იბოლია” და “შარა” გორის მაჟორიტარი დეპუტატის, სოსო მაკრახიძის დაფუძნებულია. იბოლიაში 40%-იან წილს ახლაც ფლობს, შვილების, მარიანა და ოფელია მაკრახიძეების 30%-იან წილთან ერთად;

“შარაში” კი მისი შვილი, ოფელია მაკრახიძე, 33%-იან წილს ფლობს. რაც შეეხება “საგზაო სამმართველო #1-ს”, აქ 50%-იან წილს ფლობს შოთა აბულაძე, რომელიც ადგილობრივი მედიების, ქარტლი.გე-ს და რადიო “მოზაიკის” თანახმად, მაკრახიძეების ახლობელია.

აუდიტის სამსახური ასკვნის, რომ მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების შესყიდვებისას სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნებს, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ტენდერები ტარდებოდა ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით, ხოლო კონკურენციის შემთხვევაში ხდებოდა დაბალფასიანი სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია.

“გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში სატენდერო კომისიას პრეტენდენტების მიმართ გააჩნდა არაერთგვაროვანი მიდგომა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს რისკი იმისა, მერიამ სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ შესაძლოა სატენდერო პირობები მორგებული ყოფილიყო კონკრეტული მიმწოდებლების ინტერესებს. შედეგად, მერიამ დაკარგა საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიღების შესაძლებლობა”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

კერძოდ, აუდიტი წერს: “ამ [ჯამში, 33] შესყიდვებიდან 21 ტენდერი ჩატარდა უკონკურენტო გარემოში. შესწავლით გამოვლინდა, რომ სატენდერო მოთხოვნები მოიცავდა: შესასრულებელი სამუშაოების არაგონივრულ გამოცდილებას, თავისუფალი ფინანსური რესურსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან მინიმუმ 50%-ის საკუთრებაში ფლობას და სხვა”.

“აგრეთვე, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო, რომ ტექნიკური მოთხოვნების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაზუსტების გარეშე მოხდებოდა პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია. აღნიშნული მოთხოვნები შესაძლოა ზღუდავდა კონკურენციას და იწვევდა პრეტენდენტების მიმართ დისკრიმინაციულ და არასამართლიან მიდგომას. კერძოდ:

სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება არ იყო დათვლილი რაიმე კრიტერიუმებსა და გაანგარიშებებზე დაყრდნობით;

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, გამოცდილების ღირებულება მოითხოვებოდა კონკრეტული სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე. თუმცა შესწავლით გამოვლინდა, რომ გზების რეაბილიტაციის ტენდერებზე ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების ღირებულება მერყეობდა სავარაუდო ღირებულების ოთხმაგი ოდენობიდან ცამეტმაგ ოდენობამდე;

აგრეთვე, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო მატერიალურ- ტექნიკური ბაზა (მანქანები 14-დან 18-მდე დასახელების), აქედან, მინიმუმ, 50% უნდა ყოფილიყო პრეტენდენტის საკუთრებაში. ეს მოთხოვნა არ იყო განპირობებული ობიექტური საჭიროებით. აღსანიშნავია, რომ პრეტენდენტმა, რომელმაც ამ შეზღუდვის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთ ტენდერში, იჩივლა შესყიდვების სააგენტოში . 2018 წლის მაისში დავების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და მერიას დაავალა გადაეხედა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნისთვის. საბჭოსთვის ბუნდოვანი იყო, რამდენად გამართლებული და მიზანშეწონილია ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისთვის სპეცტექნიკის არანაკლებ 50%-ის საკუთრებაში ქონის მოთხოვნა”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

აღნიშნული აუდიტის ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ იოსებ მაკრახიძე გორის მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ ყველა ტენდერს მისი ოჯახის წევრებზე გაფორმებულ კომპანიებს არგებდა და ისეთი პირობებით აქვეყნებინებდა მუნიციპალიტეტს ტენდერებს, რომ ყველა შემთხვევაში მისი კომპანიები გამხდარიყვნენ გამარჯვებულები.

40 ჰექტარზე მეტი მიწა და ოფიციალური წილები 6 კომპანიაში

თუ იოსებ მაკრახიძის მიერ შევსებულ დეკლარაციას ჩავხედავთ, იქ რამდენიმე საინტერესო დეტალს აღმოვაჩენთ, თუმცა ეს დეკლარაცია რომ მაკრახიძის უძრავ–მოძრავ ქონებაზე რეალურ სურათს არ ასახავს, ეს ისედაც ცხადია.

დეკლარაციის მიხედვით, იოსებ მაკრახიძე და მისი მეუღლე ციცინო კალანდაძე ჯამში, დაახლოებით, 40 ჰექტარ მიწის ნაკვეთებს გორსა და სოფელ მეღვრესკიში ფლობენ. ასევე, 7 447 კვადრატული მეტრი მიწის ფართი მათ მშვიდობის გამზირსა და ხოშტარიას ქუჩაზე ეკუთვნით. 7 მიწის ნაკვეთის გარდა, პარლამენტარის ოჯახის პირად საკუთრებაში კიდევ 3 ობიექტი ირიცხება – 2 არასაცხოვრებელი ფართი საიდანაც იჯარის სახით 7000 და 41000 ლარიან შემოსავალს იღებენ და 1 საცხოვრებელი სახლი.

სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე იოსებ მაკრახიძე 4798 ლარს ფლობს, დანაზოგის სახით კი 5000 ლარს. მისი მეუღლე ციცინო კალანდაძე, რომელიც საჯარო სკოლი მასწავლებელია 800 ლარიანი ხელფასით, ანგარიშებზე განთავსებული აქვს 180 ლარი და 4700 დოლარი, ასევე 5500 ლარიანი დანაზოგი.

რაც შეეხება კომპანიებს, მაკრახიძე და მისი მუღლე ჯამში 6 კომპანიაში ფლობენ წილებს, საიდანაც მაკრახიძის შემოსავალმა 105 131 ლარი შეადგინა, ხოლო მისი მეუღლის ციცინო კალანდაძის შემოსავალმა 114 441 ლარი.

გიორგი რანი

Share