Home » საზოგადოება » დისკუსია: დეზინფორმაცია, ყალბი ახალი ამბები – კერძო სექტორის წარმომადგენელთა თვალსაზრისი

დისკუსია: დეზინფორმაცია, ყალბი ახალი ამბები – კერძო სექტორის წარმომადგენელთა თვალსაზრისი

„სექტორი-3 ჰაბი განვითარებისთვის“ აგრძელებს პოდკასტების ციკლს დეზინფორმაციის საფრთხის, სოციალურ მედიაში ყალბი ახალი ამბების გავრცელების შეკავების შესაძლებლობების შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში სექტორ-3-ის მკვლევარი, სოციალური მედიის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობისა და სწავლის გამოცდილება.

დისკუსიის მონაწილეები: ქეთი ივერი – Citibank -ის გლობალური ქცევის რისკების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი, აშშ;

რატი კვანტალიანი – საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, Doha Institute for Graduate Studies კურსდამთავრებული, ყატარი;

ნუგო აბულაძე – საკალათბურთო კლუბ „ოლიმპის“ ვიცე-პრეზიდენტი Coventry University-ს კურსდამთავრებული, დიდი ბრიტანეთი ;

თამუნა მეტრეველი – საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის Cushman & Wakefield-ის დიზაინერი, ესპანეთი;

ლევან კეცხოველი – ციფრული სააგენტო „რედბერის“ მმართველი პარტნიორი, საქართველო.

დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ისინი „ფეიქ-ნიუსების“ პრობლემას აწყდებიან თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში, ისევე როგორც სოციალურ ურთიერთობებში. ხაზი გაესვა, ამ მხრივ, იმ თავისებურებებს, რაც ახასიათებს აშშ-ს, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, სპარსეთის ყურის ქვეყნების თუ საქართველოს სოციალურ სივრცეს და სამართლებრივ სფეროს.

ქეთი ივერმა და თამუნა მეტრეველმა ისაუბრეს კოვიდ-19- თან დაკავშირებული „ფეიქ ნიუსების“ გავრცელების  შემთხვევებზე აშშს-სა და ესპანეთში. აღინიშნა, რომ  „ფეიქ-ნიუსები“ აქტუალურია არა მარტო სოციალური ურთიერთობების სფეროში, არამედ ხელისშემშლელია პროფესიულ საქმიანობაშიც, იქნება ეს საინვესტიციო საქმე თუ საერთაშორისო ურთიერთობები. ნუგო აბულაძემ ისაუბრა სპორტის სფეროში გავრცელებული „ფეიქ-ნიუსების“ შესახებ, რომელთა მიზანი ხშირ შემთხვევაში პროდუქტის უკეთ გაყიდვა და ეკონომიკური სარგებლის მიღებაა.                   დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს რუსეთიდან გავრცელებულ დეზინფორმაციაზე, რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის წარმოადგენს საფრთხეს. რატი კვანტალიანის აზრით, საქართველო, ამ მხრივ, განსაკუთრებული რისკის ზონაშია. „რუსეთი საქართველოს მიმართ აქტიურია არა მარტო რბილი ძალის, არამედ ხისტი ძალის გამოყენებაშიც“. შესაბამისად,  საქართველოს საზოგადოებას სჭირდება სერიოზული ძალისხმევა ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კრიტიკული ანალიზის უნარების გამომუშავებას, მედიაწიგნიერებას.

ლევან კეცხოველმა აღინიშნა, რომ „ინტერნეტის, სოციალური მედიის რეგულირება ძალიან სახიფათოა ისეთი მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ამიტომ  ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანას ბევრად უფრო მეტად სჭირდება ბევრი ახსნა-განმარტება, ბევრი სწავლება, ინფორმაციის მიწოდება. არ უნდა დაგვეზაროს, როდესაც ვხედავთ კომენტარს, რომელიც აზიანებს, აბინძურებს გარემოს, ვუპასუხოთ, არ უნდა დაგვეზაროს ჩვენი აზრის დაფიქსირება და მეტად პროაქტიურები უნდა ვიყოთ  ამ პრობლემის გადაჭრაში“.

შეჯამებისას ნინი შენგელიამ ხაზი გაუსვა, რომ „მსგავსი ტიპის დისკუსია არის ძალიან ღირებული ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის, ცნობიერების ამაღლებისთვის. ამ პროცესში ყველანაირი ჯგუფი უნდა ჩაერთოს. მედიაწიგნიერება ესაჭიროება არა მხოლოდ მოზარდებს, არამედ ის არის აუცილებელი 21-ე საუკუნის ციფრული მოქალაქეებისთვის“.

Share