Home » საზოგადოება » დიმიტრი ხუნდაძე შსს ქუჩის ნარკოტესტირების წესების შეცვლის გამო მადლობას უხდის
დიმიტრი ხუნდაძე შსს ქუჩის ნარკოტესტირების წესების შეცვლის გამო მადლობას უხდის

დიმიტრი ხუნდაძე შსს ქუჩის ნარკოტესტირების წესების შეცვლის გამო მადლობას უხდის

ქუჩის ნარკოტესტირების წესების შეცვლის გამო საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობას უხდის. როგორც მოგეხსენებათ, კანონში შეტანილი ცვლილებიდან გამომდინარე, პატრულს პირის ნარკოტესტირებაზე გადაყვანა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ან სხვა დანაშაულისას შეეძლება.

„ქუჩის ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით ნამდვილად მქონდა შენიშვნა, რადგან სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტესტირებაზე გადაყვანილი პირების 70%-ს არ უფიქსირდებოდათ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი. ეს ერთი მხრივ, მოქალაქის უფლებების შელახვა და შეურაცხმყოფელი იყო, ხოლო მეორეს მხრივ, ბიუჯეტიდან მეტი ფინანსები გადიოდა. ამიტომ, ვთხოვე შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეემუშავებინათ კონკრეტული კრიტერიუმები და რეგულაციები, თუ რა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი პირის გადაყვანა ნარკოტესტირებაზე. 2015 წლის 30 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით ეს წესები შეიცვალა.
მსურს, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის გამო, რომ მათ გაითვალისწინეს შენიშვნა და დადგინდა: პოლიციას, პატრულს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება პირის გადაყვანა ნარკოტესტირებაზე, თუკი მას უფიქსირდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ან რაიმე სხვა ტიპის დანაშაული“

– ნათქვამია დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ თხოვნით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადაეხედათ ქუჩის ნარკოტესტირების საკითხისთვის და შეემუშავებინათ ახალი რეგულაციები ამასთან დაკავშირებით.

Share