Home » მსოფლიო » Die Welt: 2020 – „გაზპრომის“ ისტორიაში ყველა მძიმე წელი

Die Welt: 2020 – „გაზპრომის“ ისტორიაში ყველა მძიმე წელი

რამდენიმე წლის წინ „გაზპრომის“ ფუნქციონერები ვერ დაიჯერებდნენ, რომ მათი კონცერნის სტაბილურობის სიმბოლო მილების დიდ სიღრმეზე მონტაჟის ხომალდი გახდებოდა, სწორედ ის გემი, სახელად „ფორტუნა“ რომელმაც აშშ-ს მიერ შემოღებული სანქციების გვერდის ავლით გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობა უნდა დასრულდეს.

დღეს არავინ იცის, მოახერხებს თუ არა ის ამ მისიის შესრულებას. გერმანიის ტერიტორიულ წყლებში სამუშაოები უკვე დასრულდა, იანვარში მილების ჩალაგება დანიაში უნდა დაიწყოს.

თუმცა, აშშ სანქციებს ამკაცრებს, იმისთვის, რომ „გაზპრომის“ ევროპელ მოკავშირეებს პროექტიდან გასვლა აიძულოს.

თუ ვაშინგტონმა ეს მოახერხა, „გაზპრომი“ მის მიერ ჩადებულ 5 მლრდ ევროს დაკარგავს, თანაც იმ პირობებში, როდესაც მშენებლობა თითქმის დასრულებულია.

თუმცა, მილსადენთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, 2020 წელი რუსული საგაზო მონოპოლიისთვის სხვა მიზეზების გამოც ძალიან მძიმე იყო.

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნახევრად სახელმწიფო გიგანტმა პოლონურ PGNiG-ს 1,5 მლრდ. დოლარის ჯარიმა უნდა გადაუხადოს. ეს კი მისი ყველაზე მცირე პრობლემაა.

გაცილებით მეტ სირთულეებს საექსპორტო ფასების ვარდნა და პანდემია გამოიწვევს.

ჯერ კიდევ კორონავირუსამდე ევროპელებმა, რუსულ-უკრაინული სატრანზიტო ომის შიშით, გაზსაცავები ბოლომდე შეავსეს, ხოლო 2020 წლის ზამთარი საკმაოდ რბილი აღმოჩნდა. მაგრამ ნამდვილი კატასტროფა სწორედ კორონავირუსს უკავშირდება, 2019 წლის საექსპორტო ფასი 210 დოლარს შეადგენდა, 2020 წლის მეორე კვარტალში კი – 94.

ასევე გაზის ექსპორტის მოცულობებიც შემცირდა, ევროპის ბაზარზე მისი წილი 36%-დან 28%-მდე შემცირდა, ხოლო მთლიანი ექსპორტის მოცულობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით ჩამოიშალა.

კიდევ ერთი პრობლემა – ვალების ზრდაა. 2020 წლის 9 თვის შედეგებით „გაზპრომის“ წაგებამ 2,4 მლრდ. ევრო შეადგინა, შესაბამისად, კონცერნის დავალიანება 41%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თუმცა, 2020 წლის მე-4 კვარტალში სიტუაცია „გაზპრომის“ სასარგებლოდ შეიცვალა. თუნდაც იმიტომ, რომ გლობალური ეკონომიკის გამოცოცხლების შედეგად 200 დოლარამდე გაიზარდა.

ამას ხელი აზიაში მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ და ამერიკული თხევადი გაზის მიწოდების შემცირებამ შეუწყო. თხევადი გაზის ტანკერები აზიისკენ მიემართება, რაც „გაზპრომს“ ევროპაში მანევრირების საშუალებას კვლავ აძლევს.

თუმცა, ამის მიუხედავად წინა კვარტლების ზარალის კომპენსირება ვერ მოხერხდა, თუნდაც იმიტომ, რომ 2020 წელს რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში 10%-ით შემცირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზია თურქეთის მიერ შესყიდვების შემცირება და აზერბაიჯანულ გაზზე გადასვლა. ეს მაშინ, როდესაც გერმანიის შემდეგ რუსული გაზის სიდიდით მეორე მომხმარებელი სწორედ თურქეთი იყო.

კიდევ უფრო სერიოზული პრობლემებია მოსალოდნელი ჩინური მიმართულებით. მოსკოვმა პეკინთან 2014 წელს ხელი შეთანხმებას მოაწერა, რომელიც წელიწადში 38 მლრდ. კუბური მეტრი გაზის მიწოდებას გულისხმობს.

თუმცა, არის იმის ალბათობა, რომ რუსეთი თავის ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, რადგანაც ერთ-ერთ საბადოზე, რომელზეც ეს კონტრაქტი გათვლილი იყო, მოპოვება მოსალოდნელზე ნაკლები იქნება.

ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსკოვს დიდი ჯარიმები ელის, ხოლო იმისთვის, რომ ჩინური გაზსადენი შეივსოს, საჭიროა დამატებითი ინვესტიციები და ახალი საბადოების ათვისება. ეს კი პროექტს იმდენად გააძვირებს, რომ საბოლოო ჯამში გაზსადენი „ციმბირის ძალა“ წარუმატებელი ექსპერიმენტის დონეზე დარჩება.

წყარო: commersant.ge

Share