Home » ახალი ამბები » დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს თავდადებულის ქუჩაზეც.

„ყველას ახსოვს ამ ტერიტორიაზე უხვი ნალექის დროს დატბორილი ქუჩები. პროექტის ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა.

ასევე, ანალოგიური სამუშაოები თავდადებულის ქუჩაზეც მიმდინარეობს. ბოლო ეტაპზე, დიდი დიღმის კერძო დასახლებაში სანიაღვრე ქსელს მოვაწყობთ, რაც მანამდე არ არსებობდა. შედეგად, იქ მცხოვრებ მოსახლეობას უხვი ნალექის დროს სახლები არ დაეტბორებათ. მომავალშიც მსგავს პრობლემას ყველგან მოვაგვარებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, სანიაღვრე ქსელი 330 გრძივ მეტრზე ეწყობა, რაც უხვი ნალექის დროს, წყლით დატბორვის პრობლემას მთლიანად მოხსნის.

ადგილზე კახა კალაძესთან ერთად, დედაქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე იმყოფებოდნენ.

Share