Home » ფინანსები » „დღეს თუ რომელიმე სექტორს ფინანსური რესურსის მოზიდვის საშუალება აქვს მას უარი არ უნდა ეთქვას, ეს ეროვნულ ბანკშიც უნდა ესმოდეთ“

„დღეს თუ რომელიმე სექტორს ფინანსური რესურსის მოზიდვის საშუალება აქვს მას უარი არ უნდა ეთქვას, ეს ეროვნულ ბანკშიც უნდა ესმოდეთ“

ჯანდაცვის ეკონომიკა – დღეს ესაა მთავარი გამოწვევა, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს როდესაც ჯანდაცვის სექტორი მომართულია შეაკავოს ეს ვირუსი, იგივე პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პირიქითაც, ანუ ეკონომიკაც უნდა იყოს მიმართული, რომ ჯანდაცვას შეუწყოს ხელი და დაეხმაროს.

ამ პროცესების  პარალელურად ერთი ძალიან მნიშვნელოვანი „ქეისი“ იწევს წინა პლანზე. საქმე ეხება „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ „ქეისს“,  რომლის მიხედვითაც ის ეროვნული ბანკისგან უშედეგოდ ითხოვს ნებართვას, რომ ერთ-ერთი კომერციული ბანკისგან, კერძოდ „საქართველოს ბანკისგან“, დამატებით მიიღოს საკრედიტო რესურსი.

გაუგებარია, რატომ ჭიანურდება ცენტრალური ბანკისგან კონკრეტული გადაწყვეტილება, მით უფრო ასეთ კრიტიკულ დროს, როდესაც კერძო სექტორისთვის, თანაც ჯანდაცვის სექტორისთვის,  საკრედიტო რესურს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. რატომ შეიძლება ჭიანურდებოდეს კერძო სექტორისთვის დახმარების აღმოჩენა და რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. ამ კითხვებით ეკონომისტსა და „აფბა“-ს ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მივმართეთ.

ბაირახტარი მიჩნევს, რომ დღევანდელ ვითარებაში, საკრედიტო რესურსზე წვდომა, შესაძლოა, კერძო სექტორის გადარჩენის ერთადერთი რეალური წყარო აღმოჩნდეს.

„ჩემი, როგორც ერთი ეკონომისტის მოსაზრება იცით, – მომხრე ვარ ეკონომიკის გახსნის და გზადაგზა ვირუსთან თანაცხოვრების სწავლის. ასე იქცევიან დასავლური ქვეყნებიც. თუ მეტყვით, რომ ეს ისედაც ხდება, გიპასუხებთ, რომ ტემპი არ მიმაჩნია დამაკმაყოფილებლად. ამ მიმართულებით ჭკვიანური სიჩქარეა ახლა აუცილებელი, რომ თავზე არ ჩამოგვენგრეს ჩვენი მყიფე ეკონომიკა.

რაც შეეხება კონკრეტულ „ქეისს“ რაზეც თქვენ მეკითხებით, თუ მედიკოსების პროგნოზსს დავეყრდნობით უახლოეს დღეებში ველით, რომ ჰოსპიტალური სექტორზე დაწოლა  გაიზრდება და მთავრობა საამისოდ ემზადება.

ასეთ პირობებში, თუ რომელიმე, მით უფრო, ჯანდაცვის უმსხვილესი ჰოლდინგი ცდილობს, მიიღოს საკრედიტო რესურსი, ცხადია მას ამის კრიტიკული აუცილებლობა უდგას.

ვგულისხმობ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ და მის მოთხოვნას ეროვნული ბანკის მიმართ, რომ მას მიეცეს უფლება საკრედიტო დაფინანსება მიიღოს „საქართველოს ბანკისგან“.

აღმოჩნდა, რომ ეს მოთხოვნა 20 მარტსაა გაგზავნილი და დღემდე კობა გვენეტაძის უწყებას „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფისთვის“ საგნობრივი პასუხი არ დაუბრუნებია… 20 მარტი.. დღეს 10 აპრილია.  20 დღეა გასული. 20 დღე, იმ ვითარებაში, რაც ვახსენე, არის საკმაოდ დიდი და კრიტიკული პერიოდი ბიზნესისთვის.

ახლა ვნახოთ, რას წარმოადგენს ჯანდაცვის დღევანდელ  ეკონომიკაში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ და რას ითხოვს ის ეროვნული ბანკისგან. ესაა ამ ამბავში  მთავარი და მნიშვნელოვანი.

 “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” აერთიანებს  “ევექსის” ჰოსპიტლებს, “ჯი-პი-სი”-სა და “ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელს და სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ს და რეალურად არის ქვეყანაში სამედიცინო სერვისების  ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი. მეორე საკითხია, ეს ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურისთვის, რამდენად ჯანსაღია და ეკონომიკის ნორმალური რიტმის დროს რა ხარვეზები ახლავს თან. თუმცა, დღეს შექმნილი არაორდინალური და საგანგებო მდგომარეობა არ გვიტოვებს ამაზე მსჯელობის ფუფუნებას.

შესაბამისად, ამ კრიტიკულ ვითარებაში, გვერდით უნდა გადავდოთ, თუ რამდენად დივერსიფიცირებული ფორმითაა წარმოდგენილი ბაზარზე ესა, თუ ის ბიზნეს ჯგუფი. მით უფრო სამედიცინო და ფარმაცევტული მიმართულებით, რათა  ასეთმა ბიზნესებმა მოახერხონ სრული მზადყოფნით შეხვდნენ  ვირუსის მომატებულ  შემთხვევებს, შექმნან მედიკამენტების და სამედიცინო ინვენტარის  მარაგები, საკმარისი და საკმარისზე მეტი მარაგები. ამისთვის, ცხადია, მათ ესაჭიროებათ ფინანსურ რესურსებზე დამატებითი წვდომა.

ამ რელობაში თქვენს მიერ ხსენებული “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი”, საქართველოს ეროვნული ბანკისგან ითხოვს ნებართვას, რათა მიეცეს უფლება მიიღოს სასესხო დაფინანსება “საქართველოს ბანკისგან“. როგორც უკვე ვახსენე, მიამჩნია, რომ  ამ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მეორეხარისხოვანია, რომელი ბიზნესჯგუფი რომელ ჰოლდინგთან, თუ ბანკთან ასოცირდება.

ესაა საქმის და საკითხის არსი და რად უნდა ამ საკითხის ან ასე, ან ისე, გადაჭრას 20 დღე და მეტი, მით უფრო იმ ვითარებაში, რომელიც ზემოთ ვახსენე.

ჯანდაცვის სექტორი დღეს განსაკუთრებით არის სტრატეგიული სექტორი და საჭიროებს მხარდამჭერ  სწრაფ და ქმედით ნაბიჯებს. მას რესურსი არ უნდა მოაკლდეს, მით უფრო როდესაც აქვს ამ რესურსის მოზიდვის საშუალება.

მგონია, რომ ამას უნდა ხვდებოდეს ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტიც. ჯანდაცვის სექტორის ხელშეწყობა დღეს ქვეყნის უსაფრთხოების, მათ შორის, საფინანასო უსაფრთხოების საკითხიც კია და მას საფრთხე არ უნდა შეექმნას.

თუკი არსებობს რაიმე პირადი მოტივი, შიში ან მისწრაფება, ყველაფერი გვერდზე უნდა გადაიდოს და საფრთხის დასაძლევად არსებული შესაძლებლობები ყველამ ადეკვატურად უნდა აღიქვას. ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ხელმძღვანელს კი, როგორიც ეროვნული ბანკია, სისხარტე და ადეკვატურობა განსაკუთრებით მართებს!

commersant.ge

Share