Home » ფინანსები » “დღეს ლარი აღარ არის მერყევ ამპლიტუდაში, პირიქით, მყარდება, შესაბამისად, მოიმატა გალარების მსურველების რიცხვმა”
"დღეს ლარი აღარ არის მერყევ ამპლიტუდაში, პირიქით, მყარდება, შესაბამისად, მოიმატა გალარების მსურველების რიცხვმა"

“დღეს ლარი აღარ არის მერყევ ამპლიტუდაში, პირიქით, მყარდება, შესაბამისად, მოიმატა გალარების მსურველების რიცხვმა”

გალარების პროგრამის დასაწყისში მოქალაქეების ჩართულობის შედარებით დაბალი ტემპი იყო და ამას თავისებური ახსნაც აქვს – ადამიანებს გარკვეული ეჭვები ყოველთვის აქვს ამა თუ იმ სიახლის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ცუცქირიძემ გალარების პროგრამის შეფასებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, გარდა ნდობის მომენტისა, მოქალაქეებს თავიდან უჭირდათ მთელ რიგ პროცედურებში გარკვევა და იმის გააზრება, თუ რა შეღავათები ექნებოდათ გალარების შემთხვევაში.
გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, მოქალაქეებმა ნახეს, რომ ლარის კურსი მყარდება და საფინანსო ბაზრის სტაბილიზაცია სახეზეა, გამომდინარე აქედან, გალარების პროგრამა დაიძრა.

“ეს საკითხი თანდათან დარეგულირდა. ეროვნულმა ბანკმა კალკულატორიც გააკეთა, სადაც მოქალაქეებს შეეძლოთ თავიანთი მონაცემები შეეყვანათ და მთელი რიგი შედარებები გაეკეთებინათ – თუ რას იხდიდა გადალარებამდე და რა დანაზოგი ექნება პროგრამაში ჩართვის შემდეგ. საკმაოდ დიდი დანაზოგი კეთდება, მაგალითად, 40 ათას დოლარს თუ გადავალარებთ 5 წლის მანძილზე 15 ათას ლარამდე დანაზოგი იქნება.
დინამიკას თუ შევადარებთ, 14 თებერვალს 900-მდე სესხი იყო გალარებული, რაც 11 მილიონ დოლარამდეა. ბოლო 10 დღეში ეს ტემპები გაორმაგდა და 1 700-ზე მეტი სესხია გალარებული, რაც 20 მილიონი დოლარის ოდენობაა.
ადამიანები ფიქრობდნენ როგორი იქნებოდა ლარის კურსი – იქნებოდა თუ არა ბაზრის სტაბილიზაცია. ვნახეთ, რომ საფინანსო ბაზრის სტაბილიზაცია სახეზე გვაქვს, დღეს ლარი აღარ არის მერყევ ამპლიტუდაში, პირიქით, იგი მყარდება კიდევაც, შესაბამისად, მოიმატა გაალარების მსურველების რიცხვმა და დაიძრა პროცესიც”, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
მისივე განცხადებით, გალარების პროგრამის დასრულებამდე კიდევ არის დრო და მოსალოდნელია უფრო მეტი სესხის გალარება.
გალარების პროგრამა 17 იანვარს დაიწყო და 17 მარტამდე გაგრძელდება.

Share