Home » ბიზნესი » დევნილების შეჭრა „დირსში“ – ტესტი სახელმწიფოსთვის
დევნილების შეჭრა „დირსში“ - ტესტი სახელმწიფოსთვის

დევნილების შეჭრა „დირსში“ – ტესტი სახელმწიფოსთვის

„ას ჯორჯია – დირსის“ კუთვნილ საცხოვრბელ კორპუსში დევნილთა მასობრივი შეჭრა კარგად დავიწყებული ძველი ტენდენციის აღდგენის მცდელობაა.

2012 წლის შემოდგომიდან, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განახლდა დევნილთა მასობრივი შეჭრები, რაც რამდენიმე თვის მანძილზე გრძელდებოდა. იმ პერიოდში იყო მოსაზრება, რომ დევნილთა ორგანიზებული პერმანენტული შეჭრები პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილი იყო და რომ დევნილების ქმედებების მაღალ ტემპერატურას „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშისტული განწყობები განსაზღვრავდა. მაშინ სახელმწიფომ სხვადასხვა ბერკეტებით მოახერხა და პროცესი ცივილურ კალაპოტში ჩააყენა. მას შემდგომ შეჭრის მსგავსი მასშტაბური ფაქტების გახსენება ძნელია.

ის, რაც სამი დღის წინ „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ კორპუსში მოხდა და დღემდე გრძელდება, ერთგვარი ტესტია სახელმწიფოსთვის. შეძლებს თუ ვერა სახელმწიფო იმგვარად მართოს პროცესები, რომ საბოლოოდ არ დაირღვეს მესაკუთრის უფლება, არ შეილახოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის სრულიად კანონიერი ინტერესები და მეორე მხრივ, დაარწმუნოს დევნილები, რომ მათი ქმედება უკანონოა, გაუმართლებელია და ვერ იქნება რეალურ შედეგზე ორიენტირებული. თან ეს ყველაფერი სახელმწიფომ გონივრულ დროში, ანუ ძალიან მალე უნდა მოახერხოს. სხვა შემთხვევაში, საზოგადოებას გაუჩნდება და გაუღრმავდება მძიმე განცდები…

ფაქტია, 2012 წლის შემდეგ, ავად თუ კარგად, დევნილთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესი დადებითად ვითარდება და ათასობით დევნილ ოჯახს, მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ გადაეცა საცხოვრებელი ფართები. ამ პროცესს, დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების რიგითობას, შესაბამისი წესი განსაზღვრავს, რომელიც პრინციპში და პრინციპულად სამართლიანია.

ის, რაც სამი დღის წინ „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ კორპუსში მოხდა საგანგაშოა ინვესტიციების დაცვის თვალსაზრისითაც. ეს ხაზგასმით აღნიშნა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე „ას ჯორჯია – დირსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა. მისი თქმით, გაუგებარი და მიუღებელია, რომ დევნილთა ეს საკმაოდ დიდი ჯგუფი სრულიად  უგულებელყოფს სხვისი საკუთრების  უფლებებას და უკანონო ქმედებით ცდილობს მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამასთან, კატეგორიულად მიუღებელია და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს ის ფაქტი, რომ შეჭრისას მათ სერიოზულად დააზიანეს კომპანიის კუთვნილი ქონება და ფიზიკურად გაუსწორდნენ დაცვის სამსახურის თანამშრომლებს.

„დევნილთა ქმედებას, ვერაფრით გავამართლებთ. საკუთარი უფლებების დაცვა არ უნდა ხდებოდეს სხვისი უფლებების დარღვევის და საქმიანობაში ხელშეშლის ხარჯზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო უწყებები მოკლე დროში შეძლებენ კოორდინირებული მოქმედებების შედეგად დევნილებთან შეთანხმების მიღწევას და „ას ჯორჯია-დირსის“ კუთვნილი ფართების დაცლას. ფაქტია, ამგვარი ინცინდენტები სერიოზული ხელშემშლელი ფატორი შეიძლება გახდეს კომპანიის ინვესტორი მხარისთვის, რომელსაც უკვე განხორციელებული აქვს 200 მლნ$-ის მოცულობის კაპიტალდაბანდება თბილისში, შემდგომი საქმიანობის განხორციელებისას“, – ამბობს  ჯიქურაული.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველივე წუთებიდან საპატრულო პოლიცია მაღალპროფესიულ დონეზე ასრულებს საკუთარ მოვალეობას და ახერხებს ინცინდენტის მართვას ისე, რომ ადგილზე დამატებით არ წარმოიქმნას კონფლიქტური სიტუაციები.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასევე პირველივე წუთებიდან პროცესში, მინისტრის მოადგილის დონეზე, აქტიურად არის ჩართული ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და უწყების განცხადება, რომ დევნილების მიერ „დირსის“ საკუთრებაში შეჭრა უკანონო ქმედებაა და მათი განსახლების საკითხი იმ დრომდე არ განიხილება, ვიდრე თვითნებურად დაკავებულ ფართებს არ გაათავისუფლებენ, არის აბსოლუტურად მართებული და სწორი მესიჯი.

თუმცა, ფაქტია, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის და დღემდე შედეგად ვერ იძლევა იმას, რომ დევნილებმა გაიაზრონ საკუთარი ქმედების უკანონობა და ნებაყოფლობით დაცალონ უკანონოდ დაკავებული სხვისი საკუთრება…

დავასრულოთ იმით, რითიც დავიწყეთ – დევნილების შეჭრა „დირსში“, ეს არის სერიოზული ტესტი სახელმწიფოსთვის, რომელსაც არაფრით უნდა აძლევდეს ხელს კარგად დავიწყებული ძველის გაახლება…

ელენე ციგრიაშვილი

Share