Home » ფინანსები » დევალვაციის შემდეგ მოსახლეობის ვალი არნახული ტემპით გაიზარდა
დევალვაციის შემდეგ მოსახლეობის ვალი არნახული ტემპით გაიზარდა

დევალვაციის შემდეგ მოსახლეობის ვალი არნახული ტემპით გაიზარდა

“ბანკები ისრუტავენ ფულს მოსახლეობისგან და მათ საარსებო სახსრების გარეშე ტოვებენ”

ლარის დევალვაციის დღიდან მოყოლებული, მთელი 2 წლის განმავლობაში, საქართველოში სესხების მოცულობა კატასტროფულად გაიზარდა. სპეციალისტები ეროვნულ ბანკს ახალი რეგულაციების შემუშავებისკენ მოუწოდებენ, რაც საბანკო სექტორს ბიზნესის დაკრედიტების მეტ შესაძლებლობას მისცემს.

მანამდე კი მოსახლეობის ვალები არნახული ტემპით მატულობს.

კერძოდ, 2015 წლის იანვრიდან როგორც სამომხმარებლო, ასევე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების რაოდენობა ლარში 1 მლრდ 739 მლნ-ით არის მომატებული, ხოლო დოლარში აღებული იპოთეკური სესხების მოცულობა – 1 მლრდ 666 მილიონით.

ხალხი ვალების ჭაობში ბოლომდე ჩაეფლო. მარტო სამომხმარებლო სესხების მაჩვენებელმა 900 მლნ ლარით მოიმატა. კერძოდ, 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების დავალიანება 2 მლრდ 235 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 2017 წლის 1-ლი აგვისტოს მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 3 მლრდ 130 მლნ ლარია.

რაც შეეხება ლარში ფიზიკურ პირებში უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, 2015 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, 697 მლნ ლარი იყო, 2017 წლის ივლისის ბოლოს კი 1 მლრდ 581 მლნ ლარი შეადგინა. როგორც ვხედავთ, აქაც დაახლოებით 900-მილიონიანი ზრდაა.

გაცილებით მეტია უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა დოლარში. თუკი 2015 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, მისი მაჩვენებელი 2 მლრდ 332 მლნ ლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს 3 მლრდ 998 მლნ ლარია, ანუ მთელი დევალვაციის პერიოდში ამ კატეგორიის სესხების მოცულობა 1 მლრდ 666 მლნ-ით არის გაზრდილი.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ლარის დევალვაციის ფონზე სესხების მკვეთრი ზრდა თვალნათელია. ეს მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთია, რაც მას კატასტროფას უქადის.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ წელს ბიზნესის დაკრედიტება საცალო დაკრედიტებას 12.5-ჯერ ჩამორჩება, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. მისი აზრით, საბანკო დაკრედიტების საკითხში უპირატესობა უნდა მიეცეს ბიზნეს სესხებს და ამისთვის ეროვნულმა ბანკმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს.

“ბიზნესმა უნდა შექმნას ეკონომიკა და მოსახლეობა დაასაქმოს. რასაც ბანკები საცალო სექტორის დაკრედიტების მიმართულებით აკეთებენ, ეს არამწარმოებლური დანიშნულებისაა. შესაბამისად, უნდა გავითვალისწინოთ სავალუტო ფონდის და სხვა ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაცია და სებ-მა ბიზნეს სესხებს მაქსიმალური სტიმული მისცეს.

რაც შეეხება საცალო დაკრედიტებას და ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემას, მნიშვნელოვანია, რომ კომერციულმა ბანკმა გასცეს ისე, რომ მომხმარებლის, მოქალაქის შემოსავალთან იყოს შესაბამისი. როცა სესხი ბიზნესის, წარმოების განვითარების მიზნით გაიცემა, ვალის სიმძიმეს ანაცვლებს წარმოების განვითარების ეფექტი, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს.

რეგულაციები ამ მიმართულებით შესამუშავებელია. სებ-ს სერიოზული მუშაობა მოუწევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები გაითვალისწინოს და ბანკებს ამ მიმართულებით რეგულაციები დაუწესოს. ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის ეს პირობა შესრულდება, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” დუნდუამ.

საქართველოში ყოველი 1 000 კაციდან 710 მოსახლეს (შინამეურნეობა) აქვს ბანკის ვალი და ამ შედეგით ქვეყანა ყველა დროის მსოფლიო ისტორიული მაქსიმუმის შვიდეულშია.

“საქართველოში ფიზიკური პირების დავალიანების ზრდა გერმანიის განვითარების ბანკის, ფრანკფურტის ფინანსების სკოლის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მწვავე პრობლემად არის მიჩნეული.

იმისათვის, რომ მოქალაქეებმა ბიზნესის დაწყება-განვითარებისათვის უფრო ადვილად მოიპოვონ ხელმისაწვდომი კრედიტი ლარში (ვიდრე აგროვონ ჭარბი ვალი სამომხმარებლო დანიშნულებით), აუცილებელია, გაჩნდეს გრძელვადიანი რესურსი ეროვნულ ვალუტაში.

ეს მხოლოდ დაგროვებითი საპენსიო რეფორმით არის შესაძლებელი. სანამ მოხმარებიდან დანაზოგებზე არ გადავალთ და დაზოგვისკენ მიდრეკილება არ გაიზრდება, მუდამ ასეთი ვითარება იქნება”, – განმარტავს დუნდუა.

მოსახლეობის მხრიდან სესხებზე გაზრდილი მოთხოვნა, ექსპერტ ლია ელიავას შეფასებით, თანამედროვეობის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა, რომლის მოსაგვარებლად ჯერჯერობით არაფერი კეთდება.

“ცივილიზებულ ქვეყნებში მიღებულია სესხით არა მარტო ბინის ყიდვა, არამედ ბიზნესის დაწყება და, ბუნებრივია, სამომხმარებლო მოთხოვნის დაკმაყოფილება. დაკრედიტება და სესხის აღება არ არის ცუდი, როცა მისი ამღები ფინანსურ ვალდებულებას ერევა და ამისთვის შემოსავალი ჰყოფნის.

საქართველოში კი მოსახლეობის უმეტესობას არ გააჩნია სახსრები დავალიანების დასაფარად და უწევს ზედიზედ რამდენიმე სესხის აღება წინა ვალდებულების გასასტუმრებლად.

მოსახლეობის დაბალი შემოსავალი და სესხების საპროცენტო განაკვეთის მაღალი მაჩვენებელი ქმნის ისეთ სიტუაციას, როცა კომერციული ბანკები ისრუტავენ ფულს მოსახლეობისგან და მათ საარსებო სახსრების გარეშე ტოვებენ. სოციალური თვალსაზრისთ, ეს არის ძალიან მძიმე მომენტი.

მოსახლეობაში განკარგვადი შემოსავლის სიმცირე განაპირობებს სოციალურ პრობლემას, როცა ხალხს არ ჰყოფნის ფული ნორმალურ კვებაზე, დასვენებაზე, შთამომავლების უზრუნველსაყოფად და სხვა, რაც სახელმწიფოებრივ დონეზე არსებული პრობლემაა.

მის გადასაჭრელად კი ნაბიჯს ჯერჯერობით არავინ დგამს – არც ეროვნული ბანკი და არც მთავრობა”, – აცხადებს ელიავა და მიუთითებს პრობლემის მოგვარების გზებზეც, რაც მოსახლეობას ფინანსურ ტვირთს შეუმსუბუქებს.

“პრობლემის მოგვარების მიზნით პირველი ნაბიჯი სებ-მა უნდა გადადგას. მან აუცილებლად უნდა შეიმუშაოს კომერციული ბანკისთვის ისეთი სახის სტიმული (როგორც ადმინისტრაციული, ასევე ეკონომიკური), რომელიც მათთვის ხელსაყრელს გახდიდა სესხზე საპროცენტო განაკვეთის დაწევას. ამის გამოცდილება არის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და სებ-ს შეუძლია, ეს გამოცდილება საქართველოშიც გამოიყენოს.

მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება იყოს ხელფასების სისტემატური ინდექსირება ინფლაციის მაჩვენებლის ზრდასთან ერთად. ესეც გარკვეულწილად ხელს შეუწყობდა მოსახლეობის გადახდისუნარიანობის ზრდას.

ნებისმიერ შემთხვევაში ბანკები და სხვა საკრედიტო დაწესებულებები საპროცენტო განაკვეთებს ზრდიან და დანაკარგს ინაზღაურებენ. სამწუხაროდ, ეს მოსახლეობის ხარჯზე ხდება”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ლია ელიავამ.

გაზეთი “რეზონანსი”

Share