Home » ფინანსები » “დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო იქნება აბსოლუტურად არადამოუკიდებელი ორგანო და ის ვერ შეძლებს კომერციული ბანკების რისკების გაანალიზებას”
"დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო იქნება აბსოლუტურად არადამოუკიდებელი ორგანო და ის ვერ შეძლებს კომერციული ბანკების რისკების გაანალიზებას"

“დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო იქნება აბსოლუტურად არადამოუკიდებელი ორგანო და ის ვერ შეძლებს კომერციული ბანკების რისკების გაანალიზებას”

“საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შემცირდება, რადგან საფინანსო ინსტიტუტები თავს გრძნობენ აბსოლუტურად დაუსჯელად”

საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედდება. რას  შეცვლის საბანკო ბაზარზე აღნიშნული სისტემის ამოქმედება მაშინ, როდესაც წინასწარი გათვლებით, კერძო სექტორი დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის შემოღებით 15-20 მილიონი ლარით დამატებით ხარჯს ელოდება. როგორ უნდა დაიძლიოს ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით “ბანკები და ფინანსებს” ეკონომიკის დოქტორი, საბანკო ექსპერტი ლია ელიავა ესაუბრა.

– რატომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული რეფორმის განხორციელების აუცილებლობა და რას გულისხმობს ის?

– დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფუნქციონირებს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში და საქართველო აღმოჩნდა ჩამორჩენილი ამ პროცესებს დიდი ხნის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ნამდვილად მისასალმებელია ეს პროცესი, თუმცა მომზადდა საკმაოდ გაუგებარი კანონმდებლობა, რომელიც საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

ახალი კანონმდებლობით, იმ ადამიანებს ვისაც ანაბრები გააჩნიათ კომერციულ ბანკში, ვერანაირ უპირატესობას ვერ ნახავენ. მეორეს მხრივ, არც საფინანსო სექტორისთვის წარმოადგენს ეს რაიმე სარგებელს. უკვე შეიმჩნევა ტენდენცია, რომ კომერციული ბანკები თანდათან ზრდიან კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთს. ფაქტობრივად კომერციული ბანკები ცდილობენ აინაზღაურონ ის ხარჯები, რომლებიც მათ მოუწევთ გაწიონ სადაზღვევო ფონდის ფორმირებისათვის.

კომერციული ბანკის ნებისმიერი ხარჯი ანაზღაურდება ან მსესხებლის, ან დეპოზიტარის ხარჯზე. დეპოზიტარის შემთხვევაში ეს იქნება დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება. ამ კონკრეტულ კანონმდებლობაში ჩადებული არის ძალიან სერიოზული ნაღმები. 

პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო იქნება აბსოლუტურად არადამოუკიდებელი და ის ვერ შეძლებს კომერციული ბანკების რისკების გაანალიზებას. მას არ გააჩნია არანაირი ბერკეტი იმისა, რომ ზემოქმედება მოახდინოს კომერციული ბანკების საქმიანობაზე და ეს მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეროგატივად რჩება.

– რა ფორმით მოიზიდავს  სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხებს? ეს იქნება სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვა, თუ კანონთან შესაბამისობაში პირდაპირ მოხდება თანხის გადარიცხვები იმისათვის, რომ სადაზღვევო სააგენტოს ჰქონდეს ბიუჯეტი კონკრეტული შემთხვევების ასანაზღაურებლად?

– კანონით არის გათვალისწინებული ყველანაირი შემთხვევა. სააგენტოს აქვს საკმაოდ ფართო საშუალებები, იმისათვის რომ ფინანსური რესურსი მოიზიდოს, როგორც პირდაპირ ბიუჯეტიდან, ასევე, შეიძინოს ფასიანი ქაღალდები და  მოიზიდოს სახსრები უცხოეთის საფინანსო დაწესებულებებიდან სახელმწიფო გარანტიით. შიდა ბაზარზე არის ორი გზა- ერთი, სამთავრობო ფასიანი ქაღალდები და მეორე დეპოზიტი ეროვნულ ბანკში.  აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ეს თანხა არ იქნება დიდი მოცულობის, ვინაიდან კომერციული ბანკებიდან დიდ სახსრებს მაინც ვერ მოიზიდავენ. მეორეს მხრივ, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ მოზიდული თანხები გატანილი იქნას ქვეყნიდან. ადგილობრივი კომპანიების ფასიანი ქაღალდების ყიდვა, არის ძალიან სარისკო.

– დღესდღეობით კიდევ ერთი აქტუალური საკითხია მოსახლეობა და მათი ჭარბი ვალი. თქვენთვის, როგორც ამ დარგის ექსპერტისთვის, რამდენად მწვავედ დგას ეს პრობლემა ქვეყანაში?

– საფინანსო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სექტორია ქვეყანაში, რაც განპირობებულია მაქსიმალური ხელშეწყობით სახელმწიფოს მხრიდან. ეროვნული ბანკი მათ კეთილდღეობაზე მუშაობს და, რა თქმა უნდა, სამთავრობო გადაწყვეტილებებიც ხელს უწყობენ საფინანსო სექტორის დაჩქარებულ განვითარებას. რაც შეეხება ბიზნეს სექტორს, ეს არის იმდენად მწირი რესურსი, რომ ფაქტობრივად ვერ ქმნის ვერანაირ მატერიალურ დოვლათს. ბიზნეს სექტორის 80 პროცენტი მაინც მომსახურების სფეროა, რაც რეალურ მატერიალურ დოვლათს ნამდვილად ვერ შექმნის. ჩვენი საფინანსო სექტორი ხშირ შემთხვევაში, აფინანსებს სხვა ქვეყნის მწარმოებლებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი გახვეულია ვალში და მათ შორის ისეთი კატეგორია, რომლებიც ცხოვრობენ სოციალურ გასაცემლებზე. თვითონ სესხში არაფერი არ არის ცუდი, ვინაიდან სესხით ცხოვრობს ევროპის განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა და იუმჯობესებს თავის კეთილდღეობას, მაგრამ საქართველოში ამ ფაქტორს გააჩნია რამოდენიმე უარყოფითი მხარე. უმეტეს შემხვევაში

ქართული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები არ წარმოადგენს მატერიალური დოვლათის შექმნის საფუძველს და ამავდროულად სესხის საპროცენტო განაკვეთის სიდიდე მოსახლეობას არ აძლევს იმის საშუალებას, რომ მან თავისი შემოსავლის გარკვეული წილი გადადოს ან მოიხმაროს დამატებით თავისი ოჯახისთვის. სესხის საპროცენტო განაკვეთსა და მოსახლეობის შემოსავლის დონეს შორის არის ძალიან დიდი წყვეტა და სწორედ ეს იწვევს სასესხო დავალიანების სწრაფ ზრდას.

– მაღალი საპროცენტო განაკვეთები დიდ ზიანს აყენებს ჩვენს მოსახლეობას. როგორ ფიქრობთ ვინ განსაზღვრავს ამ საპროცენტო განაკვეთების მოცულობას და როგორ განისაზღვრება ჩვენთან საბანკო პროცენტები?

– საქართველოს საფინანსო სექტორში ლოგიკის ძებნა არის ძალიან რთული. საქართველოში არსებული 16 ბანკიდან 2 არის ოლიგოპოლიური, რომლებსაც პრაქტიკულად უკავიათ ბაზრის 80 პროცენტი, ამიტომ არანაირ კონკურენციაზე საუბარი არ შეიძლება. სწორედ ეს ორი ბანკი განსაზღვრავს საფასო პოლიტიკას სესხებზე. ვფიქრობ, საქართველოში სესხები არ შემცირდება, რადგან საფინანსო ინსტიტუტები თავს გრძნობენ აბსოლუტურად დაუსჯელად და ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთის დაწესება მათთვის არ არის აკრძალული კანონით. განვითარებულ ქვეყნებში ყველგან არსებობს შეზღუდვები საპროცენტო განაკვეთებზე. გარდა იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთები მაღალია, ჩვენი ღარიბი ქვეყნის მოსახლეობას შემოსავლებიც საკმაოდ დაბალი აქვს.  ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველოში არასდროს არ მომხდარა ისეთი ფაქტი, როგორიც არის სოციალური გასაცემლების ინდექსირება, იმის კვალობაზე თუ როგორ იზრდება ინფლაცია.

ლევან ლაგვილავა

Share