Home » ეკონომიკა » „დეფოლტის რისკი არ არსებობს, ასევე, უსაფუძვლოა შიში, რომ ინვესტორები ქვეყნიდან გავლენ“ – გიორგი ცუცქირიძე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს

„დეფოლტის რისკი არ არსებობს, ასევე, უსაფუძვლოა შიში, რომ ინვესტორები ქვეყნიდან გავლენ“ – გიორგი ცუცქირიძე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს

პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ წუთში, ამ მოცემულობით, საგარეო ვალის მართვით არც არანაირი დეფოლტის რისკი არსებობს და ასევე უსაფუძვლოა შიში, რომ ინვესტორები ქვეყნიდან გავლენ”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საფინანსო საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.

ცუცქირიძემ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა. მისი განმარტებით, ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდა ხარჯების ზრდამ და შემოსავლების კლებამ გამოიწვია.

„2021 წლის ბიუჯეტი ბევრ რამეში, ფაქტობრივად, იმეორებს იმ პარამეტრებს, რომლებიც 2020 წლის მეორე ნახევარში შემუშავდა და რაც დაკავშირებულია ეკონომიკაზე covid 19-ის ზეგვალენასთან. ფაქტობრივად, ეკონომიკა კოვიდპანდემიის მძევალია. ვხედავთ, რომ როცა საუბარია ჩაკეტვებზე, წერტილოვანზე თუ ნაწილობრივ „ლოქდაუნზე“, ძალიან ბევრი ქვეყანა გახდა იძულებული, ეს გაეკეთებინა, მათ შორის, შვედეთი. როგორც იცით, შევდეთმა უარი თქვა ჩაკეტვებზე და ჯოგურ იმუნიტეტის პრინციპი გამოიყენა, მაგრამ დღეს უკვე იძულებულია, გარკვეული შეზღუდვები შემოიღოს.

ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში შევდივართ. ამ წერტილოვან ჩაკეტვებს ბევრი საწარმოს თუ სავაჭრო ობიექტის გაჩერება მოჰყვა. ბუნებრივია, კარგია, რომ 2021 წლის ბიუჯეტში ჩაიდო ამასთან დაკავშირებული ხარჯები. როცა ერთჯერად, 300- ლარიან დახმარებაზეა საუბარი, ეს ზუსტად არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იძულებითი წერტილოვანი ჩაკეტვების გამო იძულებულები არიან, საქმიანობა გააჩერონ და შემოსავალი დაკარგეს. ეს აისახა ბიუჯეტში. ზოგადად, ბიუჯეტში აისახა ძალიან ბევრი კომპონენტი, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ პაკეტთან.

ეს ბიუჯეტი არის ორი განზომილებიდან შემდგარი: ერთია პანდემიიდან გამომდინარე სოციალური პაკეტები და მეორე – ეკონომიკის სტიმულირების პაკეტები, ეკონომიკის ჩაკეტვიდან გამომდინარე. ანუ, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბიუჯეტის დეფიციტია გაზრდილი, ეს აქედან მოდის. დღეს რეალურად ბიუჯეტის დეფიციტი, თუ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე გავალთ, არის დაახლოებით 7, 5 % მაშინ, როცა გასულ წლებში 3 %-ზე ქვევითაც იყო. ეს არის იმის შედეგი, რომ, ერთი მხრივ, გაზრდილია ხარჯები. ხარჯები კი, პირველ ყოვლისა, გაზრდილია ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. მეორე მხრივ, შემცირებულია მეწარმე სუბიექტების შემოსავლები. ბუნებრივია, კომპანიებს, რომ შეუმცირდათ შემოსავალი ბიუჯეტშიც შემცირდა მათი შენატანები.
როცა სვამენ კითხვას – რამ გამოიწვია ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა, ამან გამოუწვია სწორედ: ხარჯების ზრდამ და ეკონომიკის შემოსავლების კლებამ“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მან განმარტება საგარეო ვალთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი თქმით, სპეკულაციურია თემა – ამხელა ვალი არის თუ არა მომავალში პრობლემის შემქმნელი.

„რითი იფარება ეს დეფიციტი: აქ არის ერთი საკითხი, ვალი. ანუ რამდენად მიზანშეწონილია ამხელა დეფიციტის ვალით დაფარვა? უნდა ვთქვათ, რომ ბევრი ქვეყანა, არა მარტო საქართველო, ჩვენზე განვითრებული ეკონომიკის ქვეყნები, ზუსტად ამ პრობლემების გამო იძულებულები გახდნენ, ვალის მოცულობა გაეზარდათ. ვალის პროპორცია დღეს, ფაქტობრივად, ჭერზეა. მოქმედი კანონმდებლობით ესაა 60 %. იყო ორი არჩევანი ვალი შეგვემცირებინა, თუ არა? ახლაც შერგვიძლია ვალის შემცირება, თუ სახელმწიფო გაისტუმრებს ვალის ნაწილს. მაგრამ, თემა არის ის, რომ ვალი კი არ არის პრობლემა ზოგადად, არამედ საუბარია იმაზე, თუ რამდენადაა ეს ვალი ეკონომიკის მხარდამჭერი. რამდენად ეხმარება ეს ვალი დაპაუზებულ ეკონომიკას სწრაფ გაჯანსაღებაში?

კიდევ ერთი სპეკულაციური თემაა: ამხელა ვალი, 60 % არის , თუ არა მომავალში პრობლემის შემქმნელი? არის მოსაზრება, რომ ამან  შეიძლება, ქვეყნისთვის ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს: ინვესტორები გავიდნენ ქვეყნიდან, დეფოლტის საშიშროება დადგეს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ წუთში ამ მოცემულობით, ამ ვალის მართვით არც არანაირი დეფოლტის რისკი არ არსებობს და არც იმის შიშის საფუძველია, რომ ინვესტორები ქვეყნიდან გავლენ.

ერთია ვალი და მეორე ის, თუ როგორ ეხმარება ვალი. ანუ ვალის მართვა როგორ ხდება, სად მიდის ეს ფული? ეს ფული მიდის იმ შემცირებული შემოსავლების გამო გაზრდილი ხარჯების დაფაფინასებლად. ყველა ხარჯი, რაც ბიუჯეტს აქვს,  დაახლეობით ბიუჯეტის 44 %-ია. სოციალურად ძალიან დატვირთულია ეს ბიუჯეტი. ეს მიდის ყველა იმ მიმართულებაზე, რაც კოვიდპანდემიამ წარმოქმნა, ესაა სუბსიდირებები, ვიცით, რომ 4 თვე იქნება კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ეს მცირე თანხა არაა, ესაა პენსიების ინდექსაცია,ანუ იზრდება პენსიები. ასევე მნიშვნელოვანია ხელფასების ზრდა, მათ შორის, მასწავლებლებისთვის“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარედგინა. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით იზრდება 221.9 მლნ ლარით და შეადგენს 18 384.5 მლნ ლარს, საიდანაც 890 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ახალი კორონავირუსის პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, რომელშიც 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 5%-ის ფარგლებში იყო პროგნოზირებული, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აღნიშნულია, რომ არსებული პროგნოზების მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.
რაც შეეხება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, 2021 წლის განახლებული პროგნოზით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 12 045.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 155 მლნ ლარით ნაკლებია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით. როგორც დოკუმენტშია განმარტებული, კლება განპირობებულია ანტიკრიზისული გეგმის ახალი ეტაპის ფარგლებში კერძო სექტორისათვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების ეფექტით.
ამასთან, 2021 წლის ბოლოსთვის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით. რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33 680.1 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27 734.2 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5 945.8 მლნ ლარის ოდენობით. როგორც ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მომდევნო წლებში ვალი მცირედით შემცირდება და 2024 წლისთვის მშპ-ს 57.6% პროცენტი იქნება.

წყარო: kvira.ge

Share