Home » ეკონომიკა » დენი როდრიკი: ნაადრევი დე-ინდუსტრიალიზაციის საფრთხეები
დენი როდრიკი: ნაადრევი დე-ინდუსტრიალიზაციის საფრთხეები

დენი როდრიკი: ნაადრევი დე-ინდუსტრიალიზაციის საფრთხეები

 დენი როდრიკი გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი საერთაშორისო პოლიტეკონომიაში. რამდენიმე დღის წინ დენი როდრიკი ეკონომიკის სამინისტროს ინდუსტრიული ჯგუფის მოწვევით თბილისში იმყოფებოდა, თურქული წარმოშობის მკვლევარმა ლია ლექცია ჩაატარა, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები, ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდა.

განვითარებული ქვეყნების უმრავლესობამ, განვითარების დღევანდელ დონეს მიაღწიეს კარგად ნაცნობი ინდუსტრიალიზაციის გზის გავლის საშუალებით. სამრეწველო ინდუსტრია – ტექსტილი, ავტომობილების და ლითონის წარმოება – წარმოიშვა ტრადიციული ხელსაქმისა და გილდიების სისტემის ნანგრევებზე, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო აგრარული საზოგადოებების ურბანულ ფორმებში ტრანსფორმაციას. გლეხები გადაიქცნენ ქარხნის მუშებად. ამ პროცესმა საფუძველი ჩაუყარა, არამხოლოდ ეკონომიკური ნაყოფიერების უპრეცენდენტო ზრდას, არამედ სოციალური და პოლიტიკური მოწყობის ყოვლისმომცველ რევოლუციას. მშრომელთა მოძრაობებმა საზოგადოებები მიიყვანა მასობრივ პოლიტიკამდე, რაც შემდგომში გადაიზარდა პოლიტიკურ დემოკრატიაში.

დროთა განმავლობაში, მრეწველობამ ადგილი დაუთმო მომსახურების სფეროს. ბრიტანეთში, ინდუსტრიული რევოლუციის სამშობლოში, მრეწველობის წილმა დასაქმებაში პიკს (45%-ს) მიაღწია პირველ პირველ მსოფლიო ომამდე და შემდეგ დაეცა 30 %-მდე, ეს მაჩვენებელი მერყეობდა 1970-იან წლებამდე და შემდეგ დაიწყო მკვეთრი ვარდნა. დღესდღეობით ბრიტანეთში მრეწველობის წილი დასაქმებაში 10%-ზე მცირედით ნაკლებია.

ყველა სხვა განვითარებულმა ეკონომიკებმაც გაიარეს მსგავსი თავდაპირველი ინდუსტრიალიზაციისა და შემდგომი დე-ინდუსტრიალიზაციის ციკლი. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მრეწველობა იკავებდა შრომის ბაზრის 3%-ს. მეოცე საკუნის 70-იან წლებში, ამ მაჩვენებელმა 25-27 პროცენტს მიაღწია, რის შემდგომაც დაიწყო ვარდნა და დღევანდელი მდგომარეობით მრეწველობის წილი დასაქმებულთა რაოდენობაში 10%-ზე ნაკლებს შეადგენს.

შვედეთში მრეწველობაში დასაქმებულთა წილმა პიკს მიაღწია (33%) 1960-იან წლებში და შემდგომ დაეცა 20%-ზე ქვემოთ. გერმანიაშიც კი, რომელიც ითვლება ყველაზე ძლიერ სამრეწველო ქვეყნად განვითარებულ ქვეყნებში, მრეწველობაში დასაქმებულთა წილმა უდიდეს ნიშნულს მიაღწია 1970-იან წლებში და შეადგინა 40 პროცენტი, შემდგომ კი ამ მაჩვენებელმა დაიწყო ვარდნა, რაც დღესაც გრძელდება. როგორც რობერტ ლოურენსი (ჰარვარდის უნივერსიტეტიდან) ამტკიცებს, დე-ინდუსტრიალიზაცია არის საერთო მოვლენა და წინ უსწრებს გლობალიზაციის ბოლო ციკლს.

მხოლოდ რამდენიმე სამხრეთ აზიურმა ქვეყანამ შეძლო გაემეორებინა განვითარების ეს პატერნი. საექსპორტო ბაზრის საშუალებით, სამხრეთ კორეამ შეძლო განეხორციელებინა უსწრაფესი ინდუსტრიალიზაცია. სამხრეთ კორეაში 1950-იან წლებში მრეწველობის წილი დასაქმებაში დაბალ ერთნიშნა ციფრებს შეადგენდა, ამას მოყოლებული სწრაფი ზრდის შედეგად 1989 წელს ამ მაჩვენებელმა 28%-ი შეადგინა (ამის შემდგომ ის 10 პროცენტით დაეცა). სამხრეთ კორეამ შეძლო სამ ათწლეულში გაევლო ტრანსფორმაციის ის გზა, რომლის გავლასაც ძველმა სამრეწველო ქვეყნებმა საუკუნეები მოანდომეს.

თუმცა, განვითარებადი ქვეყნების ტრანსფორმაციის მოდელი განსხვავებული იყო, არამხოლოდ იმიტომ, მათ უფრო ნელა გაიარეს ეს პროცესი, არამედ იმის გამო, რომ განვითარებად ქვეყნებში დე-ინდუსტრიალიზაციის პროცესი უფრო მალე დაიწყო.

განვიხილოთ, ბრაზილიისა და ინდოეთის, ორი განვითარებადი ეკონომიკის მაგალითი, რომელთაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით უკეთესი პროგრესი აჩვენეს. ბრაზილიაში მრეწველობის წილი დასაქმებაში, ძლივს პროგრესირდა, 1950-იანი წლებიდან 80-იან წლებამდე, ეს მაჩვენებელი გაიზარდა 12 პროცენტიდან, 15 პროცენტამდე. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული ეს მაჩვენებელი რეგრესს განიცდის. დღევანდელმა ეკონომიკურმა ზრდამ ამ ქვეყანაში ვერც შეაბრუნა და ვერც შეაჩერა ეს ტენდენცია. ინდოეთის მაგალითი კიდევ უფრო თვალშისაცემია: აქ მრეწველობის წილმა დასაქმებაში ძლივს მიაღწია მწირ 13 პროცენტიან მაჩვენებელს 2002 წელს, შემდგომ კი  ეს მაჩვენებელი ვარდნას განიცდის.

გაურკვეველია, რატომ იწყებენ ეკონომიკური ზრდის გზაზე,  ასე ადრეულად განვითარებადი ქვეყნები დეინდუსტრიალიზაციის პროცესს. შესაძლოა ამაში საკუთარი წვლილი მიუძღოდეს გლობალიზაციას და ეკონომიკურ ღიაობას, რაც ხელს უშლის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ბრაზილია და ინდოეთი, კონკურენცია გაუწიონ მრეწველობის სამხრეთ აზიურ სუპერვარსკვლავებს. თუმცა გლობალური კონკურენცია შეუძლებელია იყოს მთავარი ფაქტორი. მართლაც, ყველაზე საკვირველი ის არის, რომ თვით სამხრეთ აზიური ეკონომიკებიც განიცდიან ადრეულ დე-ინდუსტრიალიზაციას.

განვიხილოთ ჩინეთის მაგალითი. მისი სტატუსის, როგორც მსოფლიოს მრეწველობის გენერატორის მიხედვით, იმის აღმოჩენა გასაკვირია რომ ჩინეთის დასაქმებაში მრეწველობის წილი არამხოლოდ მცირეა, არამედ დროთა განმავლობაში ის მცირდება. მიუხედავად იმისა რომ ჩინური სტატისტიკა პრობლემატურია, როგორც ჩანს იქ საწარმოო დასაქმებამ პიკს (15 პროცენტს) შუა 1990-იანი წლებში მიაღწია, მას შემდგომ კი ამ მაჩვენებლზე დაბალ ნიშნულზეა.

რა თქმა უნდა ჩინეთი ძალიან დიდი ქვეყანაა და მისი ძირითადი სამუშაო ძალა კვლავ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. თუმცა მიგრანტ მუშათა უმეტესობა სამუშაოს პოულობს მომსახურების სფეროში და არა ქარხნებში.  ანალოგიურად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი მოსავლის ექსპორტიორმა ქვეყნებმა, ისეთები როგორიცაა ვიეტნამი და კამბოჯა,  ოდესმე მიაღწიონ ძველი სამრეწველო ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის, ინდუსტრიალიზაციის დონეს.

უშუალო შედეგი, ამ პროცესისა არის ის რომ განვითარებადი ქვეყნები გადადიან მომსახურების ეკონომიკაზე, მაშინ როცა მათი შემოსავალი გაცილებით დაბალია. როცა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში და შვედეთში დაიწყო დე-ინდუსტრიალიზაციის პროცესი, მათი შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე აღწევდა 9000-11000 აშშ დოლარს (1990 წლის ფასებით). ამისგან განსხვავებით, განვითარებად ქვეყნებში მრეწველობამ დაიწყო შეკუმშვა,  ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების შემდეგ მაჩვენებელზე: ბრაზილიაში დე-ინდუსტრიალიზაცია დაიწყო, მაშინ როცა წინათ ნახსენები მაჩვენებელი შეადგენდა 5000 აშშ დოლარს, ჩინეთში – 3000 აშშ დოლარს და ინდოეთში – 2000 აშშ დოლარს.

ნაადრევი დე-ინდუსტრიალიზაციის ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური შედეგები ჯერ კიდევ გასაანალიზებელია. ეკონომიკური კუთხით, ნათელია რომ, ადრეული დე-ინდუსტრიალიზაცია ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდასა და აყოვნებს ეკონომიკურ კონვერგენციას წამყვან ეკონომიკებთან. სამრეწველო ინდუსტრიებს მე ვუწოდე `ესკალატორი ინდუსტრიები~: შრომის ნაყოფიერება  სამრეწველო სექტორში მიდრეკილია რომ მიუახლოვდეს წამყვან პოზიციებს, იმ შემთხვევაშიც კი როცა არსებული პოლიტიკები, ინსტიტუტები და გეოგრაფიული მდებარეობა, ხელს უშლიან ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებას.

ამიტომაც, ისტორიულად სწრაფი ეკონომიკური ზრდა ყოველთვის ასოცირდებოდა ინდუსტრიალიზაციასთან (იმ ერთი მუჭა რაოდენობის მცირე ქვეყნების გამოკლებით, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ბუნებრივი რესურსებით). ინდუსტრიალიზაციის ნაკლებობა მომავალში, თითქმის უეჭველად ნიშნავს ნაკლებ ეკონომიკური ზრდის სასწაულებს.

დე-ინდუსტრიალიზაციის სოციალური და პოლიტიკური შედეგების დადგენა შედარებით რთული დასადგენია, თუმცა ეს შედეგები შესაძლოა იყოს ეკონომიკური შედეგების თანაბარმნიშვნელოვანი. მყარი დემოკრატიის ზოგიერთი საყრდენი იყო მდგრადი ინდუსტრიალიზაციის თანმდევი შედეგი: მაგალითად, ორგანიზებული მშრომელთა მოძრაობები, დისციპლინირებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური კონკურენცია, რომელიც ორგანიზებული იყო მემარჯვენე-მემარცხენე პრეფერენციების მიხედვით.

ზომიერების და კომპრომისის ჩვევები საზოგადოებაში გამომუშავდა, კაპიტალსა და მშრომელებს შორის ბრძოლის შედეგად – ეს ბრძოლები ძირითადად მიმდინარეობდა სამრეწველო სივრცეებში. ნაადრევი დე-ინდუსტრიალიზაციის პირობებში, განვითარებად ქვეყნებს მოუწევთ, დღემდე უცნობი და სავარაუდოდ უფრო ოღროჩოღრო გზის გავლა, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის მიმართულებით.

მოამზადა ტატო ხუნდაძემ

Share