Home » ფინანსები » დემურ გიორხელიძე – ნელ-ნელა ჩვენ მივალთ 4 ლარამდე

დემურ გიორხელიძე – ნელ-ნელა ჩვენ მივალთ 4 ლარამდე

„მე ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ 3-ს გადააჭარბებდა დოლარის ღირებულება. ახლა ვამბობ, რომ 4 ლარი სრულიად რეალურია და ნელ-ნელა ჩვენ მივალთ 4 ლარამდე“, – ასე აფასებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტენდენციას.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ლარის გაუფასურება ქართული ეკონომიკის ფუნდამენტურ პრობლემებზეა დამოკიდებული, რომელთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ხელისუფლების მიდგომები არ იცვლება.

„ლარის გაუფასურება იმ ფუნდამენტალურ პრობლემებზეა დამოკიდებული, რომელთაც ხელისუფლება, არც ეროვნული ბანკი და არც მთავრობა არ აღიარებს. ეროვნული ბანკი სპონტანური ჩარევებით ცდილობს რაღაცნაირად დაიკავოს ინფლაცია, მაგრამ არ გამოსდის, მაგალითად მან ცოტა ხნის წინ გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.

საქმე ისაა, რომ იმპორტზე ჩამოკიდებულ ქვეყანაში, მცირე საექსპორტო პოტენციალის გამო, არ არის ვალუტის შესაბამისი ნაკადები. ამასთან ტურიზმზე აგებულ ქვეყანაში, როცა ტურისტების შემოდინება შეწყდა, არასაკმარისი თანხები შემოდის. ბუნებრივია, ეს იწვევს დოლარის გაძვირებას, მოსახლეობის შემოსავლების შემცირების გამო, მაგრამ მოთხოვნა რჩება და დაფარვა არ არის. ინტერვენციები ამას არ უშველის, თუ საერთო პოლიტიკა არ იქნა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ამოქმედებისკენ, დასაქმებისკენ მიმართული, რადგან ამ პოლიტიკის ფარგლებში ფული სულ უფრო ძვირდება, ამიტომ ვერანაირი სტიმულირება ვერ მოხდება“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მისი პოზიციით, ტურიზმის სფეროზე ქვეყნის ეკონომიკის მიბმა და ამ მიმართულებით სერიოზული იმედების ქონა ამაოა, ქვეყანაში მთავარი ადგილობრივი წარმოება და დასაქმების ხელშეწყობა უნდა იყოს.

„თუ პოლიტიკა არ შეიცვლება, არაფერი არ მოხდება. როდესაც უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური შეცდომების გამო ეკონომიკა ასეთ დღეშია, ტურიზმზე ეკონომიკის მიბმა არის ტყუილი, ამ დროს მიტოვებულია ყველა გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე სოფლის მეურნეობა, რომელიც სტრატეგიულ პროდუქტს იძლევა. წელსაც ათასობით ჰექტარი დაუმუშავებელი დარჩება, იმიტომ, რომ არაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანმა იშრომოს.

დაიმახსოვრეთ, წელს ისევ დაუმუშავებელი დარჩება მრავალი ათასი ჰექტარი. ვაშლსა და მწვანილს ისევ საზღვარგარეთიდან ვიყიდით, რადგან ეს კლანების ინტერესშია და მათ არ სჭირდებათ, რომ საქართველოში რაიმე შეიცვალოს“, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

PIA.GE

Share