Home » ფინანსები » დემურ გიორხელძე – ეროვნული ბანკი არ ასრულებს იმ მოვალეობას, რაც კანონმდებლობით ეკისრება
დემურ გიორხელძე - ეროვნული ბანკი არ ასრულებს იმ მოვალეობას, რაც კანონმდებლობით ეკისრება

დემურ გიორხელძე – ეროვნული ბანკი არ ასრულებს იმ მოვალეობას, რაც კანონმდებლობით ეკისრება

როცა მთავრობა აცხადებს, რომ მისი მიზანი არის ეკონომიკური ზრდა და ლარის გამყარება ახარებს, ეს ნონსენსია”

2015 წელს პარლამენტმა კანონპროექტებში ცვლილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეროვნულ ბანკს საფინანსო სექტორის ზედამხედველობა გამოეყოფოდა და დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთან გადავიდოდა. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ბანკს ფინანსურ სექტორზე, კონკრეტულად კომერციულ ბანკებზე, კონტროლის ფუნქციას უბრუნდება. საინტერესოა, რატომ გახდა ეს თემა აქტუალური დღეს? აღნიშნულ საკითხებზე და სხვა აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე ეკონომისტი დემურ გიორხელიძე საუბრობს.

– როგორ ფიქრობთ, რა რეალური საფუძველი გააჩნდა პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის შესახებ? ეს გადაწყვეტილება იყო ეკონომიკური თუ პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე?

– სამწუხაროდ, შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ჩვენ ქვეყანაში რაიმე გადაწყვეტილების მიღება ეკონომიკური ან ფინანსური ფაქტორებიდან გამომდინარეობს. ძირითადად, ეს ინტერესთა ჯგუფების გავლენებია.

სიმართლე გითხრათ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ფინანსური ინსტიტუტების “დიზაინს”. ეს პოლიტიკური ხედვის, პოლიტიკური გემოვნების საკითხია. პროფესიული დონის, თუ როგორ გესმის, რა კონფიგურაციების მქონე ფინანსური ინსტიტუტებით შეიძლება დასახული მიზნების მიღწევა. ასე რომ, სად იქნება საბანკო ზედამხედველობა, ეროვნული ბანკის სტრუქტურაში თუ მის გარეთ, ფინანსური თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ცალკე საკითხია ზოგადად, ეროვნული ბანკის დღევანდელი სახე. ეროვნული ბანკი ჩანასახოვან ფორმაში საერთო ძალიან სუსტი მაკროეკონომიკური პოლიტიკის არსებობის გამო იქცა ორი-სამი კომერციული ბანკის სერვის-სამსახურად და კვლავ ვერ ხდება ის ორგანო, რომელიც კანონით მინიჭებული ინსტრუმენტებით ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.

ეროვნული ბანკის დღევანდელი მოღვაწეობა არაფრით განსხვავდება წინა მმართველობის პერიოდში არსებული საქმიანობისგან. შეიცვალა ერთადერთი ადამიანი, გადაწყვეტილებას კი იგივე კადრები იღებენ. ხორციელდება იგივე პოლიტიკა. ეროვნული ბანკი არ ითავსებს დაკისრებულ მოვალეობას და არ არის კომერციული ბანკების რეგულატორი. ეს არის პირველი შემთხვევა ევროპისა და აზიის მასშტაბით, როდესაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო სექტორი მთლიანად გადასცემოდა კერძო ინტერესთა ჯგუფებს, საკუთარი ინტერესების გასატარებლად.

– როგორც ახსენეთ, ეროვნული ბანკში არც მმართველობის პოლიტიკა შეცვლილა და არც კადრები. აქედან გამომდინარე, ხომ არ იქნებოდა უფრო გამართლებული სრულიად ახალი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციონირება?

– იმ სახით, რა სახითაც საფინანსო ზედამხედველობა იქმნებოდა, ბაზარზე ყალიბდებოდა ახალი მონსტრი. მის უფლებამოსილებაში შედიოდა უამრავი ფუნქცია. ვერცერთი განვითრებული ქვეყნის მაგალითს ვერ მოვიყვანთ, სადაც მსგავსი სტრუქტურა არსებობს, ან თუ არსებობს გაამართლა. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა ცალკე უნდა იყოს, ფინანსური ბაზრის ზედამხედველობა ცალკე და ა.შ.

რეალურად კი ვხედავთ დანგრეულ ეკონომიკას, მოჩვენებით ციფრებს, თითქოს დასაქმების მაღალ მაჩვენებელს და ამ დროს მიგრაცია გრძელდება, სიღარიბე იზრდება, შემოსავლები მცირდება.

ლარის გამყარება და ეკონომიკური ზრდა, ეს არის იმ დონის შეუთავსებლობა, რომ საუბარიც კი ზედმეტია. როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ მთავარი მიზანი სწრაფი ეკონომიკური ზრდაა და ამ დროს ლარის გამყარება ახარებს, ეს ნონსენსია. ასევე, გაუგებარია ლარიზაციის პოლიტიკაც, ამას მიღებული შედეგებიც მოწმობს. კარგად ვხედავთ, რომ მოსახლეობა ამ მომსახურებით არ სარგებლობს.

– ფირობთ, რომ ამ ეტაპზე ლარის გაუფასურება უფრო მნიშვნელოვანია?

– ხელოვნურად ნებისმიერი ეკონომიკური მოვლენა საზიანოა. ამ ეტაპზე მთავარი, რაც სხვათა შორის, მთავრობამ სწორად ჩამოაყალიბა, სწრაფი ეკონომიკური ზრდაა. თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა, ეს ცალკე საკითხია, რომელიც დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

მოდით ვისაუბროთ რამ გაამყარა ლარი. როგორც კი ეკონომიკა აღორძინებას დაიწყებს, როგორც კი ინვესტიციები შემოვა. ვერც ერთი ჭკვიანი კაცი ვერ მეტყვის, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევას ცდილობ და ლარის გამყარებით ამაყობ – მართებულია.

პირადად მე ვერცერთ ფუნდამენტურ ფაქტორს ვერ ვხედავ, რასაც ლარის გამყარება შეეძლო. ამბობენ ლარიზაციის პოლიტიკამ გაამყარო – ეს ჩემთვის სასაცილოა. ლარი უნდა გამყარდეს ფაქტორთა ერთობლიობის ფონზე, არსებობს საგარეო ფაქტორები, რომლებიც ამ ეტაპზე ნამდვილად არ უწყობს გამყარებას ხელს და არსებობს საშინაო, ფაქტორები, რომლებიც, ასევე, არ უწყობს ხელს.

ზოგადად, საზოგადოებაში ლარის გამყარება პრიორიტეტად რატომაა მიჩნეული ჩემთვის გაუგებარია. სხვა საკითხია ლარის სტაბილურობა. ჩვენი ეროვნული ვალუტა მუდმივად ერთი დონეზე ვერ იქნება, იგი რყევებს განიცდის. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური გუნდის მთავარი მიზანი ამ რყევების ამპლიტუდის მინიმუმადე დაყვანა უნდა იყოს. ქვეყნაში უნდა შეიქმნას მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს უფრო მეტად ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლებათ სიტუაციის სწორად შეფასება. იმ პირობებში, როდესაც დღის დასაწყისსა და დასასრულს ლარის გაცვლითი კურსის სხვაობა დოლართან მიმართებაში 10 თეთრია, ეს შეუძლებელია.

შესაბამისად, რამ გაამყარა ლარი? ისევ და ისევ კურსის დადგენის იმ მახინჯმა მეთოდმა. რასაც სებ-ი აკეთებს ეს არის დაუშვებელი, თუმცა ეს მხოლოდ ეროვნული ბანკის ბრალი არ არის. ქვეყანაში არაა საერთო პოლიტიკა, არაა გამოკვეთილი საერთო მიზნები, რაც პარლამენტის ბრალია. საქართველოში, საპარლამენტო ქვეყანაში, პარლამენტარებს თითქოს დაავიწყდათ თავიანთი ფუნქციები. სწორედ პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონმდებლობის ბრალია, რომ ეროვნული ბანკი აკეთებს ყველაფერს, რაც მოუნდება, ლობირებს კომერციულ ბანკებს, უშვებს არაპროფილური აქტივების ფლობას და არ იმჩნევს თავის მიერ დაწესებული რეგულაციებზე გვერდის ავლას.

– რა შეიძლება მოვუხერხოთ კონსტიტუციით განსაზღვრულ დამოუკიდებელ ორგანოს, ეროვნულ ბანკს, რომელიც ბევრის აზრით, მათ შორის თქვენიც, არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს?

– ასე პირდაპირ არაფრის გაკეთება არ შეიძლება. მაკროეკონომიკური პოლიტიკის ერთ ნაწილს, მონეტარულ პოლიტიკას, ახორციელებს ეროვნული ბანკი. სახეზეა ის არასწორი, მეტიც, დამანგრეველი პოლიტიკა, რომლიც ქმნის ქვეყანაში უმძიმეს სოციალური ფონს.

პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, თუ ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, არსებობს სცენარი, არსებობს მსოფლიო გამოცდილება, არსებობს თანამედროვე მონეტარული პოლიტიკა, რომელიც საკმაოდ რთული და ღრმაა, თუმცა დანერგვა შესაძლებელია. ყველა უფლება და მოვალეობა, რაც ეროვნულ ბანკს აკისრია, გასაწერია უმკაცრეს ჩარჩოებში.

– ჩვენ პოლიტიკოსებისგან ყოველდღიურად, ტრაფარეტულად გვესმის, რომ უნდათ სიტუაციის გამოსწორება, მუშაობენ მაგალითად, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. რა ფაქტორები უშლის ხელს, ერთი შეხედვით მონდომებულ მთავრობას, გამოასწოროს სიტუაცია?

– პასუხი მეტად მტკივნეული და არასასიამოვნო მოსასმენია. ჩემი აზრით, ეს არის პროფესიული დონე და ცოდნის დეფიციტი. დილეტანტიზმი, რომლის ადგილიც ხელისუფლებაში არაა.

გიორგი არაბული

Share